Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აშშ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობას უწყობს ხელს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლები ერთნაირად აკრიტიკებენ აშშ-ის პოლიტიკას

საქართველოსთან დაკავშირებით. ცხინვალისა და მოსკოვის ყურადღების ცენტრში, ამ მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის განცხადება მოექცა, რომელიც მან სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაცული ერთეულის შექმნაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა. შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მიესალმება თბილისის მცდელობას მოლაპარაკებები აწარმოოს როგორც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - ედუარდ კოკოითის -ხელისუფლებასთან, ისე ალტერნატიულ ხელისუფლებასთან, რომელსაც ვლადიმერ სანაკოევი უდგას სათავეში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ პროვოკაციული უწოდა. ” ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იწონებს საქართველოს ხელისუფლების სურვილს მოლაპარაკებები აწარმოოს დიმიტრი სანაკოევის თვითმარქვია ხელისუფლებასთან, საქართველოს სამხრეთ ოსეთთან ომისკენ უბიძგებს”, - განაცხადა კოკოითიმ ელჩის ნათქვამთან დაკავშირებით. ცხადია, შედარებით მოზომილია რუს პოლიტიკოსთა კომენტარები. მაგალითისთვის: რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ოფიციალური თბილისის ინიციატივისადმი კონტრპროდუქტიული იქნება.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის თაობაზე განცხადება 11 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამ შეხვედრაზე კი ”ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ” ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის არსი და მიზნები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააცნო. ”ჩვენი მთავარი ამოცანა სამშვიდობო პროცესის მაქსიმალური დაჩქარებაა”, - აღნიშნა მან. შეერთებული შტატების ელჩმა კი, თავის მხრივ, განაცხადა: ” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას კარგად არ ვიცნობ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დადებითად აფასებს თბილისის სურვილს დიალოგი აწარმოოს როგორც კოკოითის, ისე სანაკოევის ხელისუფლებასთან.” სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, რასაც მოლაპარაკებათა პროცესში ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ჩართვა უნდა მოჰყვეს, დადებითად არ აფასებენ მოსკოვში. საქართველოს პარლამენტში 11 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომაც გააკეთა:

[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა] ” ეს სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ არასწორი მიმართულებით. ახალი ადამინისტრაციული ერთეულის და ადმინისტრაციის შექმნა რეგიონში კონფრონტაციის ახალ ტალღას წარმოშობს. ”

რეგიონში კონფრონტაციის ახალ ტალღას პროგნოზირებენ ცხინვალშიც. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, ედუარდ კოკოითის გარემოცვაზე დაყრდნობით, ავრცლებენ ცნობას, რომ დიმიტრი სანაკოევს ჰყავს სამხედრო ფორმირება, 2500-3000 კაცის შემადგენლობით, და რომ ცხინვალზე დარტყმისთვის თბილისი სწორედ სანაკოევისა და კოკოითის მხარეებს შორის კონფრონტაციას გამოიყენებს. რუსულ-ოსური ვერსიით, ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია თბილისში თურმე ორიოდე თვის წინ დაიგეგმა სუამის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელსაც, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ცალეკული ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის საინფორმაციო წყაროები ამგვარ აბსურდულ ვერსიას მასზე საქართველოს რეაქციის შესამოწმებლად ავრცელებენ.

მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის კრიტიკის გამძაფრება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებამაც განაპირობა. 10 აპრილს მან თქვა, რომ რუსეთმა არ უნდა წაახალისოს საქართველოში სეპარატისტული მოძრაობები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ იაკოვენკომ 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას უფლების დარღვევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ შამბას არ მიეცა ნიუ-იორკში ჩასვლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების ნება.

[ალექსანდრ იაკოვენკოს ხმა] ”უნდოდა ნიუ-იორკში ჩასვლა და, არაფორმალური სტატუსით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. მას არ მიეცა ვიზა და არ მიეცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების ნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დარღვევა ადამიანის უფლებისა, ჩავიდეს ქვეყანაში.

აქვე დავძენ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შონ მაკკორმაკის განმარტებით, სერგეი შამბამ თავად გაიტანა უკან სავიზო განაცხადი.
XS
SM
MD
LG