Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა ანგარიში აფხაზეთის კონფლიქტის მდგომარეობის შესახებ


სულ რამდენიმე დღეში, 10 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე იმსჯელებს

და, როგორც ვარაუდობენ, ახალ რეზოლუციასაც მიიღებს. რეზოლუციის საფუძველი გახდება გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოხსენება აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანგარიშში გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, კიდევ 6 თვით გაუგრძელოს მანდატი კონფლიქტის ზონაში გაეროს მეთვალყურეთა მისიას. თბილისი მისთვის ხელსაყრელი რეზოლუციის მოლოდინშია, სოხუმი კი გაეროს უშიშროების საბჭოს წინასწარვე ადანაშაულებს მიკერძოებაში.

გაეროში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ქვეყანაში შესასვლელი ვიზის გაცემის საკითხი არც კი განხილულა. ამის შესახებ გაეროს შტაბბინაში გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ალექსანდრ ვულფმა განაცხადა. ელჩის განმარტებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფო, რუსეთის გამოკლებით, მიიჩნევს, რომ აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციის მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში კონტრპროდუქტიული და არასწორი იქნებოდა. ამ ფაქტით განაწყენებული სოხუმიდან გაფრთხილება გაისმა: „მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ დრო შეიცვალა. ამიტომაც არავის ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი გახდება,“– განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაეროსა და მთელი საერთშორისო საზოგადოების გასაგონად. 10 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის პარალელურად, სოხუმში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების - აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის - პრეზიდენტთა შეხვედრა გაიმართება. სეპარატისტები, ერთი მხრივ, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადების მიღებას გეგმავენ, მეორე მხრივ კი, იმის დეკლარირებას შეეცდებიან, რომ კონფლიქტის ზონებში მოქმედი სამშვიდობო ფორმატი ეფექტურია და მისი შეცვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ვარაუდობს, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შესახებ ახალ რეზოლუციაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, არაფერი იქნება ნათქვამი. თავად კოტე გაბაშვილს მოვუსმინოთ:

[კოტე გაბაშვილის ხმა] "საერთოდ, რეზოლუციაში - თუ რეზოლუცია იქნა, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ტექნიკური რეზოლუცია, ვნახოთ, რა იქნება 10–ში - ბუნებრივი და ნორმალური შეფასებაა იმ მოვლენებისა, რაც ხდება. ანუ ახლა, მართალია, არ არის დრო იმისა, რომ მთლიანად სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი დადგეს, სხვა მოვლენების გამო, როგორიცაა, დავუშვათ, კოსოვოს საკითხის განხილვა, ირანის პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ 6 თვის შემდეგ, ალბათ, უკვე ძალიან მკაცრი პოზიციები გვექნება საიმისოდ, რომ ვიმუშაოთ კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად ჩვენი პოზიციებისა გაეროს რეზოლუციაში." (სტილი დაცულია)

მოხსენებაში კი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა გადაუგზავნა უშიშროების საბჭოს და რომელიც, სავარაუდოდ, რეზოლუციის ბაზისი გახდება, დადებითად არის შეფასებული საანგარიშო 6 თვის განმავლობაში ქართული მხარის მიერ კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, გენერალური მდივანი ხაზგასმით შენიშნავს, რომ, 2006 წლის ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ საქართველო-აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესრულების თვალსაზრისით, მიღწეულია პროგრესი, ის მიესალმება ზემო აფხაზეთში გაეროსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთობლივი პატრულირების გაგრძელებას და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხეობაში არ აღმოჩნდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა და შემცირებულია შეიარაღებული პერსონალის რაოდენობა. ამავდროულად, გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ პოზიტიურ ფონზე კოდორის ხეობის ზემო ნაწილის დაბომბვის ინციდენტი სამშვიდობო პროცესის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ბან კი მუნი მიესალმება გალის რაიონში გაეროს პოლიციური მრჩევლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ამოქმედებას და კონფლიქტის მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდებს, შენიშნავს რა, რომ გასული წლის რეზოლუციის ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, შეუსრულებელი დარჩა.

[თემურ მჟავიას ხმა] "აფხაზური რეჟიმის წარმომადგენლები ჰყავს მხედველობაში და საქართველოს ხელისუფლება, აწარმოონ უშუალო დიალოგი ერთმანეთთან, რაც ითვალისწინებს მესამე მხარის, ალბათ, გვერდზე მიჩოჩება–დატოვებას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ ველოდებით, როგორი სახის იქნება თვით რეზოლუცია და ვფიქრობ, რომ იქნება ბევრად უმჯობესი, ვიდრე 2006 წლის ნომერი 1716 რეზოლუცია." (სტილი დაცულია)

ამბობს აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია. 10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ნიუ იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG