Accessibility links

logo-print

რა ფაქტებს ეყრდნობა და რას მოითხოვს ევროსასამართლოში საქართველოს სარჩელი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ


27 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში საქართველოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დეტალები გამოაქვეყნა.

სახელმწიფოთაშორისი განაცხადის მომზადებასა და წარდგენას საფუძვლად დაედო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ათასობით მოქალაქისა და ეროვნებით ქართველის დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. საქართველო სასამართლოში ამ დარღვევების მორალურ და მატერიალურ კომპენსირებას მოითხოვს.

26 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 70 გვერდიანი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარადგინა. მას თან ერთვის 270 გვერდი დოკუმენტური მასალა, 21 ვიდეოკასეტა, რომლებზეც ჩაწერილია დაზარალებულთა ინტერვიუ და 32 ციფრული დისკი, მასმედიის საშუალებებში მოპოვებული აუდიო-ვიდეო ინფორმაციით. ევროპის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს ბესარიონ ბოხაშვილი. მან 27 მარტს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა იმის გამოსაქვეყნებლად,თუ რას ასაჩივრებს საქართველო რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

[ბესარიონ ბოხაშვილის ხმა] ”ეს არის, პირველ რიგში, კოლექტიური გაძევების აკრძალვა - ევროპის კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი. ეს არის პროცედურული გარანტიები, რომლებითაც უნდა სარგებლობდნენ უცხოეთის მოქალაქეები - კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი. სიცოცხლის უფლება - კონვენციის მე-2 მუხლი ...”

ბესარიონ ბოხაშვილმა ევროპული კონვენციის სულ 11 მუხლი ჩამოთვალა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისა და ეროვნებით ქართველების დეპორტაციისას დაარღვია.

საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის პოლიტიკოსების მხრიდან. რუსეთის დუმის ცნობილმა დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მოითხოვა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ორად გაიყო რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები.
რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ეროვნებათა გაერთიანების კონგრესის პრეზიდენტმა ვლადიმირ ხოლმერიკმა ასეთი რამ განაცხადა:

[ვლადიმირ ხომერიკის ხმა] ”რა თქმა უნდა, ეს, სარჩელის შეტანა, ამა თუ იმ სახელმწიფოს უფლებაა. მაგრამ რაც შეეხება სიტუაციას, საერთოდ, მე მინდა აღვნიშნო, რომ მეგობარი სახელმწიფოები, მეზობლები, ასე არ იქცევიან. მიმაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში კონფრონტაციის პერიოდი იყო, მაშინ არასასურველი ქმედებები განხორციელდა, მაგრამ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, როგორც ასეთი, რუსეთში არ ყოფილა.”

სხვაგვარად ფიქრობს კავკასიის პრობლემების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი რუსლან კუტაევი:

[რუსლან კუტაევის ხმა] ”რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების მიმართ - მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ქართული ეროვნების მოქალაქეების მიმართ - რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ხორციელდებოდა დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც გაატარეს სპეცსამსახურებმა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა. თუ დღეს საქართველო ამ მოქმედების ინიცირებას ახდენს იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი აგოს, ეს ძალიან კარგია. და მე ვფიქრობ, რომ ეს ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა სურვილი აღარ გაუჩნდეს არც რუსეთს და არც სხვა სახელმწიფოს დევნა დაუწყოს მოქალაქეებს, ეროვნების მიხედვით.”

როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის რეაქცია, საქართველოს მხარე უკან დახევას არ აპირებს და ევროპის სასამართლოში მატერიალურ და მორალურ კომპენსაციას მოითხოვს. ბესარიონ ბოხაშვილის კომენტარი:

[ბესარიონ ბოხაშვილის ხმა] ”ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება დააკისროს მათ სამართლიანი დაკმაყოფილების განსაზღვრა, რაც მოიცავს მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას იმ პირთა მიმართებაში, რომელთა მიმართაც დადგენილი იქნება უფლებების დარღვევა. ისევე როგორც რუსეთის ფედერაციას შემდგომში მიეთითება - ნუ, ეს სავარაუდოდ - მინისტრთა კომიტეტის მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებ, რომ მომავალში ანალოგიურ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი.”(სტილი დაცულია)

ჩვენი რადიოს დილის გადაცემის სტუმრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს სარჩელის დაკმაყოფილება სავსებით რეალურია - ასეთი პრეცედენტი არაერთია ევროსასამართლოში.
XS
SM
MD
LG