Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი სობჩაკი, 9 აპრილი


ცნობილ იურისტს, ლენინგრადის

პირველ მერს, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ ინიციატორს, ანატოლი სობჩაკს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდებოდა. სამი წლის წინ, სწორედ მაშინ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, ანატოლი სობჩაკს თბილისში ძეგლი დაუდგეს – საქართველოში კარგად ახსოვთ რაოდენ აქტიურად მოითხოვდა იგი 9 აპრილის ტრაგედიის ორგანიზატორთა დასჯას. მიუხედავად ამისა, რუსეთშიც და საქართველოშიც სობჩაკის მოღვაწეობას ყოველთვის განსხვავებულად აფასებდნენ – უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად, სობჩაკს ოპონენტები, უფრო მეტი – მტრებიც, მრავლად ჰყავდა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”, დღევანდელ გამოშვებაში მინდა ზოგიერთი ფაქტი გავიხსენო ანატოლი სობჩაკის ბიოგრაფიიდან.

ელდარ შენგელაია სობჩაკის ძეგლის საქართველოში დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. სობჩაკს კარგად იცნობდა – 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ქართველი კინორეჟისორი იმ კომისიაში შეიყვანა, რომელსაც იმხანად საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლენინგრადელი იურისტი ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესიით იურისტი, სწორედ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. თანაც, ძალიან თამამ ნაბიჯს დგამს – მოითხოვს დაიკითხოს ქვეყნის ყველა უმაღლესი პირი, რომელსაც რაღაც კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა 9 აპრილის ჯალათებთან:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “აქ ბევრი ვერ ხვდება რამხელა ფიგურა იყო სობჩაკი. სობჩაკმა ისარგებლა რა იმით, რომ იმ მომენტში ყრილობა იყო უმაღლესი ორგანო და მისი კომისია იყო ყრილობათა შორის უმაღლესი ორგანო, მან მოაწყო პოლიტბიუროს დაკითხვა... როგორ გააკეთა მან... ვიყავით რამდენიმე კაცი – მეუბნება, ელდარ, შენ რეჟისორი ხარ, მე რაღაც მოვიფიქრეო და მოდი გამისწორე, რამე თუ არ ვარგაო. პატარა მაგიდა დადგა ერთ მხარეს, ერთი სკამი... დიდი მაგიდები იქით დავაწყოთო – პოლიტბიუროს წევრი დავსვათო... მე სიმართლე გითხრათ არ დავუჯერე – ეს ხომ დაკითხვაა.” (სტილი დაცულია)

სობჩაკი მაშინვე პოპულარული გახდა – საქართველოშიც და რუსეთშიც. მას სისტემატიურად იწვევდნენ ტელევიზიებში – იგი განუწყვეტლივ იგებდა ტელედებატებს. ხალხს მოსწონდა ეს იმხანად საკმაოდ ახალგაზრდა პროფესორი, რომელიც გორბაჩოვს და პარტიის ჩინოვნიკებს ყოველგვარი მოწიწების გარეშე ელაპარაკებოდა – ელაპარაკებოდა კანონის ენით. მართალია, ეს საბჭოთა კანონი იყო, მაგრამ სობჩაკმა მაინც შეძლო სწორედ კანონის დარღვევაში დაედანაშაულებინა ხელისუფლების უმაღლესი პირები. ერთ-ერთ ინტერვიუში, 1989 წლის ზაფხულში, იგი წერდა:

[სობჩაკის ინტერვიუდან] “საჭიროა სერიოზული ზომების მიღება იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან საპარლამენტო კომისიის მუშაობას, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებამდეც კი... საკითხი მეტად სერიოზულია და ეხება არა მარტო ეროვნებათშორის ურთიერთობას, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ბედსაც. ეს არის საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად დასაშვებია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება.”

[ელდარ შენგელაიას ხმა] “პირველი გამოვიძახეთ ლიგაჩოვი. მაგრამ მან უარი თქვა – ჩემთან მობრძანდითო – მიჩვეული იყო იმ რიტუალებს. სობჩაკი მას ეუბნება, ჩვენ ვართ უმაღლესი ორგანო, თქვენ ხართ მხოლოდ ცეკას მდივანი, სხვა არაფერი. თქვენ ვალდებული ხართ აქ მოხვიდეთ. ის ამბობს, ვერ მოვალ, ეს თქვენი საქმეაო. მე ამას ყრილობაზე გამოვაცხადებ, თქვენ რომ არ მოხვედით და დაველაპარაკები კიდევ გორბაჩოვსო. მართლაც დაურეკა გორბაჩოვს. – მეორე დღეს, ზუსტად სამ საათზე, ლიგაჩოვი იჯდა ჩვენს წინაშე... დილიდან ჩებრიკოვი იყო, მერე ლიგაჩოვი, შევარდნაძე. ასე დავიწყეთ და მივედით გორბაჩოვამდე.”

სობჩაკის კომისია გორბაჩოვამდე კი მივიდა, მაგრამ სწორედ სობჩაკმა, რომელიც უმაღლესი საბჭოს იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გახადა მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზედენტი. იმხანად მან პირველი სერიოზული მარცხი განიცადა – კენჭი იყარა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში, მაგრამ ამაოდ. მართალია, პუტჩის დამარცხების შემდეგ ანატოლი სობჩაკი ლენინგადის მერად აირჩიეს, მისი პოპულარობა ნელ-ნელა ეცემოდა. პრესაში იბეჭდებოდა სტატიები მისი კორუმპირებულობის შესახებ. მისი ყოფილი თანამოაზრეებიც კი წერდნენ, რომ სობჩაკი ბრწყინვალე ორატორია, მაგრამ აბსოლუტურად არა აქვს ადამინებთან, განსაკუთრებით ხელქვეითებთან ურთიერთობის უნარი. იმხანად, როცა ლენინგრადის მხარის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხდა, სობჩაკმა ერთი რამ მაინც მოასწრო – მისი ინიციატივით, ლენინგრადს ძველი სახელი, სანკტ-პეტერბურგი, დაუბრუნეს. აი, რას ამბობს რუსეთის ისტორიის მკვლევარი იური რონტიუ:

[იური რონტიუს ხმა] “იგი 91 წლიდან იბრძოდა იმისთვის, რომ ლენინგრადისთვის სახელი დაებრუნებინათ – სანკტ-პეტერბურგი. ანატოლი სობჩაკმა, ფაქტობრივად, თავი შესწირა ბრძოლას კომუნისტურ პროპაგანდასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალაქს ლენინგრადი უნდა ერქვას... იგი ამბობდა, გემუდარებით, მომეცით საშუალება სანკტ-პეტერბურგში დამასაფლავონო.”

მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სობჩაკი აბსოლუტურად განთავისუფლებული იყო საბჭოთა მენტალიტეტისგან. 1995 წელს, როცა მისი პოლიტიკური კარიერა ფინალისკენ მიექანებოდა, სობჩაკმა განაცხადა, რომ ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იუგოსლავიის დაშლისა და მოითხოვა რუსეთის კონსტიტუციაში შეეტანათ ცვლილება, რომელიც აუკრძალავდა ფედრაციაში შემავალ სუბიექტებს რუსეთისგან გამოყოფას. მოგვიანებით, როცა კორუფციაში ამხილეს და დაკითხვაზე დაიბარეს, სობჩაკმა გულის შეტევით დატოვა რუსეთი და, როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, “საფრანგეთში გაიპარა”... თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა თავისი ყოფილი სტუდენტის და ხელქვეითის, ვლადიმირ პუტინის, რუსეთში. დაბრუნდა და ნამდვილი პანეგირიკები უძღვნა რუსეთის პრეზიდენტს. არსებითად მას არათანმიმდევრობაში ვერავინ დაადანაშაულებს – ვლადიმირ პუტინს როცა აქებდა, სობჩაკი იმასაც აღნიშნავდა, ძნელია სახელმწიფოდ აქციო დანგრეული ქვეყანა, სადაც სამოქალაქო ღირებულებების მნიშვნელობას არ აფასებენ და სადაც კომუნიზმის აღდგენაზე ისევ ბევრი ოცნებობსო. არათანმიმდევრულობაში მას იმიტომაც ვერ დაადანაშაულებენ, რომ სობჩაკი ყოველთვის გამოდიოდა “სახელისუფლო ჩინოვნიკების” წინააღმდეგ. შეიძლება იმიტომაც, რომ თავად ცუდი “ჩინოვნიკი” იყო. ამიტომაც ამბობს ელდარ შენგელაია, ანატოლი სობჩაკი, რომელსაც საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, უფრო ხელოვანი იყო, ვიდრე პოლიტიკოსიო:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “სობჩაკს დაწერილი აქვს წიგნი 9 აპრილის შესახებ და იწყებს ასე: ისტორია სხვა არაფერია, თუ არა უბედურება, თავდატეხილი ადამიანების უდიდეს ნაწილზე ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ... ხელისუფლება თავისთავად პატარაა ყოველთვის ხალხთან შედარებით და მას ყოველთვის შეუძლია, განსაკუთრებით რევოლუციურ სიტუაციაში, განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს ხალხზე თავისი ლოზუნგებით.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG