Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო


დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო

პირობების შექმნის შესახებ“ კანონპროექტი. კანონპროექტი ისეთი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნებისათვის მომზადებას უზრუნველყოფს. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტის მისამართით პრაქტიკულად არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. სრული პოლიტიკური კონსენსუსი კი ლოგიკურად აისახა კენჭისყრის შედეგებშიც.

საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო 166 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ დეპუტატებმა კანონპროექტს საკონსტიტუციო კვორუმზე მეტი ხმით დაუჭირეს მხარი. ნინო ბურჯანაძის ეს შენიშვნა მით უფრო საგულისხმო იყო, რომ პარლამენტის იურიდიული და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტებმა ჯერ კიდევ პლენარულ სხდომამდე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტისა და აგრეთვე კანონპროექტთან დაკავშირებული დადგენილებების მისაღებად მაღალი კვორუმი არ დაეწესებინათ. კანონისა და დადგენილებისათვის ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდის მიზნით, მაღალი კვორუმის დაწესების ინიციატივით 5 აპრილს, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე გამოვიდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გადაწყდა, რომ რიგითი და ორგანული კანონის მისაღები კვორუმის ნორმას კონსტიტუცია არეგულირებს და ამ პროცესში ხელოვნური ჩარევა მიზანშეუწონელი იქნებოდა.

[ნიკა გვარამიას ხმა]“ მიზანმიმართული იყო და, ასე ვთქვათ, რაციონალური, თუმცა ვერ გავითვალისწინეთ ეს შენიშვნა - ბატონი დავითიც ინფორმირებულია ამის თაობაზე - იმის გამო, რომ კონსტიტუციამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა და ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე საეჭვო ჩანაწერი იყოს, თუნდაც კეთილი მიზნებიდან გამომდინარე, ამ კანონში, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის კანონია.“(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ყოფილმა დეპუტატმა და განსახილველი კანონპროექტის ავტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელსაც 11 აპრილს საპარლამენტო ტრიბუნაზე სულ რაღაც ნახევარი საათი მოუწია დგომამ. დაახლოებით ამდენივე ხანში დასრულდა მეორე მოსმენა კანონპროექტისა, რომლის შინაარსში პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ არანაირი ცვლილება არ შესულა. კანონპროექტის თანახმად, დროებით ადმინისტრაციულ ერთეულს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ქმნის საქართველოს პარლამენტი. კანონპროექტი ადმინისტრაციის სამოქმედო ტერიტორიულ ფარგლებს არ განსაზღვრავს. ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა, იგი დროებითი ადმინისტრაციის ოფიციალურ საზღვრებს კანონის მიღების შემდეგ წარუდგენს პარლამენტს. ამასთან, დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მაქსიმალური ტერიტორიული ფარგლები არ შეიძლება აღემატებოდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. რაც შეეხება დროებითი ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი მოსახლეობის ნომინირებითა და ხელისუფლებასთან კონსულტაციით შეირჩევა და გაფორმდება მემორანდუმი, რომელსაც შემდეგ კვლავ პრეზიდენტი დაამტკიცებს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ იმ ერთიანობას, რომელიც დაფიქსირდა ამ კანონპორექტის შემუშავებასთან, ინიციატივასთან, ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, ჩემის აზრით, აქვს ძალიან დიდი და ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გახლავთ, როგორც ჩვენი მოსახლეობისათვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ამ კანონპროექტით ეყრება რეალური საფუძველი იმ ნაბიჯებს, იმისაკენ, რომ ყველა მხარესთან ჩვენ გვქონდეს ინტენსიური კონსულტაციები, ვისაც მთავარ ამოცანად და სურვილად აქვს, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს.“(სტილი დაცულია)

განაცხადა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის კანონპროექტის მთავარი პრინციპები და ამოცანები 11 აპრილს საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებსაც გააცნო.

[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, თუმცა არასწორი მიმართულებით. ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და მექანიზმების შექმნა, ჩემი აზრით, რეგიონში სიმშვიდეს არ მოიტანს და, პირიქით, კონფრონტაციის ახალ ტალღას წარმოშობს. არსებობენ კონფლიქტის საერთაშორისოდ აღიარებული მხარეები, არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი და, ჩემი აზრით, მოლაპარაკებების წარმოება სწორედ ამ პოზიციებიდან იქნებოდა უმჯობესი.”

თქვა შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ. მისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტიმ აღნიშნა, რომ სანაკოევისა და კოკოითის მთავრობებთან მოლაპარაკების სურვილს ამერიკა დადებითად აფასებს. ელჩის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ დაუყოვნებლივ გადაეგზავნება სახელმწიფო დეპარტამენტს, უფრო ვრცელი კომენტარი კი მოგვიანებით გაკეთდება.
XS
SM
MD
LG