Accessibility links

logo-print

ორად გაყოფილი და ხელფასგანახევრებული ქართული კონტინგენტი კოსოვოში


29 მარტს თბილისის აეროდრომიდან, რომელსაც რატომღაც კვლავ ახალი ალექსეევკისა ეწოდება, კოსოვოში მორიგი ქართული ქვედანაყოფი გაემგზავრა.

საქართველოს სამხედროები ბალკანეთზე მერვე წელია ასრულებენ სამშვიდობო მისიას მრავალეროვნული კონტინგენტის შემადგენლობაში. მაგრამ სამშვიდობო საქმიანობის ინტენსივობა კოსოვოში წინა წლებთან შედარებით კლებულობს, რაც ბალკანეთში მყოფი 170 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სტატუსზეც აისახა. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც მიიჩნია, რომ ერაყთან შედარებით კოსოვო ”იოლი გასეირნებაა”, გასულ წელს ქართული ქვედანაყოფის მებრძოლებს ხელფასი გაუნახევრა. მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ ქართული სამხედრო მისიის შესახებ კოსოვოში.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე ქართულ ასეულს კოსოვოში 2001 წელს ხელმძღვანელობდა. ქვედანაყოფის განლაგების ადგილი იყო ეთნიკური თურქებით დასახლებული სოფელი მამუში. თავად კონტინგენტი კი, მრავალეროვნული სარდლობის გადაწყვეტილებით, თურქული ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა და ქართველი ჯარისკაცების ტრანსპორტირების, კვებისა და ყოფაცხოვრების ხარჯებს თურქეთის მხარე ანაზღაურებდა. მაიორ გიორგი ბლიაძის თქმით, დღევანდელისგან განსხვავებით, ვითარება მაშინ კოსოვოში საკმაოდ დაძაბული იყო და ქართველი მშვიდობისდამცველები ნატოს ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად ყველა სამხედრო დავალებაში თანაბრად მონაწილეობდნენ:

[გიორგი ბლიაძის ხმა] ”ჩვენი ქვედანაყოფის ამოცანა იყო 5 სოფლისგან შემდგარ ზონაში პატრულირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მანქანებისა და პერსონალის შემოწმება და, შესაბამისად, მთლიანად ამ ზონის დაცვა და ჩვენი ბაზირების ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”(სტილი დაცულია)

2002 წლიდან ქართული სამშვიდობო ბატალიონის რიცხვი კოსოვოში გაორმაგდა და 150-ს მიაღწია. თუმცა შეიცვალა დაქვემდებარება და ქართული ქვედანაყოფი კმაყოფაზე ქალაქ პრეზერნში მდებარე გერმანულმა ბრიგადამ აიყვანა. ამ ქვედანაყოფის პირველმა მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მელითაურმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ გერმანულ ქვედანაყოფთან ერთად ქართველმა სამხედროებმა საკმაოდ კარგი გამოცდილება შეიძინეს:

[გიორგი მელითაურის ხმა] ”რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, ეს იყო, პირველ რიგში, სწავლება თბილისში. კონტინგენტის მომზადება ამ მისიისთვის, შემდეგ უკვე მომზადება გერმანიაში გერმანულ შეიარაღებაზე, ტაქტიკურ ილეთებზე. და, რა თქმა უნდა, კოსოვოში მისიისას ტარდებოდა დამატებითი მეცადინეობები. და პირადი შემადგენლობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ნატოს ჯარები და ურთიერთობა სხვა ერის წარმომადგენელ სამხედროებთან.”(სტილი დაცულია)

კოსოვოში სწორედ გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში იმსახურებს ის 150 მოსამსახურე მესამე ქვეითი ბრიგადიდან, რომელიც 29 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების შვეულმფრენთა საჰაერო ბაზის ტერიტორიიდან გაემგზავრა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. თუმცა კოსოვოში გამგზავრებამდე გერმანიაში, ქალაქ ჰამელბურგის სამხედრო სასწავლო ცენტრში, გაივლიან დამატებით მომზადებას. ქართველი სამხედროების ფსიქოლოგიური მზადყოფნა საბრძოლო მისიის შესრულების წინ, ტრადიციულად, მაღალია.

[სამხედრო მოსამსახურის ხმა] ”მშვენიერი განწყობით ვართ და მიხარია, რომ საქართველოდან მივდივარ და საქართველოსთვის მივდივარ.”

საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილე ქართველი მშვიდობისდამცველების მოტივაციაზე მაღალი ანაზღაურებაც ახდენდა სასიკეთო გავლენას. ოფიცერი კოსოვოში თვეში 1200 დოლარს იღებდა, კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცი და სერჟანტი კი ორჯერ ნაკლებს. მაგრამ შარშან საქართველოს ხელისუფლებამ მათი ანაზღაურება გაანახევრა, რადგან ჩაითვალა, რომ ბალკანეთი უკვე აღარ წარმოადგენს ისეთივე ”ცხელ წერტილს”, როგორიც ერაყი ან ავღანეთია, სადაც ასევე აპირებენ წლის ბოლომდე ქართველი მშვიდობისდამცველების გაგზავნას.
XS
SM
MD
LG