Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირაში, სხვა მრავალ შინაურ თუ საერთაშორისო მოვლენასთან ერთად, ქართული პრესის მთავარი პუბლიკაციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა.

უკვე ორშაბათს გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს სტატიას ,,იუშჩენკო გადამწყვეტი პრძოლისათვის ემზადება”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,, დაითხოვს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს? მივა თუ არა ხალხი თავისუფლების მოედანზე? ეს კითხვები გასულ კვირას ბევრ პოლიტიკოსსა და პოლიტოლოგს მოსვენებას არ აძლევდა. პირველ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. შაბათს კიევის თავისუფლების მოედანი ხალხით იყო სავსე.”

სამშაბათს კი იგივე “24 საათი” წერდა: ,,როგორც ჩანს, უკრაიანაში 2004 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე ცხელი კვირა დაიწყო”... და იქიდან მოყოლებული, მთელი ეს კვირა ქართული პრესა ყოველდღიურად აშუქებდა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ,,უკრაინა სცილასა და ქარიბდას შორის” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “24 საათი”. ,,ორშაბათს ვიქტორ იუშჩენკომ რადა დაითხოვა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გვიან ღამით მიღებული ეს გადაწყვეტილება ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ახალი საპარლამენტო არჩევნები 27 მაისისათვის დაინიშნა, ძველი რადა კი დაშლას არ აპირებს. კიევის ცენტრში კოალიციის მომხრეები იკრიბებიან და პრეზიდენტს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.… ხალხი გაურკვევლობაშია, რადა - ცუდის მოლოდინში”, – წერს შორენა ბარნაბიშვილი კიევიდან. ლევან ღირსიაშვილი კი იმავე “24 საათში” უკრაინის კრიზისს ახალი ცივი ომის ცხელ წერტილს უწოდებს.

სიტუაცია უკრაინაში დღითი დღე იძაბებოდა. ,,ახლა უკრაინაში ძალზე დაძაბული ვითარებაა და ყველას აინტერესებს, მივა თუ არა საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე”, – წერდა ოთხშაბათს გაზეთი “რეზონანსი” ვრცელ პუბლიკაციაში, სათაურით ”იუშჩენკომ რადას შიგ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ჩასცა”. გაზეთი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ვიქტორ იანუკოვიჩს რადასთან მისული მისი ერთი გულშემატკივარი ხელზე ეამბორება.

,,მართალია, კიევში აგრილდა, მაგრამ პოლიტიკური ამინდი კვლავ ცხელია”, - წერს გაზეთი “24 საათი” პუბლიკაციაში ,,ვიქტორ იუშჩენკო მყარად დგას თავის პოზიციაზე, კოალიცია კი ,,ბარიკადებს” ამაგრებს”.
პარასკევს “რეზონანსის” პუბლიკაციაში კი რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის მოვლენებს საქართველოს ამგვარად უკავშირებს: “თუ რუსეთმა უკრაინაში თავისი გაიტანა, შემდეგ უფრო მეტ ენერგიას დახარჯავს საქართველოზე.”

შინაურ ამბებს კი რაც შეეხება, გაზეთების მთავარი თემა გასულ კვირას იყო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ”, რომელიც ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა განეხილათ.

,,სააკაშვილი კოკოითს ხუთშაბათს ომს გამოუცხადებს?” - კითხულობდა 3 აპრილს გაზეთი “ალია”. მომდევნო ნომერში კი იგივე გაზეთი ბეჭდავს პუბლიკაციას ,,რას უწუნებს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის კანონს” და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებს აქვეყნებს.
ოპოზიციის მოსაზრებებით გაზეთი “ახალი თაობაც” ინტერესდება და 5 აპრილს აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ივლიანე ხაინდრავასთან. ,, საკმაოდ ნედლი კანონპროექტის შთაბეჭდილებას ტოვებს”,– უთხრა გაზეთის კორესპონდენტს ივლიანე ხაინდრავამ. ,,მისი აზრით, ეს ,,კონსტიტუციური სივრცის მიღმა მყოფი კანონპროექტია”, ვინაიდან კონსტიტუციაში ღიადაა დატოვებული ტერიტორიული მოწყობის საკითხები”, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე მოტანილია გიგა ბოკერიას პასუხი: ,,კანონპროექტი არათუ წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან, არამედ საერთოდ არ ქმნის პრობლემებს”.

უკვე პარასკევს კი გაზეთი “24 საათი” პირველ გვერდზე წერდა: ,, გუშინ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით მოიწონა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.” ამ პუბლიკაციაში, სათაურით ,,უმრავლესობა და ოპოზიცია ერთ ნავში სხდებიან”, ვკითხულობთ: ,,აღნიშნული დოკუმენტის მიღებით ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ –ტერიტორიული ერთეულის ჩამოსაყალიბებლად სამართლებრივი საფუძვლის შექმნას გეგმავს. კანონპროექტს პარლამენტში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ორი დეპუტატი.”

კონფლიქტების თემა სხვა მხრივაც აქტუალური იყო გასულ კვირას ქართული პრესის ფურცლებზე.
ორშაბათს გაზეთი “რეზონანსი” წერდა: ,,15 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განხილვა კიდევ ერთხელ მოხდება და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ სხდომაზე გაეროს სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტის ზონაში ყოფნას კიდევ 6 თვით გაუგრძელებენ.” იქვე გაზეთში მოყვანილია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის სიტყვები: ,,უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ბოლო რეზოლუციები პოლიტიკურად დატვირთული და, ამავდროულად, პრორუსული აღმოჩნდა.”

ხუთშაბათს გაზეთი “რეზონანსი” ამ თემაზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომლის მიხედვითაც, სერგეი შამბა გაეროს ტრიბუნის გამოყენებას გეგმავს.
,,არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი გახდება”, – ეს სერგეი შამბას სიტყვებია, რომელსაც უკვე შაბათის “რეზონანსი” აქვეყნებს. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,, გაერო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში თავისი მონაწილეობის ფორმატის გაფართოებას გეგმავს. უშიშროების საბჭომ გალში ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი ცენტრის გახსნისა და გაეროს მისიისათვის უფლებამოსილების გაფართოების საკითხი უნდა განიხილოს. ეს მოსაზრებები ასახულია გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოხსენებაში, რომელსაც უშიშროების საბჭო 10 აპრილს განიხილავს.”

დაბოლოს, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული კვირა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება. შაბათის “რეზონანსის” პირველ გვერდზე ვკითხულობთ: ,,ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებული მოწიწებით ეკიდებიან აღდგომის დრესასწაულს, “რეზონანსი” მთელ საქართველოს გულითადად ულოცავს ამ დღეს.”
XS
SM
MD
LG