Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ცნობიერების გადარჩენის საზოგადოება”, ნაცნობი სახეებით და ახალი იდეებით


საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი ოპონენტი გამოუჩნდა. 12 აპრილს საქართველოში ცნობილმა მეცნიერებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა და მწერლებმა ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება დააფუძნეს.

ქართული აკადემია, რომელიც ქართული ცნობიერებისა და თვითმყოფადობის გადარჩენას ისახავს მიზნად, მოქმედ ხელისუფლებას უპირისპირდება თითქმის ყველა პრინციპულ საკითხში. ინტელიგენციას მიაჩნია, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა, ხოლო ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ფეხქვეშ ითელება. რა ფორმით აპირებს ”ქართული აკადემია” ცნობიერებისა და თვითმყოფადობის გადარჩენას?


”ქართული ცნობიერებისა და თვითმყოფადობის გადარჩენის საზოგადოებას”, სახელწოდებით ”ქართული აკადემია”, აქვს იურიდიული სტატუსი, ბეჭედი და ანგარიში, რომელზეც ძალიან ცოტა თანხა ერიცხება. ორგანიზაციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რადგან, როგორც ”ქართული აკადემიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ლიდერებს დროთა განმავლობაში გულმავიწყობა ახასიათებთ:

[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] ”არა, იმიტომ რომ ლიდერით რასაც ვაღწევთ ხოლმე, მოგეხსენებათ. უკვე ბევრჯერ ვიწვნიეთ, როდესაც ვიღაცა გალიდერდება და მერე ავიწყდება, რომ სხვებმა მოიყვანეს სათავეში.და შეიძლება მერე ბრბოც კი აღმოჩნდნენ ის ადამიანები.”[სტილი დაცულია]

ლიდერზე უარის თქმის მიუხედავად, ”ქართული აკადემია”, როგორც ჩანს, მომავალში ვერ ასცდება პოლიტიკაში მონაწილეობას. ოფიციალური დეკლარაცია, რომელზე ხელმოწერითაც 12 აპრილს საზოგადოების დაბადება აღინიშნა, მოუწოდებს მოსახლეობას ხმა აღიმაღლოს ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ.

[გია ბურჯანაძის ხმა] ”ქართული საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს, ქვეყნის კონსტიტუციის დამახინჯების, კერძოდ კი, 2004 წელს მიღებული ანტიდემოკრატიულ შესწორებების შედეგად, ხელისუფლების შტოებს შორის გაჩენილი დისბალანსის სავალალო შედეგებს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.”(სტილი დაცულია)

”ქართული აკადემიის” ერთ-ერთი დამფუძნებელია ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე. როგორც ქავთარაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საზოგადო მოღვაწეები დიდხანს იკავებდნენ თავს მსგავსი ორგანიზაციის შექმნისაგან, მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურმა საანგარიშო მოხსენებამ მათი მოთმინების ფიალა საბოლოოდ აავსო.

[ჯემალ მებონიას ხმა] ”ნუ, დავანებოთ თავი ყველაფერს, მაგრამ შეიძლება, რომ პრეზიდენტი გამოვიდეს პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით (პარტიული ტერმინი რომ ვიხმაროთ) და ერთი სიტყვა არ თქვას კულტურაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე? ეს ხომ შეუძლებელია.”

ორგანიზაციის პრეზენტაციის დროს ”ქართული აკადემიის” წევრები ბევრს ლაპარაკობდნენ შიშზე, რომელსაც ხელისუფლება თესავს განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების მიმართ. მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელსაც ქალაქის მერიამ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გაცემული ბინის მშენებლობის უფლება ჩამოართვა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას მათი ორგანიზაციის მისამართითაც ელოდება:

[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] ”დაიწყება დისკრედიტაცია, შეიძლება დაიწყოს ამ ადამიანებზე რაღაც კომპრომატების მოძიება. რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება. დღეს მე ამ ხელისუფლებისაგან ყველაფერს ველი და არა კარგს, ცუდს. სამწუხაროდ, ეს ფაქტია.”

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ფაქტისადმი ხელისუფლებას თავისი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” კომენტარზე უარი უთხრა. პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ორგანიზაციის შექმნა და საკუთარი აზრის გამოხატვა საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლებაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG