Accessibility links

logo-print

რატომ ემუქრება ინტერნეტის ქართველ მომხმარებელს ინტერნეტმომსახურების გაძვირება


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს სხდომაზე ორი სატელეკომუნიკაციო კომპანიის დაპირისპირების მიზეზების განხილვას დაუბრუნდება.

”გაერთიანებულ ტელეკომსა” და ”კავკაზუს ნეტვორკს” შორის წარმოქმნილმა დავამ გასული კვირის ბოლოს ინტერნეტის მომხმარებელთა 90 პროცენტი ინტერნეტის გათიშვის საფრთხის წინაშე დააყენა. დავის საგანს წარმოადგენს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საკაბელო მომსახურების გაძვირება, რაც ბუნებრივად იწვევს მისი მოიჯარის, ”კავკაზუს ნეტვორკის”, ინტერნეტმომსახურების გაძვირებას.

გასული კვირის მიწურულს საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ინტერნეტკომპანია ”კავკაზუს ნეტვორკი” პროტესტის ნიშნად თბილისში ინტერნეტის გათიშვას აპირებს. ამ კომპანიის აბონენტია ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის 90 პროცენტი: ბანკები, სახელმწიფო უწყებები, მსხვილი კომპანიები და დედაქალაქის მოსახლეობა, სულ - 180 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებელი, ქვეყნის მოსახლეობის 4 პროცენტი. მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობამ მომხმარებლების დაზარალება გადაიფიქრა.

[მამია სანადირაძის ხმა] ”ჩვენ აღარ გავთიშავთ ინტერნეტს და არ შევაწუხებთ ჩვენს აბონენტებს. ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ, რომ მოსახლეობამ ეს გაიგო და მხარი დაგვიჭირა.”

ეს გადაწყვეტილება ”კავკაზუს ნეტვორკის” გენერალურმა დირექტორმა მამია სანადირაძემ ტელეარხ ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”ბიზნეს კურიერში” გამოაცხადა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა, რომლის გამოც ”კავკაზუს ნეტვორკი” პროტესტს გამოთქვამდა, უკვე მოგვარებულია. მიზეზი კი შემდეგია:

[დიტო გოზალიშვილის ხმა] ”ეს არის კანალიზაციის მოვლა, კაბელების შენახვა...”

ეს იყო დიტო გოზალიშვილი, ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელი. მის მიერ ჩამოთვლილ მომსახურებაში ”გაერთიანებული ტელეკომის” მოიჯარე კომპანიები ყოველთვიურად 1 კილომეტრ კაბელზე 150 ლარს იხდიან, ”გაერთიანებული ტელეკომი” კი ამ თანხის ათჯერ გაზრდას მოითხოვს.

ეს კომპანია ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს და მის მიერ ფასის ზრდა ან შემცირება კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს.
30 მარტს კომისიამ ტელეკომის მიერ წარდგენილი ანგარიშები არ მიიღო და კომპანიას მათი ხელახლა მომზადება ურჩია. კომისიის მორიგი სხდომა 5 აპრილისთვისაა დაგეგმილი. ”კავკაზუს ნეტვორკის” გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[მამია სანადირაძის ხმა] ”აღმოჩნდა, რომ ციფრები არის სრულიად უაზროდ მოყვანილი და არ ეყრდნობა არანაირ საფუძველს...”

ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ ”გაერთიანებული ტელეკომის” მსგავსი, შედარებით მცირე, კომპანია, ”ახალი ქსელები”, რომელიც თავად აშენებს ახალ საკაბელო მეურნეობას, თუმცა ფასის გაზრდაზე არც კი უფიქრია. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოებასა და მომხმარებელს თავიდან უნდა ააცილოს ორი კომპანიის დაპირისპირებით გამოწვეული პრობლემები:

[დავით ნარმანიას ხმა] ”საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია იყო ამ სფეროში. ხარისხი ეცემოდა და ტარიფები ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. პირველ რიგში, მარეგულირებელმა კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციის განვითარებას და იმას, რომ ხარისხი იყოს მაღალი და ტარიფი - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.”

ტელეკომუნიკაციები მთელ მსოფლიოში - მათ შორის, საქართველოშიც -ძალიან მზარდი და მომგებიანი სფეროა. თუმცა განსხვავებით დანარჩენი სამყაროსგან, სადაც ტელეკომუნიკაციები სულ უფრო იაფდება, საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
XS
SM
MD
LG