Accessibility links

„უხილავი ფარდა“


ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბასრაში,

ერაყის სამხრეთში, დაბადებული 51 წლის ნაჯემ ვალი, არაბულენოვანი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც 27 წელიწადია ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი მისამართი ახლა ჰამბურგშია, სადაც არაბულენოვან გაზეთ „ალ ჰაიათის“ კორესპონდენტია კულტურის სფეროში. ნაჯემ ვალი - ეს სახელი, როგორც მან საუბრის დაწყებამდე მითხრა, ვარსკვლავს ნიშნავს - სხვაგვარად მოაზროვნე, დისიდენტი მწერალია. ვალის ბოლო რომანი, „მოგზაურობა ტელ ალ ლამში“, ცენზურის სიაში მოექცა კუვეიტში, ეგვიპტეში, სირიაში, იორდანიასა და საუდის არაბეთში, სწორედ სხვაგვარი აზრის, ტაბუების მსხვრევის, ვითომდა ღვთის შეურაცხყოფის, უხამსობის გამო. ეს მოვლენის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ისაა, რომ ნაჯემ ვალი ახალგაზრდობის საყვარელი მწერალია. ბევრმა არაბმა ქალმა წაიკითხა მისი წიგნი ინტერესით, რადგან ის მათთვის საგულისხმო თემებს ეხება - სიყვარულს, ორსულობის, ქორწინებამდე სიყვარულის თემას, ქალწულობას, აბორტს და სხვ. ვალისთან ჩვენ შემწყნარებლობის თემაზე გვქონდა საუბარი. საიდან იბადება ეს პოზიცია - შემწყნარებლობა? ჯერ შემწყნარებლობა იყო თუ ჯერ ადამიანი, რომელსაც აზრად მოუვიდა ყოფილიყო შემწყნარებელი?

(ვალის ხმა)
„ჩემი აზრით, ორივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ადამიანი შემწყნარებლობის იდეის გარეშე ვერ იმოქმედებდა, ის ამ იდეის გარეშე ცარიელი იქნებოდა. ადამიანი, როცა იბადება, სუფთაა, შემდეგ კი ყალიბდება იმის მიხედვით, როგორ აღიზრდება - სიძულვილით თუ შემწყნარებლობით. შემდგომი ჩვენი მოქმედება ინდივიდუალურია. ყველა ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს, რაც სურს, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა.“

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკოსებზე, თავიანთი მოვალეობის შემსრულებელ პირებზე, ასე ვთქვათ, ჯარისკაცებზე, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

(ვალის ხმა)
„პოლიტიკოსებისა არ მშურს. პოლიტიკოსი იყო, ნიშნავს, გქონდეს ორი ცხოვრება - ერთი შინ, შეიძლება - ქუჩაში, და მეორე - რეპორტიორებისა და თანაპარტიელების წინაშე. პოლიტიკოსი მიჯაჭვულია თავის პოლიტიკურ ინტერესებზე, მან უნდა იმოქმედოს პოლიტიკური კარიერის ინტერესებიდან გამომდინარე და, სანამ რამეს იტყოდეს, ყოველთვის კარგად უნდა გათვალოს. სხვა ჯუფი, ინტელექტუალებს რომ უწოდებენ - ჩემი კოლეგები, მწერლები სხვა მდგომაროებაში არიან. ისინი ასე სვამენ კითხვას: როგორ მოვახერხო ვიყო იმის ერთგული, რასაც ვწერ? და სწორედ ეს განასხვავებს მათ პოლიტიკოსებისგან. პოლიტიკოსისთვის არა აქვს მნიშვნელობა, იმის ერთგული დარჩება, რასაც ამბობს, თუ არა. ამის მოწმე სულ ვართ არჩევნების დროს, დემოკრატიულ ქვეყნებშიც. პოლიტიკოსები ერთს ამბობენ, მაგრამ როცა მათ აირჩევენ, სხვაგვარად მოქმედებენ.“

ნაჯემ ვალის ცხოვრებიდან ჩანს, რომ ის მწერალს უფრო მეტს სთხოვს:

(ვალის ხმა)
„მაგრამ ინტელექტუალებისთვის ეგზისტენციალური საკითხია, როგორ დაამთხვიონ ნაწერი ნამოქმედარს. როცა მე ჩემს წიგნებში ვქმნი სივრცეს, მშვიდობიან სამყაროს, შემწყნარებლობას მოქმედ პირთა შორის, როცა ყველა ამ გმირს, ბოროტსაც და მშვიდობიანსაც, ერთგვარად ვუყურებ, როცა ბოროტ მხარეს ადამიანის ნაწილად მივიჩნევ, მაშინ მე, რა თქმა უნდა, შევეცდები წიგნის გარეთაც შემწყნარებელი ვიყო.“

სულ მცირე, ამაზე მეტყველებს მისი ისრაელში, იერუსალიმში მოგზაურობა, როცა მან რისკი გასწია და თავის კულტურაში, თავისი თანამოძმეებისთვის მიუღებელი ნაბიჯი გადადგა, როგორც წერს შვეიცარიაში, ციურიხში, გამომავალი „ციურხერ ცაიტუნგი”, სადაც ვალის მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა. მწერლის ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს, მაგრამ თვითონ, როგორც აღწერს, ბევრ დადებით მოულოდნელობას წააწყდა. რაც მთავარია, მას სურდა საკუთარი თვალით ენახა ისრაელი და ნანახი პირადად განეცადა. ასე ხშირად ვაკეთებო, ამბობს არაბი მწერალი:

(ვალის ხმა)
”წლების განმავლობაში მინდოდა ისრაელში ჩავსულიყავი უბრალო ტურისტად და პირადად განმეცადა ეს „მტრული“ ქვეყანა (ამას გულისხმობდა გაზეთი, როცა წერდა, რომ მე რისკი გავწიე). წარმოუდგენელი იყო ეს. როცა არაბი, ერაყელი ისრაელში მიდის, მას გადარეულად მიიჩნევენ. არაბულ ქვეყნებში ეს ტაბუა. სანამ პალესტინის საკითხი არ მოგვარებულა, ჩვენ, არაბები, მეორე მხარეს - ისრაელის წინააღმდეგ - უნდა ვიყოთ, ასეთია აზრი. და ეს ზრდის რისკს. მე შემიტევენ. ყველაფერს უნდა მოველოდე - იმასაც, რომ მოღალატეს მიწოდებენ და იმასაც, რომ ისრაელში უნდობლად შემხედავენ და იკითხავენ, ეს ვიღა არისო?“

ნაჯემ ვალის ამგვარი გაურკვევლობის მიმართ რისკი ყოველთვის მოსწონდა. ჩემი ემიგრაციაში წასვლაც რისკი იყოო, გვითხრა. ამ დროს კი, ის თავის, როგორც ემიგრანტის, შორიდან ხედვას ერთგვარ ლიტერატურულ ძრავად მიიჩნევს და სურს ემიგრანტადვე დარჩეს გერმანიაში, თავის მეორე სამშობლოში, თუ სხვაგან, სადაც უნდა იყოს.
არაბებსა და პალესტინელებზეც ვკითხეთ ნაჯემ ვალის, კაცს, რომელიც არაბობს, მაგრამ ამ თავისი ეთნოსის ბევრ ფასეულობას გადასინჯავს. ვალის ნაამბობის მიხედვით, ისრაელის არაბები, რომლებსაც ყველა უფლება აქვთ ამ ქვეყანაში, იმაზე მეტი უფლებაც კი, ვიდრე სხვა რომელიმე არაბულ ქვეყანაში, გაოცებულები იყვნენ მისი იქ ჩასვლით. მაგრამ, ნაჯემ ვალის თქმით, დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებნი მას საქციელს არ უწონებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის მტერთან მივიდა. ვალის კი მხოლოდ იმის ნახვა სურდა, როგორ ცხოვრობს იქაური საზოგადოება:

(ვალის ხმა)
„კაცს სურს, როგორც მე, სხვისი აზრი მოისმინოს, გაიგოს, როგორ ცხოვრობს ეს საზოგადოება. გარდა ამისა, იქ მყვანან კოლეგები, მწერლები, რომლებიც ადრევე ძალიან მომწონდნენ, თავიანთი წიგნებით, - ამოს ოოსი ან დავით გროსმანი. ჰოდა, მათ შევხვდი, მათი აზრის მოსმენა მსურდა. ისინიც ჩემსავით კრიტიკულები არიან თავიანთი საზოგადოების მიმართ. ისინი, ეს ინტელექტუალები, თავიანთი ნაციის სინდისი არიან. და ამ გამოცდილების შეძენა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.“

გვითხრა საუბრის დასასრულს პრაღაში რადიო ”თავისუფლების“ სტუმარმა, გერმანიაში მცხოვრებმა ერაყელმა მწერალმა, ნაჯემ ვალიმ, რომელმაც ახლახან იმოგზაურა ისრაელში, სადაც მისი მოდგმის ადამიანები არ ჩადიან, რადგან კონფლიქტია ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის. საუბარში ვალიმ ახსენა მდუმარე უმრავლესობაც, რომელსაც არ სჯერა სახელმწიფოსი და ხეირს ვერც აქტიურობაში ხედავს, რის გამოც ეს ძლიერი მასა დუმს. ნდობა სახელმწიფოს, პოლიტიკასა და მოქალაქეთა შორის უმდაბლეს დონეზეა.
XS
SM
MD
LG