Accessibility links

ერაყში დაიღუპა რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი


დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი - ერაყი - ჩვენი კოლეგებისთვის, ჟურნალისტებისთვის, კვლავაც უაღრესად სახიფათო ადგილად რჩება.

ოთხშაბათს, 5 აპრილს, ბაღდადში, თავის სახლთან ახლოს, მკვდარი იპოვეს რადიო ”თავისუფლების” ერაყული სამსახურის კორესპონდენტი ქალი - ხამაილ მუჰსინ ხალაფი. გარდაცვლილს თავში ჰქონდა ნატყვიარი. იმავე დღეს სხვა ინციდენტმა - ერთ-ერთ ტელესადგურთან მომხდარმა აფეთქებამ - კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. ჟურნალისტების მკვლელობას ერაყში არაერთი მოტივი აქვს ხოლმე: ზოგჯერ მათ პროფესიული საქმიანობის გამო კლავენ; სხვა შემთხვევებში კი ჟურნალისტები იმის გამო იღუპებიან, რომ ექსტრემისტების მიერ კონტროლირებულ უბნებში ცხოვრობენ ან მგზავრობენ.

ხამაილ მუჰსინ ხალაფი 3 აპრილს, რადიო ”თავისუფლების” ბაღდადის ბიუროდან სახლში მიმავალი, გზიდან გაიტაცეს. მის ცხედარს 5 აპრილს დილით მიაგნეს - იმ სახლთან ახლოს, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა. ჟურნალისტი 50 წლის იყო.

რადიო ”თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს დირექტორი ნაბილ ალ-ჰაიდარი მის მკვლელობას ასე ხსნის:

[ალ-ჰაიდარის ხმა] ”ეს იმ ექსტრემისტების მესიჯია, რომლებსაც არ მოსწონთ სიცოცხლე, არ მოსწონთ სიმართლე. სხვათა შორის, ხამაილი თავის საქმეში ყოველთვის ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე - ერაყელი ოჯახების, ბავშვების, ქალების ცხოვრებაზე. მას პოლიტიკურ სფეროში არასოდეს უმუშავია - სოციალური თემები მოსწონდა. ეს დღეები მის ძველ რეპორტაჟებს ვუსმენ და ვგრძნობ, რომ მას სურდა, უბრალო ხალხის ხმა ყოფილიყო.”

[ხალაფის რეპორტაჟის ხმა]

ეს გახლავთ ნაწყვეტი უკანასკნელი სიუჟეტიდან, რომელიც ხამაილ მუჰსინ ხალაფმა რადიო ”თავისუფლებისთვის” მოამზადა. ამ სიუჟეტში ის ნავთის ლამპაზე ლაპარაკობს - ნივთზე, რომელმაც, მისი თქმით, ერაყის მოსახლეობას დიდი სამსახური გაუწია ათწლეულების განმავლობაში, გაჭირვებისა და ომის დროს.

რადიო ”თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს დირექტორის თქმით, ხამაილ მუჰსინ ხალაფი ერაყში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა:

[ალ-ჰაიდარის ხმა] ”მან 70-იან წლებში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში და მას შემდეგ ერაყის ტელევიზიაში მუშაობდა. იმ დროს ეს ერთადერთი არხი იყო - ერაყის სახელმიწო ტელევიზია, დაახლოებით 2002 ან 2003 წლამდე, ანუ რეჟიმის შეცვლამდე. ის ცნობილი იყო, ტელევარსკვლავის სტატუსს ატარებდა, მას ყველა იცნობდა, რადგან 26 თუ 27 წელიწადი ტელევიზიით გამოდიოდა ხოლმე. ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ის ჩვენთან მოვიდა სამუშაოდ.”

რადიო ”თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს დირექტორი იხსენებს, რომ ექსტრემისტები ჟურნალისტს მოკვლით არაერთხელ დამუქრებიან. ამის გამო მან თავისი ორი ქალიშვილი საცხოვრებლად სირიაში გაგზავნა, თვითონ კი ერაყში დარჩა და შვილებს ჟურნალისტური საქმიანობით არჩენდა.

ხამაილ მუჰსინ ხალაფის მკვლელობა მორიგი დიდი დარტყმაა ერაყში მომუშავე ჟურნალისტებისთვის - ამბობს ნაბილ ალ-ჰაიდარი. თუმცა რადიო ”თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს დირექტორის თქმით, მისი სიკვდილი კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ხალაფის კოლეგებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობა და ადამიანების ინფორმირების მისიის შესრულება კვლავაც განაგრძონ.
XS
SM
MD
LG