Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ოლქის სამომავლო სტატუსი: კონტროლირებადი დამოუკიდებლობა


გაეროს საგანგებო წარგზავნილმა მარტი აჰტისაარიმ

ჯერ კიდევ სერბიის შემადგენლობაში მყოფი სეპარატისტული ოლქის - კოსოვოს - კონტროლირებად დამოუკიდებლობას გაუწია რეკომენდაცია გაეროს უშიშროების საბჭოსადმი თავის ანგარიშში. ამ ანგარიშს ახლდა გაეროს გენერალური მდივნისადმი აჰტისაარის წერილიც, სადაც ის დამატებით განმარტავდა თავისი წინადადების არსს. ამ წინადადებას ემხრობა გაერო, მას მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა, ნატომ, ასე რომ, აქვს საუკეთესო შანსი მიღებული იქნეს. აქვე გეტყვით, რომ უშიშროების საბჭო აპრილში აპირებს მის განხილვას და შემდეგ უკვე რეზოლუციის სახით დამტკიცებას.
თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ, თუ რატომ უშვებს საერთაშორისო თანამეგობრობა რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში მყოფი ამა თუ იმ ერთეულის დამოუკიდებლობას. როგორც ჩვენი “რადიოს” სამხრეთსლავური სამსახურის კოსოვოს განყოფილების ხელმძღვანელი მელაზიმ კოცი ამბობს, კოსოვოს ოლქს კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული უფლება, გამოჰყოფოდა არა მხოლოდ სერბიას, არამედ იუგოსლავიასაც.

(კოცის ხმა)
“იუგოსლავიის 1974 წლის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო ფედერალური სუბიექტი იყო, ხორვატიის, ბოსნიის, მაკედონიის, ჩერნოგორიის მსგავსად. 1989 წელს, მილოშევიჩის არმიის იქ შესვლის შემდეგ, მე კარგად მახსოვს ის დღე, კოსოვოს პარლამენტს გარს შემოერტყა არმია, რომელმაც, ფედერალური კანონის საპირისპიროდ, ძალის საშუალებით, ფედერალურ სუბიექტს ეს უფლება წაართვა.”

ამ მოვლენის შემდეგ, რომელზეც ჩვენი კოლეგა ლაპარაკობს, კოსოვოში იყო ომი და ძალადობა, დაიწყო ეთნიკური წმენდა. და ასე გრძელდებოდა, სანამ არ ჩაერია ნატო, რომლის სამხედრო ავიაციამ სერბიის ქალაქები დაბომბა. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდა სერბიის არმიის მოქმედება კოსოვოში. 1999 წელს კი ოლქს გაეროს ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში. იქ განთავსებულია საერთაშორისო ჯარი, 16 ათასი სამხედრო. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი აჰტისაარი სერბულ მხარესა და კოსოვოელი ალბანელების წარმომადგენელთან მოლაპარაკებას მართავდა, მაგრამ მათ შორის გარიგების მიღწევა არ აღმოჩნდა იოლი საქმე.

ახლა აჰტისაარი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ოლქის დამოუკიდებლობა დასაწყისში საერთაშორისო ძალების მიერ უნდა იქნეს კონტროლირებული და დაცული. აჰტისაარი თავის ანგარიშში წერს, რომ დამოუკიდებლობა ერთადერთი შესაძლებლობაა ოლქის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისათვის.
აჰტისაარის წინადადებაში ასევე წერია, რომ კოსოვოს ოლქს თავიდან შეზღუდული ექნება შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესი ამოცანები შეასრულოს, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობა იქ აღჭურვილი იქნება ფართო უფლებამოსილებებით, რომლებიც ზუსტადაა აღწერილი.
უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს რუსეთს, ქვეყანას, რომელიც, ერთი მხრივ, ვერ ეგუება სეპარატიზმს და, ამდენად, არ არის მომხრე კოსოვოს დამოუკიდებლობისა, აცხადებს რა, რომ მისთვის ამოსავალია სერბიის პოზიცია, მეორე მხრივ კი, თავისი ტერიტორიის გარეთ მხარს უჭერს სეპარატისტულ მთავრობებს. მე ჩვენი სტუდიის სტუმარს, მელაზიმ კოცის, ვკითხე, როგორია მისი აზრი რუსეთის პოზიციის თაობაზე. ის არ იზიარებს, რასაც რუსეთში აცხადებენ, კერძოდ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა სხვებისთვის შეიძლება პრცედენტი გახდეს.

