Accessibility links

logo-print

ფრთხილად, ბავშვები (გადაცემა მეორე)


თამარ ჩიქოვანი, თბილისი განვაგრძობთ არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის ზრდის ტენდენციაზე საუბარს. დღეს სკოლაზე ვისაუბრებთ - სკოლასა და პედაგოგებზე, სადაც და ვისთანაც მოზარდები დროის დიდ ნაწილს ატარებენ.

თბილისის 159-ე საჯარო სკოლას ეწვია იმის გასარკვევად ვესტუმრე, თუ რას ფიქრობენ მოსწავლეები და მასწავლებლები მოზარდებს შორის აგრესიის ზრდის მიზეზებზე.

[მუსიკა - ”მახსოვს პირველად”]

159-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს ქეთი ბოტკოველს დღევანდელი მერვეკლასელები - ეს მისი სადამრიგებლო კლასია - კარგად ახსოვს იმ დღიდან, როცა ისინი პირველად მოვიდნენ სკოლაში. არსებითად ეს სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების არაფორმალური ურთიერთობით, - ამბობს ქეთი:

[ქეთი ბოტკოველის ხმა] “სკოლას ჰქონდა ეს ტრადიცია. ეს იყო ის ერთ-ერთი გერმანული სკოლა, რომელიც იმ ტრადიციებით მუშაობდა, რომელზეც ვსაუბრობთ - მეგობრული დამოკიდებულება, სხვა ურთიერთობა. არა მასწავლებლის და მოსწავლის, არამედ მეგობრების. თუმცა რაღაც მომენტში მე ამან დამაფიქრა. ხომ არ იწვევს ეს თუნდაც დისციპლინის რღვევას, რაზეც დღეს ბავშვები საუბრობენ. შიში შეიქმს სიყვარულსო - იქნებ შიში რაღაც დოზით მაინც უნდა იყოს სკოლაში? გამკაცრება, შიშის ფაქტორი - ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ, როგორც პრაქტიკოსი, რომელმაც თითქმის ყველაფერი გამოვცადე - ურთიერთობები, მეგობრობა - და როცა დაინახავ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გინდა, ჩნდება დიდი პასუხისმგებლობა: რამე ხომ არ დავაშავე?” (სტილი დაცულია)

ცელქები, მაგრამ მოაზროვნეები - ასე ახასიათებს მერვეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ხომასურიძე. სკოლაში ასეთი პრინციპი მოქმედებს:

[ნანა ხომასურიძის ხმა] ”ჩემი აზრი - შეიძლება მცდარი, არასწორი - უფრო ღირებულია ჩვენთვის, ვიდრე სხვისი დაზეპირებული აზრი. ყველა გამოთქვამს აზრს. აკრძალულია დაცინვა. უნდა მოუსმინო. ყველაფერზე კამათობენ. ვერაფრით ვერ მოინელეს, რატომ არ თქვა ტარიელმა ფარსადანთან თავის დროზე და რატომ მოკლა! ამაზე სერიოზულად კამათობენ! უნდა იკამათონ. შედეგი იქნება. კარგი მოქალაქეები გაიზრდებიან. ვნახოთ.” (სტილი დაცულია)

14 წლის მოზარდებს მართლაც ყველაფერზე აქვთ თავიანთი აზრი. მაგალითად, იმაზე, რატომ ატარებენ ამ ასაკის ბიჭები დანას:

[ბიჭის ხმა] ”უმრავლესობას თუ არა, 90 პროცენტს, ვისაც დანა დააქვს, დააქვს იმიტომ, რომ - რამე რომ მოხდეს, ყოველი შემთხვევისთვის. ყოფილა ასეთი მომენტიც, როცა საჭიროა, დანა გედოს - თავდაცვის მიზნით. შეიძლება ვისმესთან მართლა დასალაპარაკებლად მიდიოდე, მაგრამ ის რომ დანას გაგიშლის - შენ რა უნდა ქნა?” (სტილი დაცულია)

[ბიჭის ხმა] ”ჩემი აზრით, რატომ უდევთ ჯიბეში დანა? - ეს დროებას მოაქვს. რა დროში იზრდები. როცა ხედავ, ამდენი მკვლელობა რომ ხდება...ახლა მოდაშია დანის ტარება. ორი კაცი რომ დადგეს და ერთს დაჭრილი ჰყავს კაცი და მეორეს - არა, ზოგის თვალში პირველი უფრო ზევით დგას, უფრო მაგარი ბიჭია. ასეთი ტენდენციაა. ის უფრო - უხეშად რომ ვთქვათ - დერზკი ბიჭია. ბევრს მოსწონს ეს, რომ იმას ჯიბეში დანა უდევს, იარაღით დადის.” (სტილი დაცულია)

[ჟურნალისტის ხმა] ანუ დერზკი ბიჭების რომანტიზმია?
[ბიჭის ხმა] ”მე მგონი, არის.”
[ჟურნალისტის ხმა] მაგრამ ბიჭი, რომელიც ჩემპიონია, უკრავს პიანინოზე, კარგად მღერის...
[ბიჭის ხმა] ”ეგეც არის, მაგრამ გააჩნია, ვის თვალში. გოგოს თვალში, რომელიც მთელი დღე ეზოშია და ისეთ გარემოში იზრდება, სადაც ყველა დანას ატრიალებს - ასეთი ბიჭი მოსწონს. იმას პიანისტი და სპორტსმენი არ მოეწონება.”

ამ მოსაზრებას თავად გოგონები არ იზიარებენ:

[გოგოს ხმა] ”რაც შეეხება იმას, რომ დანებს ატარებენ - მე არ მომწონს. არანაირად გამართლებული არ არის. რომელიმე ჩემს კლასელს რომ დანა ედოს - ამხელა მუტრუკები არიან, დანა რად უნდათ, ამის მუშტი უფრო მწარე იქნება, ვიდრე დანა. რად უნდათ, არ მესმის. არანაირ სიმპათიას არ იწვევს ჩემში.”
სიმპათიას ბევრი რამ არ იწვევს მოზარდებში. მაგალითად, ის, რომ სკოლებში დანაშაული მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ხმაური მხოლოდ ზერეკიძის ამბის გახმაურების შემდეგ ატყდა:

[გოგოს ხმა] ”მე ვერ გავიგე ერთი რაღაც - ეგეთი რაღაცეები ადრეც ხდებოდა. დაახლოებით 5 წლის წინათ მე თვითონ შევესწარი, სკოლის ბიჭებმა როგრო დაჭრეს ერთმანეთი. ისე შემეშინდა - საშინლად დამამახსოვრდა. მაშინ არავის არაფერი უთქვამს.”

[გოგოს ხმა] ”მარტო ოჯახის ბრალი არ არის. ხშირად ხდება, რომ ძალიან ნორმალური ოჯახიდან არიან ბავშვები, რომლებიც ჭრიან, კლავენ. ალბათ, ოჯახის ბრალიც არის, სკოლისაც, სადაც ბოლო დროს ძალიან ცუდი დისციპლინაა, და სახელმწიფოსიც, რომელიც ძალიან უცნაური გზებით ცდილობს ამის აღმოფხვრას.”

”უცნაურობაში” ბავშვები მოზარდებისთვის მკაცრი სასჯელის გამოტანას გულისხმობენ. მათივე აზრით, ზერეკიძის საქმეს ერთი დადებითი შედეგი მაინც მოჰყვა. კერძოდ:

[ბიჭის ხმა] ”სხვათა შორის, ზოგი ჭირი მარგებელიაო: რომ არა ზერეკიძის დაჭერა და ჩასმა დიდი სასჯელით ციხეში, არ მოხდებოდა საზოგადოების გამოფხიზლება.”
XS
SM
MD
LG