Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები საქართველოში


თბილისში საგანგებო სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია. დელეგაცია მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს,

- მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთანაც, - თუმცა, ამის მიუხედავად, კონგრესმენთა საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანი ქართველი დეპუტატებისთვის გამოცდილების გაზიარებაა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საპარლამენტო ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება, ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება და სხვ. ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ.

ამერიკელი კონგრესმენების სამკაციანი დელეგაცია საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. „ჩვენი ვიზიტი უკრაინაში ასახავდა ჩვენი მთავრობის პოლიტიკას, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას. ვიზიტი ძალზე საინტერესო დროს დაემთხვა. ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ვისურვებდით, დაპირისპირება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად მოგვარდეს,“ - განაცხადა კონგრესმენთა დელეგაციის მეთაურმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის ხელშეწყობის კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ პრაისმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. შეხვედრა ერთ–ერთი ნაწილი იყო იმ დატვირთული სამუშაო პროგრამისა, რომლის შესახებ დევიდ პრაისმა შემდეგი ბრძანა:

[დევიდ პრაისის ხმა] “სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალ დონეზეა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ მთელ რიგ საკითხებში. ქართველ პარლამენტართა და პარლამენტის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი შეერთებულ შტატებს შარშან ეწვია. ეს ჩვენი საპასუხო ვიზიტია. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირადად ვიხილოთ საკანონმდებლო მუშაობის დეტალები. ხარისხიანი დემოკრატიის, პარლამენტარიზმისა და მმართველობის მიმართულებით ჩვენ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება გვინდა.“

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოში პარლამენტარიზმის განმტკიცებისათვის ზრუნვა 2005 წელს ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. „პარლამენტის გაძლიერების პროგრამას” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის ხელშეწყობის კომიტეტი ახორციელებს. 2005 წლის შემდეგ კომიტეტის დელეგაცია მეორედ ესტუმრა საქართველოს. როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შენიშნავს, ამ, რიგით მეორე, ვიზიტს ერთი საგულისხმო თავისებურება ახასიათებს:

[დავით ბაქრაძის ხმა] “ეს არის დემოკრატიული კონგრესის პირველი ვიზიტი საქართველოში, ანუ ჩვენ გვაქვს საქმე ახალ რეალობასთან. იცით, რომ კონგრესის არჩევნებში უმრავლესობა აიღეს დემოკრატებმა და სწორედ უმრავლესობის წარმომადგენლებს ვხვდებით დღეს. ანუ დღეს იწყება რეალურად ურთიერთობა ახალ, დემოკრატებით დაკომპლექტებულ კონგრესთან, რომელიც გაგრძელდება მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე. ეს რამდენიმე წელი არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის. ეს არის ის რამდენიმე წელი, როდესაც ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები, ეს არის ის რამდენიმე წელი, როდესაც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი კონფლიქტები და ეს არის ის რამდენიმე წელი, როდესაც ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა.“

დემოკრატიული კონგრესის პირველი სამუშაო დელეგაცია საქართველოში სამი კონგრესმენით დაკომპლექტდა. მათგან ერთი რესპუბლიკელია. როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რაც კონგრესმა განიცადა, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის კურსი უცვლელია. დელეგაციის ხელმძღვანელის დევიდ პრაისის განცხადებით, საპარლამენტო ორგანოების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში - განსაკუთრებით აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში - კონგრესი კვლავაც მთავარ ყურადღებას უთმობს. ამ ყურადღებას განსაკუთრებით აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხელისუფლებასთან, კონგრესთან თანამშრომლობა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ემთხვევა ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი ფასეულობების მატარებლები ვართ და გვინდა, რომ ერთიანი ფასეულობები გავაძლიეროთ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში. ამიტომ დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც.“ (სტილი დაცულია)

დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭერის კონკრეტული საქმიანობა კი ვიზიტის განმავლობაში მოიცავს შეხვედრებს დეპუტატებთან, საბიუჯეტო ოფისთან, კვლევითი დეპარტამენტის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა ჯგუფთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, აპარატის უფროსებთან და სხვ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს 6 აპრილს დატოვებს.
XS
SM
MD
LG