Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ გარი კასპაროვი და მისი 100-ზე მეტი თანამოაზრე დააკავა


მოსკოვში პოლიციამ კრემლის მოწინააღმდეგე 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა არასანქცირებული საპროტესტო აქციის შესაჩერებლად.

დაკავებულებს შორის არის გარი კასპაროვიც - ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ოპოზიციურ ალიანს “სხვა რუსეთის” ლიდერთაგანი. ამ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტთა ალიანსის განმარტებით, ის მშვიდობიან პროტესტს მიმართავს, რათა დაარწმუნოს ხელისუფლება მომავალ წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაში.

მაგრამ შაბათის საპროტესტო აქციის გამართვაზე ოპოზიციას უარი უთხრეს. პოლიცია არასანქცირებული დემონსტრაციის ჯერ კიდევ დაწყებამდე შეუდგა შეკრებილების დაშლას. ლაპარაკია ხელკეტებით აღჭურვილ ათასობით პოლიციელზე - მათ ხელკეტები გამოიყენეს კიდეც იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ვისგანაც დაკავებისას წინააღმდეგობა შეხვდათ.

თვითმხილველები როგორც ამბობენ, კასპაროვი, რომელიც “ერთიანი სამოქალაქო ფრონტის” ლიდერია, პოლიციის მანქანით წაიყვანეს - ის იღიმებოდა და ხელს უქნევდა პუშკინის მოედანთან შეკრებილ ჟურნალისტებს. მოსკოვში ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორეპსონდენტ დიმა ტარასენკოვის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ოპოზიციურ ალიანს “სხვა რუსეთის” რამდენიმე სხვა ლიდერიც:

[ტარასენკოვის ხმა] “მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დაკავებულ იქნენ “იაბლოკოს” ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი ილია იაშინი, ასევე ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი მარია გაიდარი და “იაბლოკოს” რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც აქ შეიკრიბნენ “მოწინააღმდეგეთა მარშში” მონაწილეობის მისაღებად”
ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტი იმასაც იუწყება, რომ პრეზიდენტ პუტინის ოპონენტების ნაწილმა ვერც კი შეაღწია პუშკინის მოედანზე. [ტარასენკოვის ხმა] “პუშკინის მოედანზე მისვლა სცადეს მემარჯვენე ძალების კავშირის ლიდერმა, ნიკიტა ბელიხმა და სახელმწიო სათათბიროს დეპუტატმა ვლადიმირ რიჟკოვმა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან პუშკინის მოედანი პოლიციამ ალყაში მოაქცია”.

ისევე როგორც 14 აპრილის აქცია მოსკოვში, არასნქცირებულია სანქტ-პეტერბურგში კვირისთვის დაგეგმილი საპროტესტო მარში, რომელიც, მოსალოდნელია, რომ მოსკოვის აქციის ბედს გაიზიარებს.

დაბოლოს, შეგასხენებთ, რომ უშუალოდ ამ გამოსვლების წინ ბორის ბერეზოვსკიმ - ბრიტანეთში ემიგრირებულმა რუსმა მულტიმილიონერმა - გაზეთ “გარდიანთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ამზადებს რევოლუციას რუსეთში პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის დასამხობად. მართალია, “სხვა რუსეთმა”, რომლის ლიდერებს შორის გარი კასპაროვიც არის, უარყო ყოველგვარი კავშირი ბერეზოვსკის რევოლუციურ მისწრაფებასთან6 მაგრამ ამ უკანასკნელის განცხადებამ, როგორც ჩანს, გაამწვავა პოლიტიკური დაძაბულობა რუსეთში.
XS
SM
MD
LG