Accessibility links

logo-print

მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში დაპირისპირებულმა მხარეებმა?


უკრაინაში მეორე კვირაა, გრძელდება პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ კომპრომისისთვის მზადყოფნის გარკვეული ნიშნები გამოამჟღავნა,

კრიზისს ჯერ მაინც არ უჩანს ბოლო. პარლამენტი ოფიციალურად დათხოვნილია და პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის მომხრეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ოთხშაბათს რადიო "თავისუფლების" უკრაინულმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს. ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვაა.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "უმთავრესი ის გახლავთ, რომ ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი ამ ღრმა კრიზისიდან, რომელმაც ჯერ უკრაინის პარლამენტი, მოგვიანებით კი საზოგადოების პოლიტიკური ნაწილი მოიცვა, ახალი არჩევნების ჩატარებაა."

პრეზიდენტ იუშჩენკოს არ უთქვამს, ზუსტად როდის უნდა გაიმართოს ეს არჩევნები; თუმცა, მის ბრძანებულებაში არჩევნების ჩატარების თარიღად 27 მაისია გამოცხადებული. ბოლო დღეებში ზოგი ექსპერტი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, გააუქმოს თავისი ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მაგრამ დღეს ვიქტორ იუშჩენკომ ამასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას მკაფიო პასუხი გასცა:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "პრეზიდენტი არ გააუქმებს თავის ბრძანებულებას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის დათხოვნა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. დღევანდელ ვითარებაში ეს არის ერთადერთი გზა, უკრაინის პოლიტიკური ცხოვრება სამართლებრივ კალაპოტში დავაბრუნოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა."

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, პოზიციის ერთგვარი შერბილება დაეტყო პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩს. ჯერ კიდევ გუშინ ის მკაცრად აცხადებდა, თუ იუშჩენკომ თავისი ბრძანებულება არ გააუქმა, ამას "ცუდი შედეგები" მოჰყვებაო, დღეს კი მან არ გამორიცხა ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა - გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ასე რომ, მხარეთა შორის, როგორც ჩანს, დიალოგი მიმდინარეობს. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ეს ვიქტორ იუშჩენკომაც დაადასტურა:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ვფიქრობ, განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მუდმივად ვმართავთ მოლაპარაკებებს. მიმდინარეობს აქტიური დიალოგი. ვაწარმოებთ რეგულარულ დიალოგს ხელისუფლების ყველა უწყებასთან. კომუნიკაციასა და დიალოგს რაც შეეხება, იზოლაციის გრძნობა არ სუფევს არც პარლამენტში, არც მთავრობაში და არც პრეზიდენტის უწყებაში."

უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიქტორ იუშჩენკოს ამ მოსაზრებას არ დაეთანხმება არც კიევის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტთა დიდი ნაწილი და არც პარლამენტის ის დეპუტატები, ჯიუტად რომ განაგრძობენ "ვერხოვნა რადის" შენობაში შეკრებას. ასეა თუ ისე, 17 აპრილს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს მსჯელობას იმაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. საქმეს ისიც ართულებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 18 მოსამართლიდან ხუთმა, პოლიტიკური ზეწოლის საბაბით, უარი განაცხადა სარჩელის განხილვაში მონაწილეობაზე.

ამასობაში საქმეში უცხოელი შეამავლებიც ჩაებნენ. კიევს ესტუმრნენ რუსეთისა და პოლონეთის დელეგაციები, რომელთა წევრები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობენ. მაგრამ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბარში ვიქტორ იუშჩენკომ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინელები კრიზისს თვითონვე მოაგვარებენ.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "საშინაო პრობლემები პოლიტიკური საშუალებებით უნდა მოვაგვაროთ. უკრაინელებმა ეს თავად უნდა შეძლონ, რადგან ამაში ისინი ვერავის გამოცდილებას ვერ დაიხმარენ, მზამზარეულად ვერაფერს მიიღებენ. ეს არის პოლიტიკური გარჯის საგანი. მჯერა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებისა და დიალოგის საშუალებით შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. შესაძლოა, ეს დიალოგი საწყის ეტაპზე არ იყოს ძალიან ეფექტიანი, იქნება უკუსვლაც და იქნება ძალის მოკრებაც. ასე და ამგვარად მივიწევთ წინ, კომპრომისისკენ."
XS
SM
MD
LG