Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: პუტინის რელიგიური რწმენა კითხვებს აღძრავს


რუსეთში მაუწყებელი სატელევიზიო სადგურები ბოლო პერიოდში ხშირად აჩვენებენ კადრებს, რომლებზეც პრეზიდენტი პუტინი ვატიკანშია გადაღებული

- სანთლებს ანთებს და პირჯვარს იწერს, ან მდინარე იორდანეს ნაპირას ლოცულობს. ზოგადად, ვლადიმირ პუტინი არასოდეს მალავდა, რომ მართლამადიდებლურ რწმენას იზიარებს. არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი რწმენის დემონსტრირება უკვე გადაჭარბებული ინტენსივობითაც კი ხდება.

პრეზიდენტ პუტინის პრესსამსახური არ ახმაურებს, როგორ აპირებს პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას. თუმცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ტრადიციას არც წელს დაარღვევს და სააღდგომო წირვას მოსკოვის ცენტრში, მაცხოვრის ტაძარში, დაესწრება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინს არასოდეს უცდია დაემალა, რომ მართლმადიდებლურ რწმენას იზიარებს. თუმცა ბევრნი ამბობენ, რომ უწინ პუტინი რელიგიური არ იყო. მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების წარმომადგენელი, მამა იგორ ვიჟანოვი, ასეთ ამბავს იხსენებს:

[ვიჟანოვის ხმა] ”რამდენადაც ვიცი, მან რელიგიური შეხედულებები შეიცვალა. მსმენია სასწაულზე, რომელიც მან პატარა ჯვართან დაკავშირებით განიცადა და ამის შემდეგ იქცა მორწმუნედ.”

ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი თავგადაკლული მორწმუნეა, - ამბობს ალექსანდრ ვერხოვსკი, ორგანიზაცია ”სოვას” დირექტორი. ეს ორგანიზაცია რუსეთში რელიგიურ დისკრიმინაციაზე აწარმოებს მონიტორინგს.

[ვერხოვსკის ხმა] ”სიმართლე გითხრათ, მე ვერანაირ ასეთ დინამიკას ვერ ვამჩნევ. პირიქით - ჩემი აზრით, მისი პრეზიდენტობის პირველ ორ წელთან შედარებით, ახლა ეს ტენდენცია შემცირდა კიდეც. მაშინ ეს მართლაც უაღრესად თვალშისაცემი იყო. რაღაც მომენტში ის იძულებული გახდა, ან გადაწყვიტა, საეკლესიო ხელმძვანელობას გამიჯვნოდა. თავდაპირველად ეკლესიის ლიდერებს იმედი მიეცათ, რომ პუტინის ეკლესიით დაინტერესება მათ ძალიან ახლო კავშირებს მოუტანდა ხელისუფლებასთან. მაგრამ ასეთი კავშირები მათთვის არავის შეუთავაზებია - იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი ხელისუფლებას არცთუ ძალიან სჭირდება.”

რუსეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს მკაფიოდ უნდა გაემიჯნონ. ტრადიციულად, რუსეთს ოთხი ოფიციალური რელიგია ჰქონდა: რუსული მართლმადიდებლობა, ისლამი, იუდაიზმი და ბუდიზმი. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ პუტინის მხრიდან მართლმადიდებლური რწმენისადმი კუთვნილების ასე ღიად დემონსტრირება ნიშნავს, რომ ის პრიორიტეტს ერთ რელიგიას ანიჭებს, სხვების ხარჯზე.

მიმდინარე კვირაში რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ეკლესიას დაუბრუნოს რევოლუციის პერიოდში წართმეული მიწები. კარნეგის ცენტრში მომუშავე ანალიტიკოსი ალექსეი მალაშენკო ასეთ თვალსაზრისს გამოთქვამს:

[მალაშენკოს ხმა]”ეს არ ნიშნავს, თითქოს ყველა თანხმდება, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს ოფიციალურ რელიგიად დაკანონდეს - ეს სისულელეა და შეუძლებელი იქნება. მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული პოზიციით სარგებლობს, სახელწიფოსთანაც გამორჩეული კავშირები აქვს და მათი ამბიციები, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათისაა. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ, ასე ვთქვათ, განვითარების რუსულ გზაში.”
ამ ტენდენციის ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის რამდენიმე რეგიონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურის სწავლება სკოლებში სავალდებულო გახადონ. ამის პასუხად, რუსეთში ისლამური სარწმუნოების წარმომადგენელთა საბჭომ განაცხადა, რომ აპირებს მთავრობას მიმართოს თხოვნით, მუსულმანური კულტურის სწავლების პრაქტიკა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს გასცდეს და სხვა რეგიონებიც მოიცვას, სადაც
მუსულმანები ცხოვრობენ.

იმას, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია სხვა რელიგიებთან მიმართებით პრიორიტეტებით სარგებლობს, ორი მიზეზი აქვს, - ამბობს ალექსანდრ ვერხოვსკი, ორგანიზაცია ”სოვას” დეირექტორი. ეს ორგანიზაცია რუსეთში რელიგიურ დისკრიმინაციაზე აწარმოებს მონიტორინგს:

[ვერხოვსკის ხმა] ”ეს, უწინარესად, რუსეთის სახელმწიფოებრიობის ტრადიციას უკავშირდება. უხეშად რომ ითქვას, ეს სახელმწიფო საკუთარ თავს მოსკოვის სამთავროსა და რუსეთის იმპერიის მემკვიდრედ აღიქვამს და არა იმ განსხვავებული მოქალაქეების ერთობად, რომლებიც დღევანდელ რუსეთში რეალურად ცხოვრობენ. მეორე მხრივ, მართლმადიდებლური რელიგია უმრავლესობის რელიგიას წარმოადგენს. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს - ბევრს ღმერთიც კი არ სწამს, მაგრამ საკუთარ თავს მაინც მართლმადიდებელს უწოდებს. ეკლესია კი ირიბად მათი სახელით მოქმედებს.”

თუმცა თეოლოგი და სასულიერო პირი იაკობ კროტოვი უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი:




[კროტოვის ხმა] ”პუტინმა აჩვენა, რომ მორწმუნეა, რომ რელიგიური ადამიანია. მაგრამ როდესაც საუბარი პოლიტიკას ეხება, ის პოლიტიკოსია. ეს კი ნიშნავს, რომ პუტინი, ზოგადად, მართლმადიდებლებს კი არ უჭერს მხარს, არამედ იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში კრემლის ნომენკლატურამ გამოზარდა. მეტიც - ის მართლმადიდებლობას საერთოდ არ უჭერს მხარს. პუტინი მხარს ნომენკლატურულ რელიგიურობას უჭერს. ეს კი ნიშნავს, რომ ის მუსულმანების ერთ ჯგუფს ავიწროებს, სხვებს კი მხარს უჭერს; ავიწროებს ზოგიერთ ებრაელს და მხარს უჭერს სხვებს. ამორჩევა, სელექცია, ძველი საბჭოთა ხრიკია. ჰიტლერიც ამის მსგავსად იქცეოდა.”

თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების წარმომადგენელი, მამა იგორ ვიჟანოვი, პუტინის რწმენაში უარყოფითს ვერაფერს ხედავს:

[ვიჟანოვის ხმა] ”ის, რომ პრეზიდენტი აღდგომაზე ეკლესიაში მიდის, მისი პირადი საქმეა. როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, თავის რწმენაზე ლაპარაკობს, ამაში პრობლემას ვერავინ ხედავს. პრეზიდენტებიც ადამიანები არიან.”













  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG