Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის საკითხი განიხილეს


დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა აფხაზეთის საკითხის განხილვა. სხდომას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.



როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიმართ კრიტიკული პოზიცია დაიკავა. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ ნახევარი წლის წინ აფხაზეთან დაკავშირებით მიღებული 1716-ე რეზოლუციის მთელი რიგი პირობები არასათანადოდ სრულდება.

კერძოდ, მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარებისთვის.

[ჩურკინის ხმა] "ჩვენ კვლავაც გვაშფოთებს ვითარება კოდორის ხეობაში, სადაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სამხედრო ყოფნა აღემატება დასაშვებს. ჩვენ გვაშფოთებს იქ ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასევე ისეთი მასალების შენახვა. ისინი შეიძლება განხილულ იქნეს ისეთ მასალებად, რომელთა გამოყენება შეიძლება შეტევითი სამხედრო მოქმედებებისთვის, რაც ძალზე სახიფათოა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის სტრატეგიული მნიშვნელობის პირობებში."

ნიუ იორკში ჩასვლას აპირებდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მას ვიზა არ მისცა.
ამასთან დაკავშირებით ვიტალი ჩურკინმა უკმაყოფილება გამოხატა:

[ჩურკინის ხმა] "ამ საკითხზე შეერთებულ შტატებს გაეროს უშიროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ბრიტანეთის ელჩი ჯონ სპერიც კი ესაუბრა. მაგრამ მისი ეს მიმართვაც უშედეგო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, უშიშროების საბჭოს წევრები იმედგაცრუებული არიან იმით, რომ ვერ მიიღეს სრული ინფორმაცია, რაც საჭიროა მოცემული კონფლიქტის განსახილველად."

შამბასთვის ვიზის მიცემაზე უარი რუსეთისა და შეერთებული შტატების დაპირისპირების მიზეზი გახდა. გაეროში აშშ-ის ელჩის მოსალეობის შემსრულებელი ალეხანდრო ვოლფი ასე გამოეხმაურა ჩურკინის გამოსვლას:

[ვოლფის ხმა] "შეერთებული შტატების ვიზა სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხია. რუსეთის წინადადება, რომ აფხაზეთის ე.წ.-ლი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში გამოსულიყო, განვიხილეთ მეგობართა ჯგუფში, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებების საკითხით არის დაკავებული. რუსეთი მეგობართა ჯგუფის ნაწილია. რუსეთი მეგობართა ჯგუფში ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ ეს შესაფერისი დროა ნიუ იორკში ბატონ შამბას ჩამოსვლისთვის. ჯგუფის არცერთის სხვა წევრი არ ეთანხმება ელჩ ჩურკინს. დღეს ელჩმა ჩურკინმა არასწორი ანალოგიები გააკეთა კოსოვოსთან და განზრახ მავნებლურად ეცადა გაერთულებინა ეს დისკუსია. გამოსვლის შემდეგ კი მაშინვე დატოვა უშიშროების საბჭოს სხდომა და პრესასთან სალაპარაკოდ წავიდა. არ დარჩა და არავის არ მოუსმინა. მე ვფიქრობ, სურს, პრესა გახადოს იმ თეატრის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობს ამ საკითხის გარშემო."
XS
SM
MD
LG