Accessibility links

ირანი ბრიტანელი მეზღვაურების განთავისუფლებისთვის პირობებს აყენებს


ირანის მიერ ბრიტანეთის 15 მეზღვაურის დაკავების გამო კრიზისის ახალი ეტაპი დაიწყო მას მერე, რაც ირანმა პრობლემის მოგვარების პირობად მოითხოვა, დაადასტუროს ლონდონმა, რომ მისი გემი ირანის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა.

ირანის მთავრობის ეს პირობა თუ მოთხოვნა გამოაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ. ბრიტანეთმა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა, ირანს მოუწოდონ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მისი მეზღვაურები.

მანამდე ირანის ტელეარხმა აჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც გადაღებულები არიან ბრიტანული ეკიპაჟის წევრები - მათ შორის, ერთადერთი ქალი, ფეი ტერნი. ტერნი ამ ჩანაწერში ამბობს, რომ ისინი ირანის ტერიტორიულ წყლებში “შეიჭრნენ”:

(ტერნის ხმა)
“აშკარაა, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში შევიჭერით. ისინი იყვნენ ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი, კარგი ხალხი. მათ აგვიხსნეს, თუ რატომ დაგვაპატიმრეს. არ გამოუვლენიათ არც აგრესია, არც ტკივილი მოუყენებიათ და არც ზიანი. ისინი ძალიან, ძალიან თანაგრძნობით იყვნენ განწყობილი.”

ბრიტანეთმა უარყო თავიდანვე ირანის ეს პირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მალე არ მოგვარდება. ირანის ტელევიზიამ ეს ფირი არაბულენოვანი სადგურის საშუალებით აჩვენა აშკარად იმ მიზნით, რომ ის რეგიონში ბევრს ენახა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დეს ბრაუნიმ დაგმო ეს აქტი:
(ბრაუნის ხმა)
“ვნახე ეს ფირი. მასზე აშკარად ფეი ტერნი და მისი ამხანაგები არიან და მე მართლა არ ვაპირებ ამ კადრებზე ან იმ ფორმაზე შევჩერდე, თუ როგორ იქნა ის ყველასთვის ნაჩვენები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამგვარად ჩვენი ხალხის გამომზეურება, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია.”

ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა მედიაში ფართო კამპანია გააჩაღეს, რუკებისა და კოორდინატების დემონსტრირების თანხლებით, რათა დაადასტურონ, რომ გემ “კორნვოლს” ირანის ტერიტორიული წყლები არ დაურღვევია. მაგრამ თეირანი ამ აღიარების მოთხოვნით იმას აჩვენებს, რომ ეს სახელმწიფო ღირსებისა და პატივის შელახვაა და არა ტექნიკური ხასიათის პრობლემა.
ბრიტანელი მეზღვაურების დაკავება მოხდა იმ დროს, როცა ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოში თავისი ბირთვული ამბიციების გამო მარცხი განიცადა. ამავე დროს აშშ სპარსეთის ყურეში ატარებს ირანის მიმდებარე, მაგრამ საერთაშორისო წყლებში 2003 წლის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო მანევრებს, რომელიც დღეს დასრულდა.
და კიდევ ერთი: დღესვე გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს საუდის არაბეთში, არაბთა ლიგის სამიტზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG