Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ფინანსური დახმარება გამოყო


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 10 აპრილს ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ აქტს ”ნატოს 2007 წლის თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ”,

რომელიც საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად 12 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. საქართველოში ჯერ ზუსტად არავინ იცის, თუ როდის ჩაირიცხება და ნატოში გაწევრიანების რომელი ვალდებულების შესრულებას მოხმარდება ეს არცთუ ისე დიდი თანხა. თუმცა კონგრესისა და პრეზიდენტის მიერ ერთსულოვნად მიღებული აქტის დიდ მნიშვნელობაზე საქართველოში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთი აზრი აქვს.
საქართველოს სამხედრო მშენებლობის პროგრამებისათვის დღესდღეობით ფული აღარ უჭირს. 2007 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 300 მილიონ დოლარს აღემატება. მაგრამ ყველაზე უფრო რთულ პერიოდში, 2001 -2003 წლებში, როდესაც ქვეყანა თავდაცვაზე მხოლოდ 30 მილიონ დოლარს ხარჯავდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დახარჯა ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განსახორციელებლად. ოკეანისგაღმელი კოლეგების ამ უხვი დახმარების ფონზე, 10 მილიონი დოლარი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. თუმცა, როგორც შალვა ფიჩხაძემ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო - ნატოში”, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ 10 აპრილს ხელმოწერილ კონგრესის აქტს საქართველოსთვის დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს:
[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”ეს არის დადასტურება იმისა, რომ ნატოს უძლიერესი ქვეყანა, წამყვანი ქვეყანა, აშშ, მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას [ნატოში] და ეს არის კარგი სიგნალი ყველასთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ გვერდზე დგას.”
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ”ნატოს 2007 წლის თავისუფლების კონსოლიდაციის შესახებ” აქტის ფარგლებში დამტკიცებული თანხის ნახევარი, 10 მილიონი დოლარი, საქართველოს წილად მოდის, მაშინ როცა დანარჩენი ოთხი ქვეყანა - უკრაინა, ხორვატია, მაკედონია და ალბანეთი - დანარჩენ 10 მილიონს გაიყოფს. ეს თანხა მიზერულია თითოეული ამ ქვეყნისათვის, აღნიშნა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილმა უფროსმა, პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ. თუმცა, შარაშენიძის დაკვირვებით, ის ფაქტი, რომ აქტს ერთხმად დაუჭირა მხარი ამერიკის კონგრესისა და სენატის როგორც ”დემოკრატიულმა”, ისე ”რესპუბლიკურმა” ნაწილმა, შორს მიმავალი დასკვნის საფუძველს იძლევა:
[თორნიკე შარაშენიძის ხმა] ”ეს მაინც, ალბათ, სიმბოლური აქტია და ყველაზე დადებითი ამაში ის არის, რომ კონგრესში ახლა, მოგეხსენებათ, უმრავლესობას აკონტროლებენ დეპუტატები. ანუ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დემოკრატების ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაშიც მხარდაჭერა საქართველოსადმი დარჩება უცვლელი.”(სტილი დაცულია)
თუმცა ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაჭარბებულად არ შეაფასოს ამ დახმარების მნიშვნელობა და არ აჰყვეს ეიფორიას. იმავე შალვა ფიჩხაძის თქმით, ნატოში გაწევრიანების გზაზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი:
[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”ეს, რაც გასაკეთებელია, გასაკეთებელია ჩვენი. ჩვენს გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. საუბარია მთელ რიგ რეფორმებზე, მათ შორის - პოლიტიკურ რეფორმებზე.”

ამას გარდა, ჯერ არავინ იცის, თუ როდის ჩამოვა ეს 10 მილიონი საქართველოში და მას ტექნიკური დახმარების სახე ექნება თუ-პირდაპირი. თუმცა თავისი ვარიანტი აქვთ დამოუკიდებელ ექსპერტებს. თორნიკე შარაშენიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ”ნატოს საინფორმაციო ოფისს” ხელმძღვანელობდა, მიიჩნევს, რომ ყველაზე უკეთესი იქნებოდა, თუკი ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს სამხედრო უწყებაში ადამიანური რესურსის მომზადებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე დაიხარჯება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოქალაქეთა 84 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ როცა 74 პროცენტი არ ფლობს ინფორმაციას ნატოს როლსა და საქართველოს მიერ ალიანსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG