Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელი რადიო ”თავისუფლებაში”


“ყოფილი საბჭოთა კავშირის

ზოგიერთ ქვეყანას არ სურს შეიგნოს თუ გაიგოს, რომ სამართლიანი არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს სამართლიანობას არ ნიშნავს,” - უთხრა ჩვენი რადიოს თანამშრომლებს პრაღის შტაბბინაში 2 აპრილს მოსულმა სტუმარმა, ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯული ფინლიმ, რომელმაც ამ ნათქვამს განმარტებისთვის დაამატა, რომ სამართლიანი არჩევნები უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ფინლის თქმით, რაც ამ პერიოდში ხდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია არჩევნების დღისთვის. და ამას ყველაფერს შეკრების თავისუფლებასთან, მედიის თავისუფლებასთან აქვს კავშირი - აქვს თუ არა ყველას ტელევიზიის ყურებისა და რადიოს სმენის საშუალება, აქვთ თუ არა შესაძლებლობა შეიკრიბონ ქალაქის მოედანზე და იკამათონ. აი, ასეთია ეუთოში ვაშინგტონის წარმომადგენლის შეხედულება იმაზე, თუ რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები. ჯული ფინლისთვის დასმული შეკითხვები არ შეეხებოდა მხოლოდ არჩევნებს. მან, მაგალითად, იმაზეც ილაპარაკა, თუ როგორია მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელიც ბოლო წლებში ეუთოს მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულია:

(ფინლის ხმა)
“სანამ ვენაში გადავიდოდი ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლის მოვალეობის შესასრულებლად, ყველა მეუბნებოდა ვაშინგტონში: “შენი უდიდესი პრობლემა იქნება რუსეთის ფედერაცია, მათ აზრს ვერ შეაცვლევინებო.”

მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი. რუსეთი არ ყოფილა ჩემი უდიდესი პრობლემა, ჩემი უდიდესი პრობლემა ევროპის კავშირი იყო. და ეს, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალიან კარგად იცის ამა თუ იმ საკითხის მიმართ თავისი პოზიცია.”

და მაინც როგორია რუსეთის პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ?

(ფინლის ხმა)
“მე მგონია, რომ რუსეთის ფედერაცია მკვახე და მტკიცე გახდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიმართ. და თუკი უშიშროების კონფრენციაზე მიუნხენში პუტინის გამოსვლას გაიხსენებთ, როცა მან ორი თუ სამი წინადადებით გააკრიტიკა ეუთო, დარწმუნდებით, რომ ის, სინამდვილეში, გულისხმობდა დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისს. და ეს არის, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ ეუთოს არ ეპატიჟებიან რუსეთის ფედერაციაში არჩევნების სამეთვალყურეოდ. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით 2008 წელს, მით უფრო მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთი ეუთოს ადამიანის უფლებების კალათს. იმის თქმა მინდა, რომ ისინი თანამშრომლობენ და დაინტერესებული არიან ეკონომიკური და გარემოს დაცვის სფეროების განვითარებით, ასევე განვითარებით პოლიტიკური და სამხედრო სფეროებისა, რაც არსებითია და რის გამოც სურდათ მათ ამ ორგანიზაციის დაარსება თავიდან.”

ეს კალათები, რომელთაგან ერთ-ერთი ახსენა ჯული ფინლიმ, ეუთოს პირვანდელი ფორმის, “ჰელსინკის აქტის” , მთავარი შემადგენელი ნაწილებია. ორგანიზაციის ამ პირვანდელ სახეს 1990-ში - არჩევნების ზედამხედველობის პუნქტი, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასახელებას 1992 წელს - ადამიანის უფლებები დაემატა .
ევროპის კავშირი არის პრობლემაო, თქვა ამ საუბარში ჯული ფინლიმ და ჩვენ ვთხოვეთ მას განემარტა, თუ რას გულისხმობდა ამაში. ევროკავშირს ძალიან უჭირს დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება და როცა ამას აკეთებს, უკვე გვიან არის ხოლმეო, გვითხრა მან.
აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც შეეხო და თქვა, შუა აზიის ქვეყნებში, მაგალითად, მართალია, არასაკმარისი, მაგრამ მაინც წინსვლა შეინიშნება დემოკრატიის მხრივო.
ყურადსაღები მეტაფორით გვიპასუხა რადიო ”თავისუფლების” სტუმარმა შეკითხვაზე:
რას იტყოდით იმაზე, რომ ზოგჯერ აშშ-ს ბრალად სდებენ, დემოკრატიას მეტად უნდა უწყობდეს ხელს, ის კი, სინამდვილეში, ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალს ხუჭავს, მაგალითად, აზერბაიჯანში, იმის გამო, რომ ენერგეტიკული რესურსებით არის დაინტრესებულიო?

(ფინლის ხმა)
“ძალიან რთული შეკითხვაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ მეგობრები, რომელთაგან ზოგი უფრო ახლოს არის თქვენთან, ზოგი - ნაკლებად, ზოგს მეტი ნაკლი აქვს, სხვას - ნაკლები. მაგრამ სხვა მიზეზების, მათი სხვა მახასიათებლების გამო, რომლებიც არა ნაკლი, არამედ ღირსებაა, თქვენ მეგობრობას ინარჩუნებთ მათთან. არა მგონია, რომ სახელმწიფოთა შორის სხვაგვარად იყოს.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG