Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ნოდარ ანდღულაძე დღიურს განვლილ კვირაში

ჩვენი თხოვნით აწარმოებდა ცნობილი საოპერო მომღერალი და პედაგოგი ნოდარ ანდღულაძე.

18 მარტი, კვირა
მოღრუბლული, ცივი დილა გათენდა. ამ მთავრობის... სახსრების ტკივილი, გრიპი, სურდო - სულ ამათი ბრალია! საოცარი თანხვედრა ხალხების მენტალიტეტში და რეაქციებში. იტალიაში ჩასულს, პირველსავე დღეებში, "ლა სკალის" მსახიობები დამიმეგობრდნენ და თავისუფალ დროს მანქანით მაცნობდნენ მილანს. ცუდი ამინდი იდგა და ერთმა ასე მითხრა: ჩვენ, იტალიელები, ძნელად სამართავი ხალხი ვართ, (difficile da governare!) და ჩვენში ასე ამბობენ, თუ ცუდი დღე გათენდა: ისევ წვიმს, ამ მთავრობის ასე და ისეო! (piove, questo maledetto governo!) მარტო ქართველების რეაქცია არ ყოფილა ასეთი...
კვირაა, მაგრამ ვინ უყურებს! იმდენი სამუშაოა, რომ კვირასაც ვაძლევ მოწაფეებს გაკვეთილებს. ნორჩმა ბარიტონმა, 17 წლის გიორგი თოდუამ მთხოვა ნებართვა, ისწავლოს ფიგაროს არია მოცარტის "ფიგაროს ქორწინებიდან". დავთანხმდი. მეტად სასარგებლოა მუსიკალობის დასახვეწად. მოცარტს ვერსად წაუხვალ. ალფრედ ტომატისს მიაჩნია, რომ მოცარტს პირველადი ბგერა ესმოდა. ამიტომ იყენებს მის მუსიკას თავის აუდიოფსიქოფონოლოგიაში. მოცარტს უთქვამს: "მე ვეძებ ორ ბგერას, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი!" მგონი, თანამედროვე კომპოზიტორები ეძებენ ბგერებს, რომლებსაც სძულთ ერთმანეთი.
ნაშუადღევს გამოჩნდნენ "დაისის" გენერალური რეპეტიციისათვის მოსულები: მარო, მალხაზი, კიაზო. უკვე გამოცდილი, წინწასული ახალგაზრდები არიან. თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. ვახტანგ ჯაშიაშვილი პირველად მღერის კიაზოს. თამრიკო სვანიძე კარგ ფორმაშია. არმაზ დარაშვილი გამოცდილი მალხაზია, ბათუმშიც აქვს ნამღერი. ოპერის თეატრშიც სთავაზობენ სიმღერას, ჯერ თავს ვიკავებ. უხეირო მდგომარეობაშია თეატრი მხატვრულად. სპექტაკლების დონე!..
ავადმყოფობა მიშლის ხელს, დავესწრო რეპეტიციას. ბიჭები დაბრუნდებიან საღამოს, ანგარიშს ჩამაბარებენ.
დღის 1 საათზე მარიკა ჩიჯავაძის რადიოპროგრამაში "მხოლოდ ოპერა" მივესალმეთ ზურიკო სოტკილავას – დაბადების 70-ე წლისთავი მივულოცეთ.
ჩემს მისალმებაში პირველად ეთერში ხმამაღლა ჩამოვაყალიბე ჩემი ხედვა ზოგადად დიდი მომღერლის, და განსაკუთრებით, ზურიკოს სასიმღერო ნიჭის ძირითადი საიდუმლოსი.
ჰოფმანმა თავის დროზე "კრაისლერიანაში" გაკვრით მიუთითა მუსიკოსის შინაგან ბირთვზე და უწოდა მას "ევფონია" - კეთილხმოვანება. შემდგომში ამას შეეხო პოლ ვალერი ყოველი ხელოვნების მიმართ მხატვრული იმპულსის მნიშვნელობით. არგენტინელმა პიანისტმა, მუსიკოსმა და ფილოსოფოსმა დანიელ ლევიმ შექმნა ორიგინალური მოძღვრება "ევფონია". დანიელ ლევი ამას განიხილავს კარლ იუნგის ფსიქოლოგიური კონცეფციის ფონზე ინდივიდუალობის, პიროვნებისა და თვითობის შესახებ (ამის შესახებ ვწერ ჩემს წიგნში "Homo cantor").
მე ვფიქრობ, რომ ზურიკო სოტკილავას ნიჭის გასაღები ამაში მდგომარეობს. იგი აქაა საძიებელი! ევფონია იბადება მისი სულის სიღრმეში – გრძნობით-ემოციური მენტალობის შინაგანი ჰარმონია – და გადმოიღვრება სიმღერით და სიმღერაში. ამაშია მისი მომაჯადოებელი ძალა. მე მიყვარს და ვეთაყვანები მის ნიჭს, ჩვენს კლასში პირველივე მოსმენით დაწყებული. არასოდეს დამავიწყდება აქ ნამღერი რახმანინოვის რომანსი "Покинем милая". მაშინ ვუთხარი მამაჩემს: "ჩვენს კლასში მოვიდა გენიოსი". და ასეთად მიმაჩნია დღემდე.
ხშირად დათიკოს გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით როიალთან და ვარჩევდით გაკვეთილს, ხანაც ხმით ვსინჯავდით მონაპოვარს. მამაჩემს არ უყვარდა ხმის ზედმეტი დატვირთვა და გაჯავრებული, ჯოხზე დაყრდნობილი შემოიხედავდა დიდ ოთახში. გვისაყვედურებდა ხოლმე რუსულად: "Вы не певцы, а пъяницы!" - ქართული აქცენტით.
ზურიკოს სიმღერას მოაქვს სიყვარული და სიკეთე ყველასთვის - ადამიანებისთვის, ბუნებისთვის, სამყაროსთვის. მოისმინეთ იმ დღეს გადმოცემული "მხოლოდ ოპერაში" ზურიკოს შესრულებით ხოზეს და გერმანის არიები. ეს საშემსრულებლო ვოკალური ხელოვნების შედევრებია!
როდოლფო ჩელეტი ტენორის ხმას ახასიათებს, როგორც ხმას, რომელიც "მღერის სიყვარულზე" (voce che canta d’amore). ასე მღერის სოტკილავა. ერთმა ავტორიტეტულმა იტალიელმა კრიტიკოსმა მითხრა: "იტალიურ სიმღერებს კარგად მხოლოდ სამი მომღერალი მღერის. ესენია ჯილი, დი სტეფანო და სოტკილავა!"
საღამო ხანს გია ონიანის მესიჯი მომივიდა ანტვერპენიდან, სადაც იგი ყაზანის საოპერო თეატრის გასტროლებში მონაწილეობს 18 "ტრუბადურით" მანრიკოს პარტიაში! ეს ასტრონომიული ციფრია, სვანის მეტი ამას ვერავინ გაუძლებს: "სალამი, მაესტრო, როგორ ხართ? დიდი წარმატებით მიდის სპექტაკლები. უკვე თერთმეტი ვიმღერე, კარგად ვუძლებ. კრიტიკამ კარგად დაწერა. მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მაქვს. ვნახოთ. გია."
ყოჩაღ, გია! ძალიან მახარებ.
გვიან საღამოს მოსკოვის "Культура"-ზე მოცარტის ოპერა "Così fan tutte" აჩვენეს. "ასე იქცევა ყველა ქალი" მოცარტის ურთულესი ოპერაა. ციურიხის თეატრის დადგმა ოდნავ მოდერნიზებულია, მაგრამ ცირკი არ არის. თანაც, ჩეჩილია ბარტოლი მღერის. ციურიხში საკმაოდ კარგი დასია. იგრძნობა საგულდაგულო მუშაობა და მუსიკის პატივისცემა და სიყვარული. საწყალი ჩვენი ოპერა! ასეთი მძიმე შედარებით დამიმთავრდა დღე...

19 მარტი, ორშაბათი
მზიანი დილა გათენდა. რაღას ვერჩი მთავრობას?! ვერჩი ჩემს ჯანმრთელობას. დღეს ველი ექიმებს. რა განაჩენს გამომიტანენ ენდოკრინოლოგი, ფონიატრი და ნევროპათოლოგი?
კონსერვატორიაში ვერ მივდივარ. არადა მეთოდიკაში ლექციები მიცდება, სათქმელი კი ბევრი მაქვს. ქართულად ცოტა რამ მოიპოვება: ნინო ბახუტაშვილის ერთი წიგნი, დამხმარე სახელმძღვანელოდ რომ გამოდგება; ნოდარ ვარშანიძის "ვოკალური ხელოვნების საკითხები", ბათუმში გამოცემული ჩემი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით, და ჩემი "Homo cantor"-ი, ახალგაზრდებისათვის ძნელად გამოსაყენებელი.
ლექციებით ვცდილობ გავაფართოვო ვოკალური ცნობიერება და "გრძნობიერება". ამას ხელს უშლის მუსიკოსების სიმწირე ჩვენში, სათანადო დარბაზების უქონლობა და სხვა. CD და DVD ერთგვარად ავსებს ამ "ლაკუნას", მაგრამ უშუალობა ამგვარ ნახვას აკლია. საჭიროა ცოცხალი შესრულების აღქმა და ამის ჩვევა.
ლექცია გაცდა.
სახლში დავიბარე სტუდენტები, ვინც "ალეკოში" მონაწილოებს - ალეკო, ზემფირა, ახალგაზრდა ბოშა, მოხუცი ბოშა.
ვიმეცადინე კიდევ სხვებთან. ყველაფერი იწერებოდა ვიდეოკამერით. ამას გადაყოლილია გური, ჩემი შვილობილი და მარჯვენა ხელი. იგია მამაჩემისა და მისი მოწაფეების მოღვაწეობის ვიდეო- და აუდიოდოკუმენტაციის შექმნელი. აღადგინა ძველი და ახალი კინო-, ვიდეო- და აუდიომასალა. დაახლოებით 7000 საათი! ბევრია ჩაწერილი ნათელა კვირიკაშვილის მიერ მაგნიტოფონზე in viro და ზურიკო სოტკილავას და გია ონიანის ნაჩუქარი კამერებით გურის მიერ.
ყოველივე ეს შეიძლება გაიცხრილოს, შეირჩეს და თემატიკურ ციკლებადაც გამოიცეს.
ექიმების წასვლის შემდეგ საღამო უფერულად ჩაივლიდა, რომ არა ახალგაზრდა დამწყები მომღერლები, რომლებიც კოლეგამ – მზია დავითაშვილმა მომიყვანა.
გიორგი ბარიტონად მიჰყავთ, მე კი პერსპექტივაში ბანად მესახება, სწორად რომ იყოს ორგანიზებული აპარატი და ტემბრი. ნიჭიერი ახალგაზრდაა. ცოტა ვიმუშავეთ მოცარტის ფიგაროს არიაზე. მოცარტი ძნელი და სასარგებლოა დამწყებთათვის.
უტა ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ აქაც "დიაგნოზი" არ არის ზუსტი. "დიაგნოზს" ჯობია "პროგნოზი". ახალგაზრდა ლირიკული ტენორი მღერის ბარიტონის ხმით იმიტომ, რომ მაღალი რეგისტრი არ არის გამომჟღავნებული ან ნაპოვნი. საერთოდ, პლანი შეზღუდულადაა დანახული. გადაყვანას ტენორზე საკმაოდ მოხერხებულად აღწევს. ხმას მიეცა ბუნებრივი დაუძაბავი ჟღერადობა.
საყოველთაოდ დაკარგულია - და არა მარტო ჩვენში - მუსიკალური გასაღების გაგება, განსაკუთრებით ადამიანის ხმის მიმართ. ახლა ყველა ერთ გასაღებში მღერის. აუტანელი ერთფეროვნებაა!
ბოლოს, საღამოს 9 საათზე, მოვიდა მარიამი, უდიდესი ნიჭით აღბეჭდილი გოგონა. ბუნებას მასზე უხვად დაუბერტყავს ნიჭიერების კალთა. ღმერთო, არაფერი გავაფუჭოთ! აი, სიხარული ბუნების შედევრთან შეხვედრისა!
ღამის ტელევიზიაში ისევ უბედურებები იყო – ნამდვილი და "კინოხელოვნური". ვერსად გაექცევი.
ხვალ მძიმე დღე მელის.

20 მარტი, სამშაბათი
დღის ორი მთავარი თემა: პროფესორ მაია წულუკიძის კლასის კამერული კონცერტი, რომელშიც ჩემი ოთხი მოწაფე მონაწილეობს; და მეორე - საოპერო სტუდიის მიმდინარე სეზონის პირველი სპექტაკლი "დაისი", სადაც ჩემი სამი აღზრდილი იმღერებს: მაროს, მალხაზს და კიაზოს.
კამერული მუსიკის კონცერტის წაყვანა მე ვიკისრე. საერთოდ, კონფერანსიედ გადავიქეცი, ისე ხშირად მიხდება გაძღოლა. ერთი პერმელი ბებერი დამლაგებლისა არ იყოს, 30 წლის წინათ რომ "მომნათლა", როცა ჩემოდნიდან საკონცერტო სმოკინგი ამოვიღე შუაღამისას. "Вы – конферансье!", და დიდი პიეტეტით დამეღრიჭა. არასოდეს მავიწყდება მისი სახე, განსაკუთრებით კონცერტის წაყვანის დღეებში. სხვა მიზეზიც არის. ვერ იპოვნი ხეირიან წამყვანს. ჯერ ერთი, თვალშისაცემია აბსოლუტური უკულტურობა, ტექსტი გაუცხოვებულია და უინტერესო. რაღაცას ჩიფჩიფებენ თავისთვის. მსმენელს ნერვები ეშლება, რაღას მოისმენს?!
კონცერტი დავიწყეთ 4 საათზე, მცირე დარბაზში. მანამდე 7 მომღერალი გავამღერე სახლში. მთავარი ნიშანი იყო გააზრებული მუსიკალური შესრულება. ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ ხელოვნების ამ სახეს ეწოდება და არის კიდევაც მხატვრული საშემსრულებლო ნაწარმოები. ესაა ჩვენი მიზანიც, ამოცანაც და შემოქმედების მხატვრული ფორმაც.
მაია წულუკიძე განთქმული მუსიკოსია, პედაგოგი და აღმზრდელი. ზურა რობაქიძემ, უჩა და გოჩა აბულაძეებმა, ანა რაჭველიშვილმა გვაჩვენეს მხატვრულ-პროფესიული ზრდა.
გაღრმავებული, დაკვირვებული, კონცენტრირებული მუშაობით ქართველ შემსრულებლებს თბილისშიც შეუძლიათ მაღალ დონეს მიაღწიონ და ხშირ შემთხვევაში, აღწევენ კიდეც. ლეილა გენჩერს ერთ-ერთი მოსმენის დროს "ლა სკალის" აკადემიაში უთქვამს - "ლა სკალას" ქართველთა სათვისტომოდ ვერ გადავაქცევო და ხუთი ქართველიდან სამი ჩაურიცხავს. სამივენი ერთად "ლა სკალის" სპექტაკლებში მღერიან.
კონცერტიდან ავედი დიდ დარბაზში და პირველ მოქმედებას კულისებიდან მოვუსმინე. ძირითადად კმაყოფილი ვარ პარტიების შესრულების დონით.
როცა მოწაფეების ასეთ დონეს ისმენ, გრძნობ, რომ ტყუილად არ გიშრომია, არ გისწავლია მათთან ერთად, არ გიღალატია ხელოვნებისთვის. ხვალ კიდევ ოთხი დებიუტანტი მელის "ალეკოში". ღამეღა მრჩება ყველაფრის მოფიქრებისთვის.

21 მარტი, ოთხშაბათი
ბოლო წლები – და ეს დღეებიც – ხელჩართული, გაცხარებული ბრძოლა მიდის ავადმყოფობასა და მუშაობის აუცილებლობას შორის. გამარჯვება ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არა აქვს. ეს ერთგვარი პერმანენტული სტატუს კვოა.
ნაშუადღევს გავუშვი "ალეკოს" ხალხი: ალეკო (პირველად ასრულებს), ზემფირა (პირველად გამოდის საოპერო სტუდიის სცენაზე), ახალგაზრდა ბოშა (დებიუტია), მოხუცი ბოშა (ესეც დებიუტანტია).
ამათ პარალელურად ვიმეორებთ "ონეგინის" გმირებს მომავალი სპექტაკლებისთვის, "იოლანტას" პერსონაჟებს.
სასწრაფოდ მოსამზადებელია მანანა პაიჭაძის თხოვნით "ფაუსტის" 1975 წლის ვიდეომასალის კრიტიკული ანალიზი გოეთეს საზოგადოებისთვის, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს. დაუვიწყარია ჩემთვის იქ ჩემი "Homo cantor"-ის რუსული თარგმანის პრეზენტაცია, ლადო ათანელთან შეხვედრა... ამ "ფაუსტმა" ძალზე დამაინტერესა. თითქოს ბევრ აქტუალურ პრობლემაზე დღემდე ვმუშაობ, მაგრამ გარკვეული პასუხი და თვალნათლივი საშემსრულებლო მაგალითი მივიღე.
პირველ რიგში, ამ პარიზულ დადგმაში კლასიკა და თანამედროვეობა ორგანულ კავშირშია წარმოდგენილი. მუსიკის არც ერთი ნაკვთი არ ეწირება რეჟისორულ ინოვაციებს. მუსიკა რჩება მუსიკად მთელი თავისი სიღრმით, მელოდიურობით, ცეცხლით, ინტონაციით, ნიუანსებით, მასშტაბით. არადა, სანახაობა დინამიკურია. ყოველ სცენაში უწყვეტი განვითარება და მფეთქავი შემოქმედებითი ენერგიაა. რაღა თქმა უნდა, გედა (ფაუსტი) და ფრენი (მარგარიტა) უმაღლესი კლასის ვარსკვლავები არიან, მაგრამ მეფისტოფელი, მიუხედავად ხმის შედარებით ნაკლები სიმდიდრისა, მღერის, მოქმედებს და ირჯება, როგორც დახვეწილი უნიჭიერესი დრამატული მსახიობი. მისი ინტონაცია პლასტიკურია და ნიუანსებით თავბრუდამხვევად მდიდარი, ახერხებს ერთდროულად სატანურობას, სიბრძნეს, მომხიბვლელობას, მზაკვრობას, საბედისწერო ხედვას. საოცარია! აი, როგორ უნდა იყოს დამუშავებული საოპერო როლი! სხვანაირად სცენაზე გამოსვლას არა აქვს აზრი.
მომხიბლავია მუსიკალური შესრულება: ორკესტრის ჟღერადობის წყობა, სიმდიდრე და მოქნილობა, ფრაზირების წმინდა ფრანგული პლასტიკურობა. ყოველი ეს ერთად შერწყმული ურთულეს მასობრივ სცენებთან, რომელთა მიზანსცენა ზედმიწევნით მიჰყვება პარტიტურას. ეს უმაღლესი რანგის სპექტაკლია, ასეთი სინთეზი და სიფხიზლე იშვიათად მიიღწევა თანამედროვე საოპერო სცენაზე. ამ სპექტაკლის წარდგენას, ალბათ, კარგად მოვახერხებ ზეგ გოეთეს საზოგადოებაში. გვეღირსება კი როდესმე ამის მსგავსის მიღწევა ჩვენს გაუბედურებულ, გამოტვინებულ ოპერის თეატრში?

22 მარტი, ხუთშაბათი
ისევ წვიმს, აცივდა. როგორ არ შევიგინო - გულში მაინც! ძალიან მძიმე დღეა. სისუსტის გამო ვერ წავალ სპექტაკლზე. კანცელარიიდან გამომიგზავნეს შესავსებად ჟურნალები, რასაც ვერ ვიტან. საერთოდ, ვერ ვაკადრებ თავს, დავუწერო სტუდენტს "არა". სტუდენტთან სხვა ურთიერთობაა საჭირო და არა ეს ბიუროკრატიული "არები". რომ ესწრება, რა აზრი აქვს, თუ თავში არაფერი შესდის?! ცნობიერების გაღვიძებაა საჭირო. ეს კი დიდ და ნამდვილ მუშაობას მოითხოვს. ახალი ე.წ. "პროგრესული" პედაგოგიკა სრულებით არ მაკმაყოფილებს. გაუთავებელი ფორმალიზმია, ყოველგვარ საზრისს მოკლებული. სრულიად აშკარაა, ფილოსოფიურ საზრისს მოკლებული სწავლება უშედეგოა, არაფრის მომტანი. ეს კარგად გამოჩნდა ანკეტირების ცდის დროს. მთელი კონსერვატორია დაბნეული იყო. არ იცოდნენ, საიდან უნდა მისდგომოდნენ ამ "სიახლეს". მე ორმოც წელზე მეტია, შემუშავებული მქონდა სტუდენტის დინამიკური ანკეტა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებდი და ვიყენებ, და რომელსაც კათედრის იმდროინდელმა შემადგენლობამ ალღო ვერ აუღო. იცხაკ ათანელის დისერტაციაში ეს ანკეტა ჩართული იყო, როგორც ნიმუში დავით ანდღულაძის კლასში მუშაობის პრინციპისა. მივაწოდე ეს ანკეტა "მეთოდისტებს" და სული მოითქვეს. ეს ანკეტა უფრო რეფორმატორული იყო, ვიდრე მთელი მათი ყბედობა.
ბოლოს და ბოლოს, შევავსე ეს მათი წყეული ჟურნალები და გავუგზავნე "დიპლომატიური არხებით".

23 მარტი, პარასკევი
დადგა დღე განკითხვისა. "ფაუსტს" მაინც რაღაც მისტერიული საფრთხის შეგრძნება მოაქვს. თავადაც გაუგებარია და სხვასაც აბნევს. მართლაც, "ყოველივე სიმბოლოა!"
გოეთე, საერთოდ, ენიგმატური კაცი იყო, ნათელი გონების მიღმა რაღაც უფსკრული მოჩანდა ყოველთვის მასში. ეკერმანთანაც ასე გამოიყურება. ბოლოს ეს მისტერია კასირერის "სიმბოლურ ფორმათა ფილოსოფიით" დამთავრდა. აქ კი უკვე ნოეზისმა აჯობა პოეზისს, რაც თანამედროვე კაცობრიობას ანთროპოლოგიურ ტრაგედიად ექცა. "ფაუსტის" მისტიციზმი მართალი აღმოჩნდა. სწორად შემოიფარგლა შარლ გუნო "ფაუსტში" ერთი სიუჟეტით. ამის გარეშე იგი ფონს ვერ გავიდოდა. ეს ყველაფერი მოვახსენე გოეთეს საზოგადოებას.
შესანიშნავი ხალხი შეიკრიბა იქ დღეს: ჩემი ძველი მეგობრები და კოლეგები უნივერსიტეტიდან, ექიმები, მსახიობები – მცირერიცხოვანი, მაგრამ ინტელექტუალური ჯგუფი. ადვილი იყო მათთან ურთიერთობა, მსჯელობა, აზრის გაზიარება, რაც ასე აკლია ჩვენს საზოგადოებას. მუსიკას დიდი ძალა აქვს. შოპენჰაუერი კი ამბობს, რომ სამყარო რომც არ შექმნილიყო, მუსიკა მაინც იქნებოდაო, მაგრამ ალფრედ ტომატისი უფრო მართალია, როცა ამტკიცებს, ბგერამ შექმნა სამყაროო. სავალალოა, რომ გოეთემ შექმნა "სინათლის ფენომენოლოგია" და არ შექმნა ანალოგიური "ბგერის ფენომენოლოგია" – გენიალური იქნებოდა ესეც, რასაც მისტიროდნენ ჯერ ლოსევი და შემდეგ მერაბ მამარდაშვილი. მხოლოდ მე-20 საუკუნე შეუდგა ამის გააზრებას. ვნახოთ! სინათლემ ვერ გადაარჩინა ქვეყანა, იქნებ ბგერამ სცადოს საქმის გამოსწორება...
"ხედვა შიგნით სმენაა" – ბორის პასტერნაკი.
ჩვენ დავკარგეთ საკუთარ თავში ჩახედვის, ე.წ. ავტომოსმენის, თვითმოსმენის, თვითშეგნების უნარი.

24 მარტი, შაბათი
დღეს შაბათი დღეა. ორიგენე ამბობს: "არ არის მარტო შაბათი, არამედ - შაბათთა შაბათი... არსებობს არა მარტო სიმღერები, გალობანი, არამედ სიმღერათა სიმღერა, გალობათა გალობა... ნეტარია, ვინც ზეიმობს შაბათს, მაგრამ უფრო ნეტარია ის, ვინც ზეიმობს შაბათთა შაბათს. ამგვარადვე, ნეტარია ის, ვისაც ესმის და მღერის სიმღერებს, მაგრამ მეტად ნეტარია ის, ვინც მღერის სიმღერათა სიმღერას."
მაშ, ვიმღეროთ!
მაგრამ "ამას ესაჭიროება ბევრი სხვა რამ" - გვაფრთხილებს ორიგენე.
აი, ამ გაგებით ვუდგებით მე და ჩემი მოწაფეები მუსიკას საერთოდ და, კერძოდ, ჩაიკოვსკის ოპერების სიმღერას. ონეგინის, ლენსკის, გრემინის, იოლანტას პარტიებზე მუშაობისას მე ვურჩევდი კონცერტმაისტერებსაც და მომღერლებსაც ჩაიკოვსკის მუსიკა გაითვითცნობიერონ, როგორ მოცარტი – მისი სიმკაცრით, სიცხადით და სინატიფით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ არის ჩაიკოვსკის პასიონები, რომლებიც კლასიკურობას კი არ გამორიცხავენ, არამედ ამაზე აიგებიან. ვფიქრობ, რაღაცას მივაღწიეთ - დირიჟორები კმაყოფილები არიან. ვნახოთ, რას მოგვიტანენ მომავალი კვირის სპექტაკლები "ონეგინი" და "იოლანტა".
წინ, სიმღერისაკენ!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG