Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს


ევროპის კავშირის მაღალი რანგის დელეგაციამ ცენტრალურ აზიაში შეხვედრები გამართა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთია და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: ცენტრალური აზიიდან ენერგომატარებლების დასავლეთისკენ ექსპორტი და ადამიანის უფლებების დაცვა. ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტს განსაკუთრებული წინსვლა არცერთი მიმართულებით არ მოუტანია.

ცენტრალური აზიის მიმართ ევროკავშირის ახალი სტრატეგია უპირველეს ყოვლისა ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე იქნება კონცენტრირებული, მაგრამ იგი მოიცავს აგრეთვე ფინანსური დახმარების სერიოზულ ზრდას და პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავებას.

დღეისთვის ევროკავშირი მისთვის საჭირო ენერგიის ნახევრის იმპორტს ახორციელებს. ენერგიის გარე წყაროებზე ბლოკის დამოკიდებულება იზრდება და, როგორც ვარაუდობენ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს მიაღწევს. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ კასპიის ზღვის რეგიონს და მიმდებარე ცენტრალურ აზიას ევროკავშირის მოთხოვნილების ერთი მეოთხედის დაკმაყოფილება შეუძლია. მაგრამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ცენტრალურ აზრიას ჯერჯერობით ძალზე ცოტა ყურადღება ექცევა.

გერმანია, კავშირის წევრი უდიდესი სახელმწიფო და მისი მორიგე თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ დადგა ცვლილებების დრო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, როცა ცენტრალური აზიის მიმართ ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკაზე ისაუბრა:

[შტაინმაიერის ხმა] "ეს გახლავთ რეგიონი, ბატონებო და ქალბატონებო, რომელიც - როგორც მე თვითონ დავრწმუნდი - მართალია, რუსეთის მეზობლად და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს, მაგრამ ამ ორი დიდი მეზობლის მხრიდან მონოპოლიზაცია აქ არ სურთ. რეგიონში ბევრი იყურება ევროპისკენ და მოელის, რომ ეროპაც გამოიჩენს ინტერესს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის."

დღეს ასტანაში გამართულ შეხვედრებზე შტაინმაიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ენერგორესურსების სფეროში ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

მოლაპარაკებების დაწყების წინ ამავე თემაზე ისაუბრა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბეტინა ფერერო-ვალდნერმა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა] "ჩვენ ვისაუბრებთ აგრეთვე დერეფნების შესახებ. მე ვთქვი, რომ გვსურს ყაზახეთის დაკავშირება კასპიის ზღვის რეგიონთან, შავი ზღის რეგიონთან, უკრაინასთან და ევროპის კავშირთან. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც მრავალი, მრავალი წლის მანძილზე გვექნება."

ენერგორესურსების სფეროში თანამშრომლობას რაც შეეხება, ეს პირველ რიგში ყაზახეთსა და თურქმენეთს ეხება. მაგრამ ჩრდილში დგომას არც დანარჩენი ქვეყნები აპირებენ.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰამროხონ ზარიპოვმა ასტანაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობისას რეგიონი ერთ მთელად უნდა იქნეს გაგებული.

[ზარიპოვის ხმა] "ჩვენ გვესმის, რომ ცენტრალური აზია მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ როგორც მთელი რეგიონი შეიძლება სერიოზული ინტერესის საგანი გახდეს ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ფორმატით შეხვედრები დაგვეხმარება მომავალში ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებაში, რათა შევაკავშიროთ ცენტრალური აზიის ქვეყნები და გავიდეთ საერთაშორისო არენაზე."

ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ხშირად გაისმის საყვედური, რომ ევროკავშირს გაზი და ნავთობი უფრო აინტერესებს და თვალს ხუჭავს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ასტანაში გამრთულ შეხვედრებზე ადამიანის უფლებებზე იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, რეგიონის ქვეყნებს ამ საკითხისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ ნოროვმა განაცხადა:

[ნორივის ხმა] “ჩვენი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის აგებას თანასწორი უფლებების, ურთიერთპატივსიცემის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, პრაგმატიზმის, მხარეების სასიცოცხლო ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, ამ საკითხში იდეოლოგიის ჩაურევლად”.

ზემოქმედების მეტი ბერკეტი აქვს ევროკავშირს ყაზახეთის მიმართ, რომელიც ცდილობს, ეუთოს თავმჯდომარეობა მოიპოვოს 2009 წელს. ფერერო-ვალდნერმა ასტანაში ვიზიტისას თქვა, რომ დემოკრატიული რეფორმების გატარება მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ყაზახეთის ამ იმედების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG