Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მოკლე მიმოხილვა


3 აპრილის ქართული პრესა ეხმაურება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორს მოჰყავს ციტატა ვიქტორ იუშჩენკოს სატელევიზიო მიმართვიდან: ”რადამ ვერ გვიჩვენა ის მუშაობა, რომელიც ხელისუფლების მოთხოვნებს უპასუხებდა.საზოგადოებას მობეზრდა ერთისა და იმავეს ცქერა.” ”ნარინჯისფრები დარწმუნებულები არიან, რომ პარლამენტის დათხოვნით შესაძლებელი გახდება ქვეყნის ინტერესების დაცვა და უკრაინის ინტერესთა მოღალატეებისგან ხელისუფლების გაწმენდა,” - აღნიშნულია გაზეთ ”24 საათში.” გაზეთი ”24 საათი” 3 აპრილის გამოშვებაში ეხება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას პირობები სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოქლში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის, და მოჰყავს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტურ რეგიონში უნდა მონახოს ძალა, რომელთანაც მოხდება შეთანხმება კონფქლიქტის მოგვარების თაობაზე . სტატიის ავტორი ხაზგასმით შენიშნავს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის ინიციატივა კეთილგანწყობით მიიღო, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარისგან მადლობაც დაიმსახურა.

”ომი ირანში ნავთობის ფასს გააორმაგებს,” - წერს 3 აპრილის ”რეზონანსი”. ”ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში ექსპერტები, პოლიტიკური კონფრონტაციის პარალელურად, ეკონომიკურ ომსაც პროგნოზირებენ. ირანის კრიზისმა, შესაძლოა, ნავთობის ფასის გაორმაგება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში კი ბენზინის ფასი 30-40 პროცენტით გაძვირდება,” - აღნიშნავს გაზეთი ”რეზონანსი”.

”რეზონანსი” რეზერვში გასაწვევთა ასაკის 45 წლამდე შესაძლო აწევასაც ეხმაურება - წერს, რომ თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ცნობაზე, ცალკეული სამხედრო ექსპერტები კი რეზერვში გასაწვევთა ასაკის ზედა ზღვრის 40 -დან 45 წლამდე აწევას ვარაუდობენ.

გაზეთი რუსეთში უცხოელების წინააღმდეგ ამოქმედებულ შეზღუდვებსაც ეხება, უცხოელებისთვის გარე ვაჭრობის აკრძალვას, და აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკური ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის კომენტარი მოჰყავს: ”რუსეთმა საკუთარი პრეზიდენტის ინიციატივით სამარცხვინო კანონი მიიღო, ამაზე მეტი ქსენოფობია ძნელია რომელიმე ქვეყანაში წარმოვიდგინოთ .”

გაზეთი”ალია” რომან გოცირიძის წინააღმდეგ ლეიბორისტების მიერ შეგროვილ კომპრომატებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკუთარი ხელფასი 18000-დან 24 ათას ლარამდე გაუზრდია. ”ალია” შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას ეროვნულ ბანკში, სადაც ლეიბორისტების ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს.
XS
SM
MD
LG