Accessibility links

არაბთა ლიგის სამიტი რიადში


საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დასრულდა არაბთა ლიგის 2-დღიანი სამიტი.

მის დასკვნით დეკლარაციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმეორეს ისრაელისთვის 2002 წელს შეთავაზებული წინადადება: ეს წინადადება ითვალისწინებს არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზებას იმის სანაცვლოდ, რომ ისრაელი გავა 1967 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეიქმნება პალესტინელთა სახელმწიფო. თუმცა, არაბთა ლიგის ამ წინადადებას არ უკავშირდება სამშვიდობო პროცესში რაიმე გარღვევის იმედი.

ისრაელმა უკვე უარყო არაბთა სამშვიდობო წინადადება, რომელიც რიადის სამიტზე განიხილეს. საქმე ის არის, რომ არაბთა გეგმა ახალს, ფაქტობრივად, არაფერს სთავაზობს ისრაელს, რომელმაც მსგავს გეგმაზე უარი თქვა 5 წლის წინ.

ისრაელისთვის მიუღებელია გეგმის საკვანძო ელემენტები, როგორიცა არის 1967 წლის საზღვრებზე დაბრუნება, ან არაბული აღმოსავლეთ იერუსალიმის მიკუთვნება პალესტინელების სახელმწიფოსთვის.

და მაინც, რიადში სამიტზე შეკრებილი არაბი ლიდერები გეგმას მიიჩნევენ რეალისტურ სამშვიდობო ინიციატივად. მრჩეველი პალესტინელების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მუჰამად დაჰლანი, ასე ასაბუთებს ამ პოზიციას: [დაჰლანის ხმა] “თუ ისრაელი სერიოზულად ეკიდება არაბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას, მაშინ არაბთა სამშვიდობო ინიციატივა რეალისტური წინადადებაა. ის თავდაპირველად საუდის არაბეთის წარმომადგენელთა ინიციატივა იყო, რომელიც არაბთა ლიგამ მიიღო, შემდეგ ბეირუთში წარადგინა და ახლა განმეორებით უნდა იქნეს მხარდაჭერილი. ვფიქრობ, ეს არის შანსი არაბთა ლიგისთვის, აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ამ ინიციატივით და მასზე ისრაელის დაყოლიების მცდელობით”.

არაბულ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა საკითხმა - ძალადობამ ერაყში. როგორც ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ ოთხშაბათს განაცხადა, სამიტის რეზოლუცია მოიცავს ერაყის მთავრობის მოწოდებას ყველა შეიარაღებული ჯგუფისადმი, იარაღი დაყარონ, აგრეთვე მოწოდებას კონსტიტუციის გადასინჯვისაკენ.
[ზებარის ხმა] “რეზოლუცია მოიცავს ტერორიზმის გულწრფელ და ცალსახა დაგმობას, და ერაყის მთავრობასთან უშიშროების საკითხებში არაბული სახელმწიფოებისა და მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობის მხარდაჭერას”.

არაბთა ლიგის სამიტზე იყო ერთი მოულოდნელი განცხადებაც, რომელიც მასპინძელი ქვეყნის ლიდერს ეკუთვნის. საუდის არაბეთის მეფე აბდულამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, აშშ-ის ახლო მოკავშირედ მოიხსენიებენ, უკანონო უწოდა ერაყის ოკუპაციას აშშ-ის მიერ! ესოდენ კრიტიკული განცხადება ვაშინგტონის მიმართ ამ მონარქს აქამდე, საჯაროდ არასდროს გაუკეთებია.

ექსპერტების შეფასებით, საჯარო კრიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საუდის არაბეთი რეგიონში უფრო დამოუკიდებელი და აქტიური სამშვიდობო შუამავლის როლს ირგებს - როლს, რომლისკენაც ის თვით აშშ-მა წააქეზა.

დაბოლოს, არაბთა ლიგის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში საუბარია ატომურ ენერგიაზეც - დეკლარაციაში გამოთქმულია შეშფოთება რეგიონში ატომური იარაღის გავრცელების საფრთხის გამო, თუმცა, აღიარებულია ყოველი ქვეყნის უფლება, მშვიდობიანი მიზნით გამოიყენოს ატომური ენერგია.
XS
SM
MD
LG