Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ვახო ვახტანგიშვილი ამ კვირაში "თავისუფლების" დღიურების

ავტორია თბილისის 159-ე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ვახო ვახტანგიშვილი.

1 აპრილი, კვირა
დღეს ბზობაა, ქრისტიანული დღესასწაული. არა მგონია, ის, რასაც ვწერ, ვინმემ დღესვე წაიკითხოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საათის პატარა ისარი უკვე თერთმეტს უახლოვდება. ამიტომ, მოლოცვებისგან თავს შევიკავებ.
ეს არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი დღე სრულიად უბრალოდ დაიწყო. მობილურმა, რომელიც ბალიშის ქვეშ მედო, დილაადრიან დარეკა. "დილაადრიან", ანუ დილის თერთმეტ საათზე. ზარმა წყალტუბოში გამგზავრების მოახლოება მაუწყა, სადაც უკვე ორი წელია, არ ვყოფილვარ.
წყალტუბო ჩემი უახლოესი მეგობრის, დათუჩას მშობლიური მხარეა, სადაც მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მასპინძლებმა უაღრესად თბილად მიმიღეს. მიუხედავად მოსაწყენი მგზავრობისა, მაინც შევძელი მიდამოსთვის თვალი მომევლო და მეხსიერებაში ჩარჩენილი მოგონებები აღმედგინა. ამასობაში კი ერთი გამოთქმა ამომიტივტივდა თავში - დრო ყველაფრის მკურნალიაო. ალბათ, ამის დამწერმა ისიც კარგად იცოდა, რომ დრო ყველაფერს შლის. ამის ნათელი დასტური კი ჩემს თვალწინ იყო აღბეჭდილი: ერთ დროს მთელს რესპუბლიკაში გამორჩეულ კურორტს აშკარად დასტყობია დროის ხელი.
დღეს ზვიად გამსახურდია დაკრძალეს. მიაბარეს მშობლიურ მიწას უდიდესი ქართველი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
მოზღვავებულმა ემოციებმა ძალიან დამღალა.
ჩემმა დღევანდელმა ექსკურსიამ კი ის გამოიწვია, რომ დაღლილობის გამო "დროების" ყურება ვეღარ შევძელი – დათუჩასგან განსხვავებით – და ადრევე დავჯავშნე ძილის ქვეყნისკენ მიმავალი ბილეთები.
ბოლოს კი მსურს დავურთო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტყუილის საერთაშორისო დღეა, მაინც არ მიცდია ვინმეს მოტყუება.

2 აპრილი, ორშაბათი
დათუჩამ ვერაგულად გამაღვიძა 11 საათისთვის, თორემ კიდევ კარგა ხანს არ მოვცილდებოდი საყვარელ ბალიშს. ჩავიცვი და აივანზე გავედი. წყალტუბოს ცა ღრუბლებს დაეფარა. ამომტვრეულ ასფალტზე კი წვიმის გუბეებს ეპოვათ თავშესაფარი. უკაცრიელი ქუჩა ამ ყველაფერს საოცრად რომანტიკულს ხდიდა. მძულს ასეთი ამინდი: თითქოს ბუნებას ღრმა ძილით სძინავსო.
მოვიწყინე...
არც ინტერნეტი, არც მეგობრები, არც გოგოები... მხოლოდ ტელევიზორი. იმასაც არ ვუყურებ უკვე დიდი ხანია, პრესის საშუალებით ვეცნობი ყველაფერს. მოსმენილს წაკითხული მირჩევნია.
თბილისი მომენატრა, ხმაურიანი და მანქანებით გადაჭედილი, სახლიც... რომანიც დასაბეჭდი მაქვს.
საღამოს ისევ დავაპირე დაძინება, მაგრამ ცოტა ხანში "გულთბილმა" მასპინძელმა ჩემს გასაღვიძებლად წყალიც კი მოიშველია. ამიერიდან ჭკუას ვისწავლი და დათუჩას დაძინებამდე აღარასოდეს დავიძინებ.
ახლა კი უნდა დავიძინო და ხვალ ადრე ავდგე, რათა ჩემს "მაღვიძარას" სამაგიერო გადავუხადო და ორიგინალურად მივულოცო დაბადების დღე.

3 აპრილი, სამშაბათი
დღეს დათუჩას დაბადების დღეა; და ჩვენც ამ დიდებულ თარიღს სწორედ იმ ადგილას ვხვდებით, სადაც დაიბადა!
მთელი დღე მეზობლის მანქანით ვგრიალებდით წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდით ძია პატრულის შიშით.
საღამოს მეგობრები შევიკრიბეთ და იქაური არაყი დავაგემოვნეთ, რომელმაც იუბილარი ხელიდან გამოგვაცალა და ძილის სამფლობელოს გადაულოცა. ჩვენი კი მთავარი როლის შემსრულებლის გარეშე გავაგრძელეთ მეორე მოქმედება არყის ბოთლით ხელში.
მთელი ღამე ვიმხიარულეთ. საერთოდ, ცხოვრების ხალისი ამ დროს უფრო მემატება, მიყვარს ღამის ქუჩებში ხეტიალი, გუბეებში არეკლილ მბჟუტავ ლამპიონებთან საუბარი, მიყვარს ზღვის დასალიერში ჩაძირული მთვარის ყურება და ოცნება უსასრულობაზე.
ზღვაზე გამახსენდა...
ბავშვობაში ქობულეთში ყოფნის დროს, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო მოპირდაპირე სანაპირო, რომელიც რატომღაც უკაცრიელი და დაუსახლებელი წარმომედგინა, რადგან კარგად არ ვიცოდი, საქართველოს და ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებიც თუ არსებობდა. ამერიკა კი მეხსიერებაში მკვლელების სამშობლოდ ჩამებეჭდა ისევე, როგორც ყველა ბავშვს, ვინც ამერიკული თრილერების ცქერით ირთობდა თავს. მეც დავრბოდი აქეთ-იქით სათამაშო იარაღით ხელში და წამდაუწუმ გავიძახოდი ორ, ერთი შეხედვით უწყინარ სიტყვას: Fuck you!
სამწუხაროდ, ამ ფრაზის ხმარებას მას შემდეგ მოვუხშირე, რაც მისი მნიშვნელობა შევიტყე.

4 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს ოთხშაბათია. ჭიაკოკონობაა თუ რაღაც ამგვარი...
როგორც ვიცი, ეს ჩვეულება ქრისტიანულად არ მიიჩნევა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმასაც ამბობენ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ამინდს რომ ხელი არ შეეშალა, წყალტუბოშიც დაინთებოდა პრომეთეს გმირობის შედეგი, რომელსაც, ჭინკების არ იყოს, მეც სიამოვნებით გადავახტებოდი.
მახსოვს, პატარები რომ ვიყავით, უბნებს შორის შეჯიბრი იმართებოდა, ვინ უფრო დიდ ცეცხლს დაანთებდა. ჩვენ კი სხვა საქმე არ გვქონდა და ვისაც რამ ხის მოგვეპოვებოდა, ყველაფერი მოგვქონდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა: ხის ნაფოტები, ამოყრილი პარკეტი, გადაყრილი საბურავები თუ კარ-ფანჯარა.
საერთოდ, დღიური არ არის ჩემი სტიქია, ჯერ ნოველებით და რომანებით ვიმშვიდებ თავს. დღიურს უფრო გულმავიწყი ხალხი წერს, წლების მანძილზე განვლილ ცხოვრებას რომ შეავლონ თვალი სიბერის ჟამს. არ მიყვარს წარსულის საქაღალდეებში ქექვა, მომავლის ინტერესი მთლიანად ჩრდილავს წარსულისას.
რატომ წერ დღიურს?
ნუთუ მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის?
მგონი, უაზრობაა, მარტო იმიტომ წერო, რომ საკუთარ თავს აჩვენო საკუთარი ნიჭი. ყველაფერი, რასაც შემოქმედი ქმნის, იმ დედააზრს ატარებს, რომ ხალხმა მისი შედევრი ნახოს და შეაფასოს. ჯერ კი ისეთი ცნობადი სახე არა ვარ, ჩემი ცხოვრების განვლილი წუთები სხვისთვის საინტერესო იყოს.
დღეს არც ცეცხლი იყო და არც მხიარულება.
მოვიწყინე...
თბილისი მომენატრა...

5 აპრილი, ხუთშაბათი
დილას ადრე გამაღვიძეს მეგობრებმა და ეკლესიაში წამიყვანეს, სადაც შვიდგზის ზეთის ცხება იმართებოდა, მაგრამ მე და დათუჩა პირველი სახარების შემდეგ წამოვედით, რადგან მე ნაზიარები არ ვარ. ზეთის ცხების შემდეგ, თურმე, ყველა ცოდვა მოგენანიება, მაგრამ თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ხარ ნაზიარები, მაშინ ამ რიტუალს არანაირი შედეგი არ მოჰყვება. და ჩვენც წამოვედით. დათუჩას წამოსვლის მიზეზი კი, ჩემგან განსხვავებით, ის იყო, რომ მას უკვე ჰქონდა ზეთი ნაცხები თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ვიდექით და ჩვენი სახლისკენ მიმავალ კეთილ ძიებს ველოდით. მხსნელებად კი პატრულის მუშაკები მოგვევლინენ, რომლებმაც პოლიციის შენობამდე მიგვიყვანეს, საიდანაც ლენინის ქუჩა სულ ახლოს არის.
განვლილ დღეს თვალი რომ გადავავლო, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთმა ყველაზე დამღლელმა და მოსაწყენმა დღემ ჩაიარა. ბოლოს, როცა უსაქმურობამ პიკს მიაღწია, გუშინდელი ჭიაკოკონობის მოწყობა დღეს გადავწვიტეთ. დანგრეულ გარაჟს მივაგენით და ხის რაც იყო, ყველაფერი გამოვიტანეთ. 11 საათისთვის მოედნის შუაგულში, ხისგან აშენებულ ქოხისმაგვარ ნაგებობას მოვუკიდეთ ცეცხლი და იმის გამო, რომ დამსწრე საზოგადოება ხელიდან მალევე გამოგვეცალა, სახლში მაშინ ავედით, ალმა ყველაზე მაღალ წერტილს როცა მიაღწია.
არ მეძინებოდა და აივნიდან ვუცქერდი, როგორ იწვოდა ასწლეულებგამოვლილი, სიძველისგან და უმოქმედობისგან დამპალი ავეჯი...

6 აპრილი, პარასკევი
დილას ადრე ავდექი და თბილისში დასაბრუნებლად მოვემზადე, მაგრამ თითქმის მთელი ბარგი წყალტუბოში დავტოვე, რადგან ორ დღეში დაბრუნებას ვაპირებ. მგზავრობისას, სამი წლის წინანდელ "იუმორინას" ვუყურებდი და ლამის დაზეპირება დავიწყე, მაგრამ ძილი მომერია. ვისარგებლე იმით, რომ ჩემს გვერდით არავინ იჯდა, წამოვწექი და წავუძინე.
რეალობაში რაღაც ძალიან საშინელი სუნის გამო დავბრუნდი. როცა გამოვფხიზლდი და უკან მოვიხედე, ასე, ოთხმოციოდე წლის ქალბატონი შევამჩნიე, რომელიც დიდი გულმოდგინებით აბოლებდა უფილტრო სიგარეტს.
თბილისში რომ ჩამოვედი და ოჯახი მოვინახულე, სასწრაფოდ მეგობრების სანახავად წავედი. სახლში გვიანობამდე არ დავბრუნებულვარ.

7 აპრილი, შაბათი
დღეს ჩემი ერთკვირიანი დღიურის ბოლო დღეა და რადიოში წასასვლელად გულმოდგინედ ვემზადები. ჩემი აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემთვის სურათის გადაღებას აპირებენ თურმე. საქმე ის არ არის, რომ ამის კომპლექსი მაქვს - უბრალოდ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, არაფოტოგენური ვარ, რაზეც მეგობრები ძალიან ბევრს დამცინიან. მე კი სხვა გზა აღარ დამრჩა და უკვე აქტიურად უნდა დავიწყო ვარჯიში სარკის წინ, როგორც ერთმა მოდელმა მირჩია, რომელიც ოდესღაც ჩემს დღეში ყოფილა. მაგრამ, არა მგონია, ეს შევძლო, რადგან უკვე იმის დროც კი არ მაქვს, საფუძვლიანად გამოვფხიზლდე.
მასწავლებლები, ფეხბურთი და სკოლა. სამი მიზეზი, რის გამოც მხოლოდ კვირა დღეს შემიძლია თავს სრული თავისუფლება მივცე, ისიც მაშინ, როცა ვარჯიში არ მაქვს.
დღეს ამ კვირაში მეორედ გავემგზავრე წყალტუბოში – სააღდგომოდ. ღამეს, ალბათ, წმინდა მარკოზის ეკლესიაში გავათენებ. ვაპირებ, იქაურებთან ვაჩხუბო ჩემი საგულდაგულოდ შერჩეული წითელი კვერცხები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG