Accessibility links

logo-print

რატომ გახდა კამათის საგანი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კანონპროექტი


საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ძველი თბილისის მობინადრენი, აღაშფოთა მთავრობის ინიციატივამ, 10 თეთრიდან 3 ლარამდე მოსაკრებელი დაწესდეს,

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მიზნით. ეს ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტია, რომელიც 10 აპრილს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე განიხილეს. პარლამენტარები - მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებიც - მოსაკრებლის ოდენობამ შეაშფოთა. მოსახლეობის დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ ვერ შეძლებს ყოველთვიურად 100 ან 300 ლარის გადახდას ისტორიული შენობის რეაბილიტაციისათვის. მე შევეცადე პრობლემის არსში გავრკვეულიყავი.

ამწუთას თბილისის ცენტრში, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ევროპულ ყაიდაზე აშენებულ სოლოლაკში, ძმები სიმენსების სახლის წინ ვიმყოფები. ეს ისტორიული ძეგლი, რომელშიც ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რეაბილიტაციას საჭიროებს, როგორც სოლოლაკისა და თბილისის სხვა ძველი უბნების შენობათა და საცხოვრებელ სახლთა უმრავლესობა. ვინ უნდა გაამაგროს, აღადგინოს და მოაწესრიგოს თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ისტორიული და კულტურული ძეგლები?

[გიგი უგულავას ხმა] ”მოხარული ვიქნებოდით ჩვენ და ნებისმიერი თბილისელი, რომ ჩვენ ახლა გვქონდეს იმდენი რესურსი... დაახლოებით 300 მილიონი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ მთელი ძველი თბილისის რეაბილიტაცია მოვახდინოთ..”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მერის ასეთ პოზიციაზე თბილისის ძველი უბნების მოსახლეობას შემდეგი კონტრარგუმენტები აქვს:

[მოქალაქის ხმა] ”ნუთუ ახლა რეაბილიტაციისთვის... თუ შეიძლება, რომ შადრევნებზე ფული დაიხარჯოს, უაზრო პიარ-აქციებზე ფული დაიხარჯოს, რეაბილიტაციისთვის არ შეიძლება ეს ფული გადაიდოს. ნუთუ ყველაფერმა ხალხის კისერზე უნდა გადაიაროს?”

[მოქალაქის ხმა] ”უნდა მიხედონ ამ საქმეს თვითონ, მოსახლეობა რა შუაშია...”

ხელისუფლება მართლაც აპირებს ისტორიულ ძეგლებს და ნაგებობებს თვითონ მიხედოს, ოღონდ სარეაბილიტაციო ტერიტორიის მესაკუთრეთა თანამონაწილეობით. გიგი უგულავას კომენტარი:

[გიგი უგულავას ხმა] ”მაგალითად რომ ავიღოთ ზემო კალა, ან ავლაბრის რომელიმე ნაწილი, რამდენიმე ქუჩა, რომელიც განსაკუთრებულ კონცენტრაციას წარმოადგენს ისტორიული ძეგლებისა, და სწორედ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე შემოვა ეს მოსაკრებელი.”(სტილი დაცულია)

გიგი უგულავას გაანგარიშებით, მოსაკრებლის საერთო მოცულობა არ იქნება ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხის 5 პროცენტზე მეტი. მოსაკრებელი იმოქმედებს დროის იმ მონაკვეთში, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

ასეთ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რესტორნებს და სასტუმროებს ყოველთვიურად კვადრატულ მეტრზე 10 თეთრის გადახდა მოუწევთ თუ სამი ლარისა, ამას ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს.

მარტივი გაანგარიშებით ცხადი ხდება, რომ, მაგალითად, ავლაბარში მდებარე 100 კვადრატულ მეტრიანი ისტორიული სახლის მესაკუთრე პენსიონერს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ყოველთვიურად დაახლოებით 100, ანდაც 300 ლარის გადახდა მოუწევს.

[მოქალაქის ხმა] ”სამი ლარი ძალიან მაღალი ფასია. აი, ჩვენი ოჯახი ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ერთი მარჩენალი გვყავს...”

ამბობს თბილისის ისტორიული უბნის მობინადრე ქალბატონი, თუმცა მას და სხვა თბილისელებსაც ნათლად ვერ წარმოუდგენიათ სხვა რა მეთოდითაა შესაძლებელი დანგრევის პირას მისული ულამაზესი სახლების გადარჩენა.

[მოქალაქის ხმა] ”ჯერჯერობით, აი, ასე ვამაგრებთ, რაც შეგვიძლია, რომ თავზე არ დაგვენგრეს ჭერი, და მერე რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი.”

აი, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობის მოსაგვარებლად საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებიც არიან, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის კანონპროექტის პრინციპები მოიწონეს, მაგრამ ჯერჯერობით მოსაკრებლის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსაკრებლების მეშვეობით საქართველოს ქალაქების უძველესი უბნების რეაბილიტაციას და მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG