Accessibility links

logo-print

რუსეთის არმიის ახალწვეული აცხადებს, რომ უფროსი ასაკის ჯარისკაცებმა ის იძულებით ჩართეს პროსტიტუციაში


რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთმა ახალწვეულმა ხმამაღლა განაცხადა, რომ მასზე უფრო სტაჟიანი ჯარისკაცები მას მამაკაცთა პროსტიტუციის ქსელში ჩართვას აიძულებდნენ

და ამ გზით ფულს შოულობდნენ. ამ ახალწვეულის საქმემ, რომელიც უკვე გადაეცა სასამართლოს, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ის გაუსაძლისი პორობები, რომელთა ატანაც ხშირად უწევთ ახალწვეულებს რუსეთში. ე.წ. ”დედოვშჩინის” ფენომენი, ჯარში გამეფებული ჩაგვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც რუსეთში ახალგაზრდობა ცდილობს, თავიდან აირიდოს ჯარში სამსახური.

სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, ორგანიზაცია ”ჯარისკაცთა დედების კომიტეტის” პატარა ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუბოვ იეჟელევა ციმბირელი ახალწვეულის, პაველის, ამბავს ჰყვება:

[იეჟელევას ხმა] ”ის მომიყვა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც სანკტ-პეტერბურგში მსახურობდა, ის მამაკაცთა პროსტიტუციაში იძულებით ჩართეს. მას ეს მასზე უფრო სტაჟიანმა ჯარისკაცებმა აიძულეს - მათ, ვისაც რუსეთის არმიაში, ტრადიციულად, ”დედებს”, ანუ ”ბაბუებს” უწოდებენ ხოლმე. ისინი მას სცემდნენ, მერე ტელეფონს აძლევდნენ - შემდეგ ის კლიენტებს ტელეფონით უკავშირდებოდა, ფასზე თანხმდებოდა, მიდიოდა კლიენტთან, ასრულებდა ამ ფუნქციას - ხოლო ფული, რომელსაც მას კლიენტი უხდიდა, სტაჟიან ჯარისკაცებთან მოჰქონდა.”





პაველი ახალწვეულის ნამდვილი სახელი არ არის. ის ჟურნალისტებისგან ვინაობას მალავს. ამბობს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში განიცდიდა ჩაგვრას და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მიმართა ”ჯარისკაცთა დედების კომიტეტს” - ორგანიზაციას, რომელიც ახალწვეულთა უფლებებს იცავს რუსეთის ჯარში.

ლუბოვ იეჟელევას თქმით, მან ახალწვეულების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის და ამ გზით ფულის შოვნის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იცის, თუმცა საკუთრივ ჯარში გაუპატიურება და ჩაგვრა ხშირი პრაქტიკაა:

[იეჟელევას ხმა] ”სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულები ჯარში ხდება. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ დანაშაულთა შესახებ თუნდაც იმ ადამიანებისგან იცის, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ საჩივრებით. აქ აუცილებლად უნდა ითქვას ერთი მნიშვნელოვანი რამ - ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ახალგაზრდა ბიჭს უკიდურესად უჭირს საუბარი. ამიტომაც, მე ვფიქრობ, ასეთი დანაშაულების უმრავლესობა დარჩება იმ ადამიანთა სინდისზე თუ ცნობიერებაში, ვინც ეს ჩაიდინა ან ამის მსხვერპლი გახდა. ბიჭები ძალიან იშვიათად აღიარებენ, რომ მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა, იმიტომ რომ, ცხადია, ეს ძალიან დამამცირებელია.”

მართლაც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ჯარში ახალწვეულების ჩაგვრას მასშტაბური ხასიათი აქვს. როგორც ცნობილია, იმის აღსაწერად, თუ როგორ იჩაგრებიან ახალწვეულები სტაჟიანი ჯარისკაცების ხელში, საგანგებო ტერმინიც კი არსებობს - ”დედოვშჩინა”.

მედიაზე სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული კონტროლის გამო, ჩაგვრის შემთხვევები, როგორც წესი, ფართო საზოგადოებისგან დაფარული რჩება. თუმცა უკანასკნელ წლებში ჯარისკაცების მიმართ გამოვლენილი ულმობლობის რამდენიმე შემთხვევა მაინც გახმაურდა, რასაც საზოგადოების შოკირება მოჰყვა.

ერთ-ერთი ახალწვეული ისე ძალიან იყო ნაცემი, რომ ფეხებისა და სასქესო ორგანოს ამპუტაცია დასჭირდა. სასტიკად ნაცემი სხვა ჯარისკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში ტკივილების გამო მოხვდა - ექიმებმა მას ნაწლავების ნაწილი ამოაჭრეს.

ყოველწლიურად, სულ მცირე, 1000 ახალწვეული იღუპება არასაომარ ვითარებაში - მათ შორის, ჩაგვრის და თვითმკვლელობის შედეგად. ასობით ჯარისკაცი საავადმყოფოებში ხვდება. ასეთი ვითარების გამო, ათასობით ახალგაზრდა მამაკაცი ყველა საშუალებით ცდილობს თავი აარიდოს ჯარში სამსახურს.

მოსკოვის ერთმა მკვიდრმა, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” ანონიმად დატოვება სთხოვა, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მისმა ოჯახმა 7 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა ქრთამის სახით და ამ გზით დაიხსნა ის ჯარში გაწვევისგან. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ასე მოიქცა მისი თითქმის ყველა მეგობარი - მათ 5 ათასიდან 10 ათას ამერიკულ დოლარამდე გადაიხადეს იმისათვის, რომ ჯარში არ წასულიყვნენ.

მოსკოვში განთავსებული დამოუკიდებელი ორგანიზაციის - სამხედრო პროგნოზების ცენტრის - დირექტორი ანატოლი ციგანიოკი ფიქრობს, რომ ცვლილებები სამხედრო სტრუქტურაშია განსახორციელებელი:


[ციგანიოკის ხმა] ”სოციალური პრობლემები მართლაც არის - ისინი რუსულ არმიას საბჭოთა პერიოდისგან ერგო. და ამ პრობლემებს მიზანმიმართულად არავინ შებრძოლებია. ”დედოვშჩინის” პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა გაწვევის წესის შეცვლით შეიძლება. მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსეთის არმიას აკლია პროფესიონალი სერჟანტების ფენა. სერჟანტის პროფესია თავდაცვის სამინისტრომ სიაში უნდა შეიტანოს და ამ პროფესიის ადამიანებს სახელმწიფომ შესაბამისი მოთხოვნები უნდა წაუყენოს.”

ციგანიოკის თქმით, როგორ წესი, მჩაგვრელების როლში უფროსი ჯარისკაცები გამოდიან ხოლმე - ისინი, ვინც სერჟანტის წოდება მოიპოვა. ხშირად ხდება, რომ წარსულში ისინი თავად იყვნენ ”დედოვშჩინის” მსხვერპლნი.

არსებული მონაცემებით, ფულის გადახდის გზით სამხედრო სამსახურიდან თავის დახსნას ახალგაზრდათა 70 პროცენტამდე ახერხებს - რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენების წარმომადგენლები მსახურობენ. გასულ თვეში რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ მიხაილოვი გულწრფელი განცხადებით გამოვიდა. მისი თქმით, იმ 11 ათასი ახალგაზრდიდან, რომლებიც საჰაერო ძალებში გაიწვიეს, 30 პროცენტზე მეტს ”ფსიქიკური პრობლემები” ჰქონდა, 10 პროცენტს - ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, 15 პროცენტი კი ავად იყო ან ცუდი კვების გამო იყო დასუსტებული.

ამასთან, გენერალ-ლეიტენანტმა დასძინა, რომ ახალწვეულთა 25 პროცენტი თავიანთ მამებს არ იცნობდა, 3 პროცენტი - დედებს და კიდევ 3 პროცენტი საერთოდ ობოლი იყო.

თუმცა ”ჯარისკაცთა დედების კომიტეტის” წარმომადგენლის, ლუბოვ იეჟელევას აზრით, ვითარების ცვლილება მოსალოდენლი არ არის:

[იეჟელევას ხმა] ”ვიცით, რომ ადამიანებს უკვე იძახებენ სამხედრო კომისიებში; ახალგაზრდებს უკვე იჭერენ მეტროებში. როგორც ჩანს, გაწვევის პროცესში საკმარისად სერიოზული დარღვევები იქნება. სამწუხაროდ, საზოგადოება ამ დარღვევებს ეფექტიან წინააღმდეგობას ვერ უწევს. შარშან, შემოდგომის გაწვევისას, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს სახლებში უვარდებოდნენ, ხალხს პირდაპირ ქუჩებიდან იყვანდნენ - იმის მიუხედავად, რომ მათ ჯარიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი ჰქონდათ. ამას უგულებელყოფდნენ და ამ ადამიანებს ჯარში გზავნიდნენ.”

ბევრს პრობლემის გადაჭრის გზად სავალდებულო გაწვევის დასრულება, შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება და პროფესიული სამხედრო ძალების ფორმირება მიაჩნია.
XS
SM
MD
LG