Accessibility links

logo-print

ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას პარლამენტი მხარს უჭერს


დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია საგანგებოდ მიეძღვნა „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.

კანონპროექტი კონფლიქტის ზონაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს ადგენს. კანონპროექტი დეკლარაციული ხასიათისაა, თუმცა ამბიციურია მისი ამოქმედებით მისაღწევი მიზნები - კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, კონფლიქტის ზონის სტატუსის განსაზღვრისა და დემოკრატიული არჩევნებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

კანონპროექტის თანახმად, კონფლიქტის ზონაში დროებით ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი ქმნის. სამოქმედო ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებს პრეზიდენტი განსაზღვრავს და დასამტკიცებლად კვლავ პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტივე ანიჭებს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს, შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილებას. სავარაუდოდ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი დაიკავებს,რითაც, გარკვეულწილად, ალტერნატიული ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოხდება, თუმცა

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ ჯერ არ ეხება კანონპროექტი არც სანაკოევს, არც რომელიმე სხვა ჯგუფს. ეს იქნება შემდგომი პოლიტიკური პროცესის შედეგი, როდესაც უკვე დაზუსტდება, თუ რომელი მხარე იქნება მზად ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.“

ამბობს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული კი, რომელიც, თუ საპარლამენტო განხილვით ვიმსჯელებთ, არსებითად პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში შეიქმნება, გარკვეულწილად ავტონომიური შინაარსის მქონე სტრუქტურა იქნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტს საკითხთა ერთ ნაწილს. ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ძირითად ფუნქციებში კი, კანონპროექტის თანახმად, შედის: სახელმწიფო მმართველობის განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კონფლიქტის ზონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება, კონფლიქტის მოგვარების მიზნით შესაბამისი გეგმებისა და პროექტების შემუშავება და მათი მომზადების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა და სხვა.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ ერთ–ერთი სერიოზული ცვლილება ამ ინიციატივის შედეგად იქნება ის, რომ მართლაც რეგიონის მოსახლეობას ექნება საშუალება რეალურად, იმ ადამიანების საშუალებით, ვინც სარგებლობს ავტორიტეტით და მხარდაჭერით რეგიონში და არა კრიმინალების საშუალებით, რომლებიც იარაღის ძალით იმყარებენ მდგომარეობას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში და მართლაც ვისაუბროთ რეალურ ინტერესებზე, რა რეალური ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს ოს თანამოქალაქეებს.“(სტილი დაცულია)

ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია კი შენიშნავს, რომ დროებით ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში ეთნიკურ ოსებს ექნებათ როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური ავტონომია:

[მანანა ნაჭყებიას ხმა]“ ავტონომია იმ გაგებით, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია მოიაზრებს და იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებიც ამას ემხრობიან. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა დაინახონ ეს, რომ ჩვენი მხრიდანაც სრული მზადყოფნაა, ასეთი ნაბიჯები გადაიდგას ამისთვის.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ პარლამენტის პოლიტიკური სპექტრის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და მისი ლეგიტიმურობის ხარისხის ასამაღლებლად, ოპოზიციის რიგებში დადგენილების მიღებისას კვორუმის აწევის საკითხიც კი დაისვა. თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ოპოზიციის რიგებიდან სკეპტიკური შეკითხვებიც გაისმა, მაგალითად, როგორ წარიმართება - ან წარიმართება თუ არა - მოლაპარაკებები კოკოითის ხელისუფლებასთან.

[ნიკა გვარამიას ხმა]“კოკოითთან მოლაპარაკებების გაგრძელებას რაც შეეხება, კოკოითთან მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი, საუბარია ყველა იმ ადამიანთან მოლაპარაკებებზე, ვისაც შეუძლია პოზიტიური წვლილის შეტანა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მისი კონსტიტუციური იურისდიქციის ფარგლებში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ფართო პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების პროცესში.“(სტილი დაცულია)

ამბობს კანონპროექტის ავტორი, ამ დროისათვის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნიკა გვარამია, რომელსაც 5 აპრილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს - 165 ხმით ორის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG