Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილი ქართული ენის დღეა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წელიწადში მინიმუმ ერთი დღე მაინც არსებობს, როცა საქართველოში ქართული ენის შესახებ საუბარი დღის თემად იქცევა ხოლმე.


ამ დღეს, ტრადიციულად, იხსენებენ 1978 წლის მოვლენებს, როცა, ქართველი სტუდენტების და საზოგადოების ხალხმრავალი პროტესტის შედეგად, ქართულმა ენამ მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. სიამაყით იხსენებენ იმასაც, რომ საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ენას ძეგლი დაუდგეს. გულდაწყვეტით ისიც ითქმება, რომ ქართული ენის ”სიწმინდის” თვალსაზრისით, ყველანი ვცოდავთ. ვინ არის პასუხისმგებელი ქართული ენის დაცვა-განვითარებაზე? - ამ კითხვით თამაზ კვაჭანტირაძეს მივმართე.

[ თამაზ კვაჭანტირაძის ხმა] ” ენას ჰყავდა პატრონი. სწორად გამიგეთ - ენის პატრონი არის ამ ენის მატარებელი ხალხი. მთლიანად - ხალხი. და რაც უფრო ძვალ-რბილში გვექნება გამჯდარი იმის შეგრძნება, რომ მე უნდა ვუპატრონო ჩემს დედაენას, მე თვითონ ჩემს მეტყველებაში უნდა აღმოვფხვრა, თუ რამე ზადია, მე უნდა ვიმუშაო ამ თვალსაზრისით - მუშაობა კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი უნდა ვწერო, უნდა ვიკითხო - ვიკითხო კლასიკა და გავავრცელო, გავაძლიერო ჩვენი დედაენა - ეს აუცილებლად პირველი და თავიდათავი მიზეზთა მიზეზია დედაენის გაძლიერებისა.”

დედაენის გაძლიერება - ეს საკითხის ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღემდე საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა საერთოდ არ იცის. 13 აპრილს ახალქალაქში გამართულ მიტინგზე ახალქალაქელებმა სახელმწიფო ენად სომხურის გამოცხადების საკითხიც დააყენეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ ქართული ენა არ იციან, ქართულის შესწავლა კი საკმაოდ რთული საქმეა.

[ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტუდენტების ხმა] ” სამველ მურადიანი ახალქალაქიდან. მე აქ ქართული ენის ჯგუფში ვსწავლობდი და მერე ჩავაბარე ადმინისტრირების ჯგუფში. ქართული სკოლიდან ცოტა ვიცოდი, მაგრამ აქ დავამატე. ჩვენთან ურთიერთობა არ არის ქართველებთან. ქართველი ცოტაა და ამიტომ.”
” დავით კარაპეტიანი. ახალქალაქი. ლიტერატურასაც ვსწავლობთ, გრამატიკასაც, ისტორიასაც.”

სამველ მურადიანი და დავით კარაპეტიანი ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სწავლობენ. უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ. თუმცა ადმინისტრირების სკოლაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართული ენის ინტენსიური კურსის გავლაც დასჭირდათ. სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის გია ცუცხვაშვილის განმარტებით, ქართული ენის ინტენსიური კურსი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა:

[ გია ცუცხვაშვილის ხმა] ”ამ სკოლაში არის 2 პროგრამა. ერთს ჰქვია ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი და სახელმწიფო მართვის პროგრამა. ქართული ენის ინტენსიური სწავლების პროგრამა - 12 კვირიანი კურსი - გათვლილია მათზე, ვინც საერთოდ არ იცის ქართული ენა ან იცის ცუდად. 12 კვირის განმავლობაში სწავლობენ მარტო ქართულს - მეტს არაფერს. დღეში აქვთ 6 საათი.”

დღეს საქართველოში ქართული ენის ცოდნა აუცილებელია - სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში სამსახურის დაწყება შეუძლებელია. ამის პარალელურად, შეიმჩნევა კიდევ ერთი ტენდენცია - საჯარო მოხელეებისთვის აუცილებელი ხდება ინგლისური ენის ცოდნაც. თამაზ კვაჭანტირაძის თქმით, უცხო ენის ცოდნა კარგია, მაგრამ ეს დედაენის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს:

[ თამაზ კვაჭანტირაძის ხმა] ” ენის სტიქიაში ღირსეულად ცხოვრება არანაკლებ ფასეულია, ვიდრე საზოგადოებაში ღირსეული ცხოვრება. ამიტომ მინდა, რომ ამოიძირკვოს, ამოიშანთოს ჩვენი შეგნებიდან ის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ერთგვარი აგდებული დამოკიდებულება, დაუდევარი დამოკიდებულება დედაენის მიმართ.”

დაბოლოს:

[ თამაზ კვაჭანტირაძის ხმა] ” მე კასტრირებული, დაკოდილი მეტყველების მომხრე კი არა ვარ, როდესაც წინადადების პირველ სიტყვას რომ იტყვის კაცი, უკვე ვიცი, რითაც დაამთავრებს - მოლოდინის განცდა მიქრება და საინტერესო აღარ არის ეს მეტყველება. ამიტომ, როგორც დიდი ორატორები აღნიშნავენ ხოლმე, თვითონ მთქმელმა, ლოგიკურად, თითქოს არც უნდა იცოდეს წინადადების დასასრული. მთავარია, რომ შენ, რაზეც ლაპარაკობ, ის გიყვარდეს და სიტყვები მოვლენ. სიტყვები მოვლენ...”
XS
SM
MD
LG