Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობის დაბომბვის სკანდალში რუსული კვალი გამოიკვეთა


ზემო აფხაზეთის დაბომბვიდან

20 დღის შემდეგაც კი ოთხმხრივი მონიტორინგის ჯგუფი არ ჩქარობს საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს მოკვლევის მასალები, რომლებმაც საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ იბომბებოდა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია 11 მარტის ღამეს. თუმცა მონიტორინგის დასკვნა, როგორც ამბობენ, ”პოლიშინელის საიდუმლოა” და უკვე რუსი სამხედრო ექსპერტებიც ვერ მალავენ, რომ გვიან ღამით საავიაციო რეიდის შესრულება მაღალმთიან კოდორის ხეობაში მხოლოდ რუსეთის კუთვნილ სამხედრო ვერტმფრენებს შეეძლოთ. სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები გასულ კვირაში კვლავ ყრიდნენ ბომბებს წარმოსახული მტრის პოზიციებზე, ოღონდ ამჯერად სეპარატისტების თხოვნით და მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გესაუბრებით რუსულ კვალზე კოდორის ხეობის დაბომბვის სკანდალში.

31 მარტს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სამდღიანი სამხედრო წვრთნები დასრულდა. საქართველოში აფხაზეთში ჩატარებულ სწავლებას დიდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, რომ არ რუსეთის ავიაცია, რომელიც ამ სწავლებებში მონაწილეობას ღებულობდა. აფხაზეთის ტელევიზიას არ დაუმალავს, რომ წვრთნებში მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ამჯერად მეგობრების თხოვნით ბომბავდნენ წარმოსახული მტრის ტერიტორიას აძიუბჟასა და სკურჩას მიდამოებში.
ამ ფაქტმა აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას განუმტკიცა რწმენა, რომ 11 მარტის ღამეს ზემო აფხაზეთის, კოდორის ხეობის, საავიაციო დაბომბვა სწორედ რუსეთის ვერტმფრენებმა განახორციელეს. მიუხედავად ამისა, ლეგიტიმური ხელისუფლების თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ცდილობს ბოლომდე დაიცვას ეტიკეტი და, ოთხმხრივი მონიტორინგის კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევის გაცნობამდე, ფრთხილ კომენტარებს აკეთებს:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ისინი ხეობაში მეორეჯერ ავიდნენ დამატებითი ინფორმაციების მოსაპოვებლად. ველოდებით ახლა მათ დასკვნას, ქაღალდზე დაწერილს, რაც უახლოეს დღეებში იქნება. და მერე ატყდება ერთი განგაში და ერთი ამბავი.”

ხმაური ატყდება თუ არა მონიტორინგის მასალების გაცნობის შემდეგ, ძნელი სათქმელია. მაგრამ ის ფაქტი, რომ 11 მარტს ზემო აფხაზეთის საჰაერო დაბომბვაში სწორედ რუსეთის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენები მონაწილეობდნენ, ეჭვს აღარც რუს ექსპერტებში იწვევს. ცნობილმა რუსმა სამხედრო მიმომხილველმა პაველ ფელჰენჰაუერმა რადიო ”თავისუფლებას” განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც იგი ფიქრობს, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა სწორედ რუსმა პილოტებმა განახორციელეს:

[პაველ ფელჰენჰაუერის ხმა] ”იმიტომ რომ არავის ჰყავს კავკასიაში ღამის ვერტმფრენები, მით უფრო მი-8 ტიპის, რომლებსაც ”გრადის” საარტილერიო დანადგარისთვის ტყვარჩელიდან ცეცხლის კორექტირება შეეძლოთ. ასეთი გამოცდილი ეკიპაჟები გვყავს მხოლოდ ჩვენ. რამდენიმე წლის განმავლობაში, 2001-2002 წლებში, ჩეჩნეთში სწორედ ღამის ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი რამდენიმე მი-8-ები მოქმედებდნენ და, როგორც ამბობენ, მათ კოდორში მიუძღოდა მი-24, რაც ასევე ნორმალურია, რადგან კორექტირების ვერტმფრენს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე ვერტმფრენი ცეცხლით მხარდაჭერისათვის.”

რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მხარეს, მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მასალით, ძალიან გაუჭირდება დაამტკიცოს, რომ კოდორის ხეობას სწორედ ასეთი ვერტმფრენები ბომბავდნენ. მაშინ მოპოვებული უნდა იქნეს რუსი პილოტების აღიარებითი ჩვენება ან უნდა არსებობდეს ჩამოგდებული ვერტმფრენი, როგორც ყველაზე ნაღდი ნივთმტკიცება. თუმცა თავად პაველ ფელჰენჰაუერი, რომელიც რუსი პილოტების მოქმედების კვალს არაერთხელ წასწყდომია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედრო მფრინავები გარკვეული ანაზღაურების ფასად კვლავაც ასრულებდნენ თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების დავალებებს:

[პაველ ფელჰენჰაუერის ხმა] ”დიახ, მე იქ, აფხაზეთში, შევხვედრივარ რუს მფრინავებს, რომლებსაც უთქვამთ, რომ ომის დროს, 1992-93 წლებში, დაფრინავდნენ ქართველების დასაბომბავად. ვარსკვლავებს საღებავს უსვამდნენ და ასე მიფრინავდნენ დასაბომბად. მაგრამ ვინაიდან პირდაპირი მტკიცებულება არ არის, რუსეთი ყველაფერს უარყოფს.”



სწორედ იმიტომ, რომ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, რუსი სამხედროები შემდგომშიც გამოიჩენენ ასეთ ინიციატივებს, რაც, რუსი ექსპერტის პაველ ფელჰენჰაუერის თქმით, სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი მსგავსი პროვოკაციის უკან რუსეთის პოლიტიკური ხელძღვანელობა დგას:

[პაველ ფელჰენჰაუერის ხმა] ”ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილი უფრო დაბალ დონზე. ვთქვათ, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გადაუხადა, რათა აფრენილიყვნენ ეს ვერტმფრენები და მოეხდინათ აფხაზების საარტილერიო დანადგარების ცეცხლის კორექტირება ტყვარჩელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ცეცხლი ასეთი ზუსტი არ იქნებოდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? დნება თოვლი, კიდევ ერთი თვე და მე ველოდები, რომ მოხდება სხვადასხვა სახის პროვოკაციები როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ეს იქნება სწორედ პროვოკაცია, რადგან მოცემულ შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს სურს, რომ მეორე აგრესორად გამოიყურებოდეს.”

რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელჰენჰაუერის ვარაუდით, საქართველოს მხარეს შეეძლო ვერტმფრენების განადგურება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა და, პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები ახდენენ ზეწოლას თბილისზე, რომ არ აჰყვეს პროვოკაციებს, რამაც, შესაძლოა, კვლავ გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია კონფლიქტის ზონებში. სხვათა შორის, გასულ კვირაში საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ღიად განაცხადა, რომ კოდორის დაბომბვის დროს საქართველოს ხელისუფლების რეაქცია იყო გაწონასწორებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG