Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დროებითი ადმინისტრაცია” სეპარატისტული მთავრობების საპირწონედ


საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დე ფაქტო არსებულ თვითაღიარებულ მთავრობებს საქართველოს ხელისუფლება მალე ”დროებით ადმინისტრაციებს” დაუპირისპირებს.

ამას ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე 26 მარტს გააჟღერა. დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები, სააკაშვილის თქმით, იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გადაინაწილებენ სამშვიდობო ოპერაციების ტვირთს. ამ იდეას, რომლის დეტალები ჯერ მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრებისთვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება. გამონაკლისია სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლება, სადაც თბილისის ყოველი ახალი ინიციატივა ჩანასახშივე კრიტიკის საგანი ხდება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით, ქურთაში მოქმედი ალტერნატიული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. უფრო ადრე, 15 მარტს, თავის საანგარიშო მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს დიმიტრი სანაკოევის მოძრაობასთან, როგორც ედუარდ კოკოითის სეპარატისტული მთავრობის რეალურ ალტერნატიულ ძალასთან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მგონი, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ იმის შესახებ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ოფიციალური ურთიერთობა და მოლაპარაკება სანაკოევის მოძრაობასთან და ჩვენ ამას, თქვენი ნებართვით, უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ.”

უახლოესი პერიოდი მარტის ბოლოს დადგა. საქართველოს პრეზიდენტის 26 მარტის ინციატივა ითვალისწინებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიქმნას დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელება უნდა დაეკისროს. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”იწყება კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის. ამიტომ ამ ეკონომიკურ რეაბილიტაციას სჭირდება შემსრულებლები, ამ შემსრულებლებს სჭირდებათ ადმინისტრირება. აი, ამ ადმინისტრირების მექანიზმის შემოტანაზეა საუბარი.”

პრეზიდენტის ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულების საკანონმდებლო პროექტი მათ ჯერ არ უნახავთ. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ რადიო ”თავისუფლებას” თავისი შეხედულება გაუზიარა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”თუ მეც და ჩემი კოლეგებიც დავინახავთ, რომ ეს მართლაც დაეხმარება ამ პრობლემის გადაჭრას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და მნიშვნელობა არა აქვს ეს პრეზიდენტის ინიციატივაა თუ ოპოზიციის.”

დეპუტატი ლიახვის ხეობიდან გურამ ვახტანგაშვილი ადასტურებს, რომ დიმიტრი სანაკოევის მთავრობა გარკვეული ნდობით უკვე სარგებლობს როგორც ოსურ, ისე ქართულ თემში. თუმცა ხელისუფლებას სთხოვს, რომ დროებითი ადმინისტრაციის სტატუსის განსაზღვრისას ადგილობრივი მოსახლეობის აზრიც გაითვალისწინოს.

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა] ”კონსტიტუციაში ახლა არავითარი ოლქი და რესპუბლიკა არ არის და ესენი თუ ახლა საკონსტიტუციო ცვლილებას[აპირებენ] და რაღაცა, იქ ადგილობრივ მოსახლოებას უნდა შეეკითხონ.” [სტილი დაცულია]

სეპარატისტული ცხინვალის ხელისუფლება დროებითი ადმინისტრაციის შექმნას დროის ფუჭად დაკარგვას უწოდებს და არ აპირებს დიმიტრი სანაკოევის მთავრობასთან მოლაპარაკებას. სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ კი გასულ კვირაში მოსკოვში განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალით შეეწინაღმდეგება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების ამოქმედებას კოდორის ხეობაში. თუმცა თბილისი აღებული კურსიდან გადახვევას არ აპირებს. 27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ”თვალი გაუსწორონ ახალ რეალობას, რადგან ამის გარეშე მშვიდობის დამყარება შეუძლებელია,” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG