Accessibility links

logo-print

რა შედეგებით დასრულდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი


30 მარტს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ლექცია წაიკითხა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა. მანამდე მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან. შეხვედრების მთავარი თემა კი იყო საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, კერძოდ, ნატოში გაწევრიანებისთვის ”ინტენსიური დიალოგის” პროცესი და ”ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის” მიმდინარეობა.

”ნატოს” გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონსს 29 მარტს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დაახლოებით 40 წუთიანი დიალოგის დროს ყურადღება, უმთავრესად, 2008 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებს მიექცა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრირების გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებს რობერტ სიმონსი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეეხო.

[რობერტ სიმონსის ხმა] ”მე ყოველთვის მიხარია საქართველოში ჩამოსვლა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ჩვენ ჩართულნი ვართ გაწევრიანების საკითხებზე ”ინტენსიური დიალოგის” პროცესში. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ მუშაობას ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე. ასე რომ, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ორივე ფორმატით წარმატებით ვითარდება. ჩვენ დავსახეთ რთული მიზნები და ვფიქრობ, საქართველო იღვწის იმისთვის, რომ შეასრულოს ეს მიზნები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.”

თუმცა ჯერჯერობით ნატოსთან ”ინტენსიური დიალოგი” გაცნობით სტადიაზეა. ერთი ასეთი გაცნობითი შეხვედრა გასულ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. დიალოგი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და დისკუსია გაიმართა პოლიტიკურ საკითხებზე. სულ ასეთი შეხვედრების 3 რაუნდი ჩატარდა და, რობერტ სიმონსის განცხადებით, ყველა ეს შეხვედრა დადებითად წარიმართა. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ მიღწეული პროგრესი კარგია.
ნიშნავს თუ არა ეს და, ამასთან, აშშ-ის მთავრობის ფინანსური დახმარება ნატოში საქართველოს დაჩქარებული ტემპით გაწევრიანებას? რომერტ სიმონსის კომენტარი:

[რობერტ სიმონსის ხმა] ”თავად ის ფაქტი, რომ ნატომ საქართველოს მიანიჭა ”ინტენსიური დიალოგი”, მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსი აღიარებს ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მსგავსი საკანონმდებლო აქტები ინტეგრაციის წინა რაუნდების მიმდინარეობის დროსაც მიიღო. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის გაკეთების ტექნიკური მიზეზი აქვს, რადგან ეს მას გარკვეული დახმარების გაწევის უფლებამოსილებას ანიჭებს. ის მხარს უჭერს ამ პროცესს. ამ პროცესს აღიარებს ნატოც. მაგრამ ეს არის პროცესი და ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება იგი. ეს არის პროცესი და ის აღიარებულია კონგრესის მიერ და ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს.”

მისივე თქმით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე 16 მაისს ბრიუსელში 26+1 ფორმატის მორიგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მასზე ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობას მიმოიხილავენ. ალიანსის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს განუმარტავენ, თუ რა მოთხოვნები გააჩნიათ, ხოლო ოფიციალურ თბილისს საშუალება ექნება თავისი წინადადებები წარადგინოს.


XS
SM
MD
LG