Accessibility links

logo-print

ბენიტა ფერერო-ვალდნერს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ახალი ენერგიის შთაბერვა სურს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორდღიანი მოლაპარაკების გასამართად შეიკრიბნენ გერმანიის ქალაქ ბრემენში.

ერთ-ერთი თემა, რომელიც შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, და მისი გაძლიერებაა. ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ბენიტა ფერერო ვალდნერმა, ხუთშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ აპირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართოს თხოვნით, აღმოსავლელი მეზობლებისთვის სავიზო რეჟიმის გაადვილების, და ევროკავშირის ბაზარზე ამ ქვეყნების პრიგილეგირებული დაშვების თაობაზე. სალომე ასათიანს მოუსმინეთ:

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლების საქმეში ევროკომისია ორი მთავარ ასპექტს გამოყოფს - სავიზო რეჯიმის გამარტივებას, და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ეს პოლიტიკა 2004 წელს შეიმუშავეს, გაფართოებული ევროკავშირის ახალ მეზობლებთან ეკონომიკური ინტეგრაციის, და კარგი ურთიერთობის განმტკიცების მიზნით. ახლა კი ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ბენიტა ფერერო ვალდნერს, სურს სამეზობლო პოლიტიკას ახალი იმპულსები შესძინოს. ფერერო ვალდნერი აპირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართოს თხოვნით, დააჩქარონ ბლოკის აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, და ამ ქვეყნების ნაწარმს თავიანთი ბაზრები გაუხსნან.

ევროკომისარი ამ იდეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 30 და 31 მარტს, გერმანიის ქალაქ ბრემენში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე გააცნობს. ამ გეგმებზე ივნისში, ევროკავშირის სამიტზეც იმსჯელებენ.

ხუთშაბათს, ბრიუსელში მყოფმა ფერერო-ვალდნერმა აღიარა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ამ წინადადებებზე უპრობლემოდ დათანხმება მოსალოდნელი არ არის. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება კი სწორედ წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

მაგრამ, ფერერო-ვალდნერი თვლის, რომ თუ ევროკავშირი მეზობლებს კარს არ გაუხსნის, ბლოკი ვერ შესძლებს მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებას:

[ფერერო-ვალდნერის ხმა]: ”ჩვენს პარტნიორებთან უშუალო კონტაქტების დამყარება, მე ვიტყოდი, წარმოადგენს ლაკმუსის ქაღალდს სამეზობლო პოლიტიკისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს ჩვენთან ურთიერთობა გავუადვილოთ. როგორ იგრძნობენ ისინი თავს ჩვენთან ”დაახლოებულად”, თუკი დისტანციას შევინარჩუნებთ რთული, და ზოგჯერ ძალიან ძვირადღირებული სავიზო პროცედურებით?”

საქართველო, უკრაინასთან ერთად, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სავიზო რეჟიმის გაიოლებაზე ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას უკვე ახლა ელის. მოგეხსენებათ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამ ორივე ქვეყანას ეხება. ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე გამართა რუსეთმა.

სავიზო რეჟიმის გამარტივების გარდა, კიდევ ერთი ასპექტი, რომლითაც ფერერო ვალდნერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისთვის ახალი ენერგიის შთაბერვა სურს, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა]: ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერებას საფუძვლად, რასაკვირველია, უდევს ევროკავშირის შიდა ბაზრებზე დაშვების გამარტივება. ჩვენი გრძელვადიანი ხედვა ითვალისწინებს ”ეკონომიკური სამეზობლო ერთობის” ფორმირებას”.

ფერერო-ვალდნერის ხედვით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ბოლოს თავისუფალ სავაჭრო ზონად ჩამოყალიბდება. ამ ეტაპზე კი, მისი აზრით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონცენტრაცია უნდა მოახდინონ ბარიერების გაუქმებაზე ისეთი სახის პროდუქციისთვის, რომელიც ბლოკის მეზობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროკომისიის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერების მიზნით გამოთქმული წინადადებების სისრულეში მოყვანით სარგებელს, უწინარესად, სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ნახავენ - საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი. მათთან ერთად, ეს ინიციატივები შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს.

ფერერო ვალდნერი აპირებს 11 აპრილს საჯაროდ ისაუბროს ამ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ევროკომისარი რუსეთზე და თურქეთზეც გაამახვილებს ყურადღებას - რეგიონის ამ ორ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობას ბრიუსელი ძალიან მნიშვნელოვან საქმედ აღიქვამს.

ამასთან, ფერერო-ვალდნერი ამბობს, რომ კომისიის გეგმები ”უშუალო სამეზობლოს” მიღმაც მიდის - რაც შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ითვალისწინებს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, გერმანია, ამჟამად შუა აზიის მიმართ ბლოკის სტრატეგიაზე მუშაობს. ასეთი სტრატეგია პირველად იქმნება - და, როგორც იუწყებიან, მასში გარკვეული ელემენტები ევროპის სამეზობლო პოლიტიკისგან გადავა. შუა აზიის მიმართ ევროკავშირის ახალი სტრატეგია კავშირის ივნისის სამიტზე უნდა გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG