Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დამოუკიდებლად არსებული სამი ერთეული საბოლოოდ წყვეტს არსებობას.

1 აპრილიდან საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული შემოსავლების ერთიანი სამსახური იწყებს მუშაობას. თუმცა პირველი აქტივობები გაერთიანებული უწყების ეგიდით უკვე განხორციელდა. აქედან უკანასკნელი იყო მიმდინარე კვირას ონლაინ რეჟიმში გამართული დისკუსია, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციისა და კანონმდებლობის საკითხებს შეეხებოდა. ორი საათის განმავლობაში ახალი სამსახურის წარმომადგენლებმა 70-ზე მეტ შეკითხვას უპასუხეს და სცადეს დაერწმუნებინათ ბიზნესმენები, რომ ახალი გამსხვილებული უწყება მათთვისაც პოზიტიური სიახლეა, რომელიც სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებას უფრო სწრაფს და მარტივს გახდის.
ახალი უწყების პირველ ნაბიჯებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად უცხოური კომპანიებიც ინტერესით აკვირდებიან. ოფიციალური სტატისტიკის ინფორმაციით, შარშან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 148 მილიონი დოლარი შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ნუსხას ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ყაზახეთი ლიდერობენ. განხორციელებული ინვესტიციების უდიდესი წილი კი საბანკო, ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ და სამშენებლო სექტორებში მიედინება. ამის შედეგად იცვლება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ამა თუ იმ სექტორის ხვედრითი წილის სიდიდეც. სოფლის მეურნეობა სულ უფრო მეტად კარგავს თავის პოზიციებს, ვინაიდან ამ დარგში ინვესტირების მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. რაც შეეხება ლიდერ დარგებს, ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს ვაჭრობის სექტორს, რომლის წილიც შეუქცევადად იზრდება. მომდევნო პოზიციებს კი კავშირგაბმულობის სფერო და დამამუშავებელი მრეწველობა იკავებენ.

მდგრადად ვითარდება ტრანსპორტის სექტორიც. წლეულს ამ სეგმენტს კიდევ ერთი მსხვილი აქტივი _ თბილისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი უნდა შეემატოს. ტენდერი უკვე დასრულდა და გადაწყდა, რომ გამარჯვებული კომპანია "ტრანსმშენი" ახალი ხაზის გამართვას ფირმა "დელტა-2000"-ს დაუკვეთს. 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის რეალიზება აგვისტომდე უნდა მოხდეს. შემოდგომაზე ახალი სარკინიგზო ხაზი უკვე მწყობრში უნდა იყოს და თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან აეროპორტამდე მსურველთა ტრანსპორტირება 20 წუთში უნდა მოასწროს. მატარებლებმა 40-წუთიანი ინტერვალით უნდა იმოძრაონ და მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, 5 ლარი უნდა იყოს.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის კიდევ ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ნაწილს, საბანკო სექტორს, აქ მიმდინარე კვირას სიახლეები ქვეყნის შიგნითაც ხდებოდა და გარეთაც. დავიწყოთ იმით, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარის ლართან გაცვლითი კურსი ოფიციალიურად 1,7 ნიშნულზე დაადგინა. ეს მორიგი ისტორიული მაქსიმუმია _ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ლარის კურსი ასეთი მყარი არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, `საქართველოს ბანკმა~ კიდევ ერთი აქტივობის ხაზი გაიხსნა: საჯარო რეესტრთან ხელმოწერილი შეთანხმებით, ბანკის ფილიალებში რეესტრის ოფისები გაიხსნება და ყველა ოპერაციის შესრულება ბანკიდან გაუსვლელადვე გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება სისტემის კიდევ ერთ ლიდერს _ "თი-ბი-სი ბანკს", მან კიდევ ერთი აღიარება რეიტინგული წესით მიიღო: ჟურნალმა "გლობალ ფაინანსმა" ზედიზედ მეოთხედ "თი-ბი-სი" საქართველოს საუკეთესო ბანკად აღიარა, ზედიზედ მესამედ კი აზიის 19 წამყვანი ბანკის სიაში მოახვედრა.
საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებიდან კვლავინდებურად აქტუალური აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები იყო. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ნავთობისა და გაზის სააგენტოს გენერალური დირექტორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ჯერჯერობით დეტალები არ ხმაურდება. შესაბამისად, უცნობია, აზერბაიჯანი კვლავაც მოგვაწვდის აირს საკუთარი შიდა მარაგებიდან თუ არა. აქამდე მოქმედ ხელშეკრულებას დღეს გასდის ვადა, მისი გაგრძელების კონკრეტული პირობები კი ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ ბენზინს, საქართველოში მისი შემოტანა უახლოეს ხანებში ძველი მოცულობით აღდგება. თუმცა ამიერიდან იმპორტს არა რამდენიმე ცალკეული დისტრიბუტორი, არამედ ერთი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" - მოახდენს.

კომუნიკაციების სექტორში მიმდინარე კვირა ერთი ხანგრძლივი ომის მორიგი ბრძოლით გამოირჩა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-პროვაიდერ "კაუკაზუს ნეთვორქისა" და "გაერთიანებული ტელეკომის" საქმის განხილვა დაიწყო. "კაუკაზუსი" "ტელეკომს" მომსახურების ტარიფების დაუსაბუთებელ ზრდასა და საბოტაჟში ადანაშაულებს, "ტელეკომს" კი საპასუხო არგუმენტად `კაუკაზუსის~ მოუთოკავი მადა მოჰყავს. ჯერჯერობით, რაც ამ დავის პოზიტიურ შედეგად მოჩანს, ის გახლავთ, რომ `გაერთიანებულმა ტელეკომმა~ უკვე დააანონსა ახალი ინტერნეტ-პროივაიდერის შექმნის გეგმა, რომელიც ბაზარზე `კაუკაზუს ნეთვორქის~ მონოპოლიურ მდგომარეობას მოსპობს და უფრო დაბალი ტარიფებით მოახდენს ოპერირებას. იმავდროულად, `გაერთიანებულმა ტელეკომმა~ კიდევ ერთი გეგმის შესახებ გააკეთა განაცხადი: კომპანია მზად არის, `აჭარის ელექტროკავშირის~ შესაძენად 4 მილიონი დოლარი გაიღოს, რის შესახებაც უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და მოკლე ხანში ამ შეთავაზებაზე სათანადო რეაგირებას ელის.
ეკონომიკის სამინისტრო თავის ტრადიცულ საქმეებთან ერთად მისთვის არატრადიციულ პროექტს ეჭიდება: 15 აპრილიდან დასაქმების ახალი პროგრამა უნდა ამოქმედდეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამინდელი პროექტი, განსხვავებით წინამორბედისგან, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა, რადიკალურად რეფორმირებული და დახვეწილია. რაც შეეხება მის ბიუჯეტს, ის 20 მილიონ ლარს შეადგენს.
დასაქმების პროგრამის პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს არც თავისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ავიწყდება და კვლავაც გამალებულ პრივატიზებას აწარმოებს. ამჯერად გასაყიდად თუ სხვა ფორმით გასასხვისებლად აქტივების მორიგი წყებაა გამოტანილი: აქედან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეალიზაციო ერთეული აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში მდებარე საბაჟო ტერმინალია, რომლის საწყისი ფასიც 1,5 მილიონი დოლარია.
პარალელურად იყიდება უფრო ნაკლებად ღირებული აქტივებიც, რომელთაც საწყისი ფასი, შესაბამისად, გაცილებით ნაკლები აქვთ. მაგალითად, საფეხბურთო კლუბ `ლოკომოტივის~ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული აქციების 25%-იანი პაკეტი, რომლის სასტარტო ფასიც მხოლოდ 4,5 ათასი დოლარია.
თუმცა, შეთავაზების და შინაარის ეგზოტიკურობის თვალსაზრისით, ალბათ, ვერც ერთი აქტივი ვერ შეედრება იმას, რომელიც აჭარაში გამოჩნდა: ეკონომიკის სამინისტრო 25-წლიანი მართვის უფლებით გასცემს აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის, ერთ-ერთ სიამაყეს _ მეთხევეობის ჯიშსაშენს. ზაანური თხების ჯიშსაშენის მართვის უფლების მოსაპოვებლად ვაჭრობა სულ რაღაც 10 ათასი ლარიდან დაიწყება. ახალ პატრონს ამ ეგზოტიკურ აქტივში 500 ათასი ლარის ინვესტირების, პროფილის შენარჩუნების, მეძროხეობისა და რძის წარმოების განვითარების ვალდებულება დაეკისრება. საამისოდ მას გამზადებული შენობა-ნაგებობა და 28 თხა გადაეცემა, რომელთაგანაც, სხვათა შორის, 27 ჯანსაღად მეწველი გახლავთ.
აუქციონი 26 აპრილს არის დანიშნული. ასე რომ, მსურველებს მეთხევეობის ჯიშსაშენის შეთვალიერების, ბიზნეს-გეგმის შემუშავებისა და მეთხევეობის აღორძინების სტრატეგიის დასასახად საკმაოდ დიდი დრო აქვთ.
XS
SM
MD
LG