(კოცის ხმა)
“ეს არ არის პრეცედენტი და სამ მომენტს გამოვყოფდი, თუ რატომ. პირველი ის არის, რაც უკვე ვთქვი, რომ კოსოვო ფედერალური სუბიექტი იყო, როგორც ხორვატია, სლოვენია, ბოსნია. მეორე, იქ ნატოს ჯარი შევიდა 1999 წელს და, მესამე, 8 წელიწადია კოსოვოში ძლიერად არის წარმოდგენილი საერთაშორისო თანამეგობრობა, სამხედრო და სამოქალაქო ძალების სახით. იქ 16 ათასი ნატოელი ჯარისკაცი და გაეროს ძლიერი სამოქალაქო ადმინისტრაციაა. ეს ყველაფერი კოსოვოს შემთხვევას უნიკალურს, განსაკუთრებულს ხდის.”

ჩვენი კოსოვოელი კოლეგა ფიქრობს, რომ რუსეთი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, რადგან ამით ის დაკარგავს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს იქაურ ვითარებაზე, რუსეთს კი სურს იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე, ვეტოთი კი ვერაფერს მოიგებს. მელაზიმ კოცი იმ შემთხვევაზე ლაპარაკობს, თუკი რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოიყენა ვეტოს უფლება.

(კოცის ხმა)
“რუსეთმა რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება, კოსოვოელები ცალმხრივი აღიარების მოთხოვნით მიმართავენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ქვეყნებს და სხვებს. ეს შესაძლებელია, რუსეთის ვეტო არ არის დასასრული.”

გაეროს წარგზავნილი მარტი აჰტისაარი თავის წინადადებაში ასახელებს ასევე უმცირესობათა დაცვის საკითხს, დეცენტრალიზებას და სამართლებრივ სახელმწიფოს. საერთაშორისო ზედამხედველობა მაშინ დასრულდება, აჰტისაარის თანახმად, როცა კოსოვო განახორციელებს ამ ანგარიშით გათვალისწინებულ ზომებს. სერბებს ექნებათ ყველა ის უფლება, რაც უმრავლესობას, მათ რაღაც ფართო ავტონომიის მსგავსი მიენიჭებათ. მელაზიმ კოცი, აჰტისაარის წინადადების თანახმად, ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე ლაპარაკობს:

(კოცის ხმა)
“თუკი ეს გეგმა გაერომ დაამტკიცა, კოსოვოში მოქმედებას დაიწყებს ევროკავშირის ახალი მისია. ახლა იქ გაეროა, რომელსაც ზურგს ნატო უმაგრებს, შემდეგ კი იქ იქნება ევროკავშირი, რომელსაც ნატო მხარს დაუჭერს. ისინი აჰტისაარის გეგმის განხორცილებას შეუწყობენ ხელს და, სხვათა შორის, უმცირესობათა უფლებების საკითხშიც.”

სერბიის პრეზიდენტმა ბორს ტადიჩმა “მკაფიოდ კრიტიკული აზრი” გამოთქვა კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ. ტადიჩი დარწმუნებულია, რომ დიალოგის შესაძლებლობა კიდევ არის და რომ აჰტისაარის არ ამოუწურავს მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა. კოსოვოს ალბანელმა პრეზიდენტმა ფატმირ სეჯდიუმ თქვა, რომ ეს კოსოვოსთვის ისტორიული დღეა. გაეროს საგანგებო წარგზავნილი მარტი აჰტისაარი წერს, რომ სერბიის შემადგენლობაში კოსოვოს ოლქის დარჩენის შესაძლებლობა გამორიცხულია, რადგან ალბანელებსა და სერბებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია მოწამლულია. აჰტისაარის თანახმად, კოსოვოში სერბიის ძალაუფლების აღდგენა მოსახლეობის აშკარა უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნებოდა.
სამშაბათს გამოცხადდა, რომ კოსოვოში ნატოს ჯარის მეთაურობამ გააძლიერა პატრულირება ოლქში, რათა თავიდან იქნეს აცილებული არეულობა. კოსოვოში ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა როლანდ კატერმა განაცხადა, რომ ნატოს ჯარის ყველა სოფელსა და ქალაქში ყოფნა მოსახლეობას მიანიშნებს, რომ ძალადობის დრო წავიდა. მანვე თქვა, დარწმუნებული ვარ, კოსოვოელების 90 პროცენტს არ სურს ძალადობაო.


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG