Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


უამრავი ადამიანი დაესწრო ამ კვირაში

ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიას, რომელსაც ”ხელოვნება და ძალაუფლება” ერქვა. ბიოლის ფონდში განმარტეს, რატომ „ხელოვნება და ძალაუფლება“ და არა, მაგალითად, „ხელოვანი და ხელისუფლება“, პრობლემა, რომელზეც ხშირად მსჯელობს საზოგადოება მთელ მსოფლიოში. თუმცა საქართველოში ბოლო დროს ამ საკითხს გვერდს უვლიან. გავრცელებულია აზრი, რომ ქართველ მხატვარს სრული თავისუფლება მიენიჭა მას შემდეგ, რაც გაუქმდა ცენზურა.

რა არის ცენზურა?.. გულისხმობს თუ არა ცენზურა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კონტროლს კულტურაზე? ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოება შეთანხმდა, რომ პრობლემა „ხელოვნება და ძალაუფლება“ გაცილებით უფრო ფართოა და, შეიძლება ითქვას, „მარადიულიც“, ვიდრე „ხელოვანი და ხელისუფლება“. ეს მოსაზრება დაადასტურა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, რომელმაც ხელოვანის დაპირისპირება ძალაუფლებასთან, ფაქტობრივად, ხელოვანის დანიშნულებად აღიარა:

[ლანა ღოღობერიძის ხმა] ”ძალაუფლება, რომელიც ემყარება ძალადობას, აკრძალვებს და, მეორე მხრივ, ხელოვნება, რომელიც ემყარება თავისუფლებას. ძალაუფლება, რომელიც ემყარება კოლექტივს, მასას, უმრავლესობას და ხელოვნება, რომელიც ემყარება ინდივიდს, ყველაფერს ინდივიდუალურს, პირადულს, ინტიმურს. ეს შეუთავსებელი ცნებებია და ხელოვნებაც ამ ჭიდილში იბადება. ”

ლანა ღოღობერიძემ მოლიერი გაიხსენა: თავისუფლების მოყვარე მოლიერს მეფე პირადად ებრძოდა, რადგან ხელისუფლებას ასეთი თავისუფლება აშინებს და შურს კიდეც თავისუფალი მხატვრების. თუმცა, ლანა ღოღობერიძის თქმით,
ეს დაპირისპირება ყველაზე აშკარად ჩნდება ტოტალიტარულ ეპოქებში - ფაშიზმი და კომუნიზმი ორი გამოვლენაა ძალადობის და ხელოვნების კონფლიქტისა.

ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საზოგადოებისა და ხელოვანის კონფლიქტს, უფრო სწორად, უმრავლესობის დაპირისპირებას ხელოვანთან. თუკი პოეტი წინ უსწრებს ეპოქას, ეს კონფლიქტი გარდაუვალია. ლანა ღოღობერიძის თქმით, ბრბოსთან დაპირისპირება გაცილებით უფრო ძნელია, ზოგჯერ გმირობის ტოლფასი ხდება:


[ლანა ღოღობერიძის ხმა] ”ძალიან ძნელია ამასთან შებრძოლება. მე ეს პირადად გამომიცდია. როცა არ ეთანხმები იმას, რაც შენს საზოგადოებაში ხდება, სწორედ საზოგადოებიდან რომ მომდინარეობს ეს და არა ხელისუფლებისგან და როცა ის ხდება გაბატონებული იდეოლოგია მასის, საზოგადოების და როცა გრძნობ, რომ მთლიანად ეწინააღმდეგება შენს პრინციპებს, ამასთან შებრძოლება ძალიან ძნელია. ამ დროს ელემენტარულად ჩუმდები.”

ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში ახალგაზრდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჟურნალისტმა ნინო ძანძავამ ვრცელი მოხსენება წაიკითხა იმაზე, თუ როგორ ხდება დღეს ხელოვანთა მანიპულაცია და მხატვრის შეზღუდვის როგორი ფორმები მკვიდრდება დამოუკიდებელ საქართველოში:

[ნინო ძანძავას ხმა] ”ადამიანი შეიძლება გარიყვის საშიშროების წინაშე დადგეს - მაგალითად, გაძევება მედიასივრციდან, რაც ავტომატურად გულისხმობს ხალხის მხრიდან ურჩი ხელოვანის დავიწყებას - იგნორირების ეს ხერხი, როგორც წესი, ყველაზე კარგად ამართლებს.”

მაგრამ, იგნორირების გარდა, არსებობს შემოქმედებით პროცესში ჩარევის სხვა ფორმებიც. ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე პოეტმა რატი ამაღლობელმა გაიხსენა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტენდენცია – ხელისუფლება ხშირად, უბრალოდ, ქრთამის საშუალებით მოისყიდის ხოლმე ხელოვანს და შემდეგ თავის სამსახურში ამყოფებს:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”1870 წელს გუსტავ კურბეს წერილი, რომელიც საფრანგეთის კულტურის მინისტრს გაეგზავნა. მინისტრმა გადაწყვიტა კურბე დაეჯილდოებინა საპატიო ორდენით. კურბე ამბობს, რომ როცა ხელისუფლება აჯილდოებს ხელოვანს - ეს ხელოვნების უზურპაციაა, რადგან თუკი ვინმეს არ გაეგება ხელოვნების, ესაა ხელისუფლება და ყველაზე არაკომპეტენტური ორგანო კულტურაში არის ხელისუფლება და მან არ უნდა გადაწყვიტოს ხელოვანის დაჯილდოების საკითხი.”(სტილი დაცულია)

რატი ამაღლობელის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში არაერთმა ქართველმა მხატვარმა, პოეტმა, მხარი დაუჭირა რევოლუციის იდეალებს. უფრო მეტიც, მოგვიანებით ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც დაიწყო. ეს იყო დრო, როცა ჩვენში სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო – აღნიშნა ქართველმა პოეტმა.. ხელოვანს, როგორც მოქალაქეს, უარი არ უნდა ეთქვა ამ პროცესში ჩართვაზე:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”ჩვენი გამოსვლა შინაგანი ემიგრაციიდან ჯანმრთელია, რადგან ჩვენ ვაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს ჩვენი საუკეთესო იდეალების მიხედვით და არა უმრავლესობის მიხედვით, რადგან უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს ”დღევანდელი ხაჭაპურით”, ჩვენ კი, უმცირესობას, შეეგვიძლია 5, 10 წლის მასშტაბებით ვიაზროვნოთ იგივე უმრავლესობისთვის.”(სტილი დაცულია)

”ვარდების რევოლუციის” დრის ჩვენ გავიაზრეთ, რომ სამოქალაქო აქტიურობა არაა სამარცხვინო, – დაამატა რატი ამაღლოებელმა. - არტისტებს შეეძლოთ სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა, რათა თავად შრომა გამხდარიყო პრესტიჟული... ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, განსხვავებით საბჭოთა ეპოქისგან, ხელოვანისთვის სამარცხვინო აღარ არის, – თქვა ბიოლის ფონდში მოწყობილ დისკუსიაზე რატი ამაღლობელმა. მერე კი აღიარა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ გაუცხოება გაუჩნდა ხელისუფლებასთან. განმარტა კიდეც, რატომ:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”მივფრინავდით ჰოლანდიაში და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანა უცნაური ფრაზა: თქვენ ხომ არ დაწერდით ჩვენი სამხედროებისთვის პატრიოტული სიმღერის ტექსტს. არაფერი ცუდი არ არის, ბატონო პრეზიდენტო, რომ პატრიოტული სიმღერა იწერება, მაგრამ პატრიოტული სიმღერის შეკვეთა არ უნდა მოდიოდეს პრეზიდენტისგან.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტს შეუძლია არაფერი დაუკვეთოს პოეტებსა და მუსიკოსებს, მაგრამ როგორია საზოგადოების დაკვეთა? ყოველთვის მართალია თუ არა ხალხი და რამდენად უნდა დამორჩილდეს პოეტი მას? პრობლემას, რომელიც ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ყველაზე მწვავედ მიიჩნიეს, რატი ამაღლობელიც დაუბრუნდა:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”ჩვენ გვახსოვს, როცა იწვებოდა წიგნები ხალხის მოთხოვნით. დღეს ეს ფაქტი ისევ აქტუალური გახდა ჩემთვის, როდესაც ვუყურებდი გამსახურდიას გადმოსვენების ცერემონიალს. როცა ვფიქრობდი 90-იან წლებზე, ჩემთვის არც ერთი მხარე არ იყო ჯანმრთელი.... მთელი სამოქალაქო ომის პრობლემა ჩემთვის სოციალური დაპირისპირებაა.”(სტილი დაცულია)

რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლების სვლა ხელოვნებისკენ, რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ეს სვლა შეფუთული, ხელოვნების უზურპაცია და თავისუფლების შეზღუდვაა. ბიოლის ფონდში გამართულ დებატებში ქართველმა პოეტმა აღნიშნა, რომ შეუძლია გაუგოს უფროსი თაობის ქართველ მხატვრებს, მწერლებს, რეჟისორებს, რომლებმაც ცენზურასთან ბრძოლას მთელი ცხოვრება შეალიეს და დღეს ერთგვარი დაღლა ეტყობათ, მაგრამ მისთვის გაუგებარია ახალგაზრდა ხელოვანთა სურვილი ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და მისი დაკვეთები შეასრულონ:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”დაღლასთან არა გვაქვს საქმე, როცა ახალგაზრდა ადამიანები თავიანთი ინიციატივით, თავიანთი სურვილისამებრ სთავაზობენ ხელისუფლებას, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG