Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება გამოყოს ფინანსური დახმარება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის რუსეთის დუმამ ამ ქვეყნების შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

რუსი კანონმდებლების განცხადებით, რუსეთის დუმა არ აპირებს რეაქციის გარეშე დატოვოს კონგრესის მსგავსი ქმედებები, წერს დღევანდელი ”პარლამენტსკაია გაზეტა”. მინდა ეს და რუსეთის პრესის კიდევ რამდენიმე სხვა პუბლიკაცია გაგაცნოთ.

დღევანდელი ”პარლამენტსკაია გაზეტა” აქვეყნებს რუსეთის დუმის წევრების რეაქციას აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის თქმით, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობამ დაადასტურა, რომ წინააღმდეგია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისა. რაც შეეხება საქართველოს, რუსი პარლამენტარის განცხადებით, ”ეჭვი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა განწყობა აქვს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვიდრე ოფიციალურ თბილისს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის მხრიდან უძლიერესი ზეწოლით მიღებულ დოკუმენტად უნდა იქნეს აღქმული.”

ვაშინგტონის ხელს ხედავენ რუსი ჟურნალისტები რეგიონული ორგანიზაციის, სუამის, გააქტიურებაშიც. აქვე გეტყვით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში სუამის თემა მოულოდნელად პოპულარული გახდა რუსეთის პრესაში - სუამს, მის დღევანდელობასა და პერსპექტივებს ერთდროულად რამდენიმე რუსული გაზეთი ეხმაურება. 2 აპრილის ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ სუამის წევრი სახელმწიფოები - შეგახსენებთ, ამ რეგიონულ გაერთიანებაში შედიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა - სულ უფრო აქტიურად მოითხოვენ შეიქმნას სუამის სამშვიდობო ძალები, რომელიც ტვირთად იღებს რეგიონში არსებულ კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობო მისია შეასრულოს. გაზეთის ცნობით, ამ მხრივ გამოირჩევა საქართველო, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანა მათი არაეფექტურობის მოტივით: ”ბოლო დროს საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლა თვალშისაცემია. ამერიკელი სენატორები განცხადებებს აკეთებენ საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისა და მათი ნეიტრალური ძალებით ჩანაცვლების შესახებ. სულ უფრო ხშირი ხდება საუბრები აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საერთაშორისო პოლიციის განთავსების აუცილებლობის შესახებ. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ გალის რაიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების შეყვანის აუცილებლობაზე საუბრისას განმარტა, ეს ძალები რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებად უნდა იქცესო.”
იგივე გაზეთი ბეჭდავს საკმაოდ დიდ ინტერვიუს სუამის გენერალურ მდივან ვალერი ჩეჩელაშვილთან, რომლის აზრითაც, სუამის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ამის მაგალითად მას მოჰყავს ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის აპრილის სესიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში სუამის მოთხოვნით ჩაერთო. მართალია, ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად სუამის შეიარაღებულ ძალებს გაეროს, ევროკავშირის ან ეუთოს მანდატი დასჭირდებაო, მაგრამ ადასტურებს, რომ, სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მუშაობა დაწყებულია.
XS
SM
MD
LG