Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


სამი განსხვავებული ხედვა,

სამყაროს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება, განსხვავებული პრინციპები და ცხოვრების წესი შეიძლება გაერთიანდეს, მაგრამ განსხვავებას არაფერი დაემუქრება... ამაში დარწმუნდებოდით, თუ აპრილის დასაწყისში ეწვეოდით სამშენებლო ფირმა ”არსის” საგამოფენო დარბაზს, სადაც 3 ქართველი ფოტოგრაფის - ლევან ხერხეულიძის, დათო მესხისა და ნიკო ტარიელაშვილის ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო. ნიკო ტარიელაშვილს თუ დავუჯერებთ, ეს საგამოფენო სივრცე ფოტოგრაფებმა იმიტომ აირჩიეს, რომ ”არსთან” თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ (”კალენდარი გავუკეთეთო” - ამბობს ნიკო), თანაც, დარბაზი მოსწონთ... მაგრამ შემთხვევითობა ხშირად კანონზომიერებად იქცევა. მშენებლობა, არქიტექტურა და ამ სამი ქართველი ფოტოგრაფის სტილი ერთი მოვლენის ორი მხარეა. დახვეწილობა, მაღალი ხარისხი და - არ ვიცი, ამბობენ თუ არა ამას ფოტოგრაფიაზე, მაგრამ... - კომფორტი... ისაა, რაც აერთიანებს კარგად აშენებულ სახლს სამი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრებთან... დიახ, კომფორტი! ამ სამ ფოტოგრაფს თითქოს მხოლოდ ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი” აერთიანებს - ამ ჟურნალში მუშაობენ და ამ ჟურნალისთვის იღებენ სურათებს. რაღაც აინტერესებთ, რაღაცას მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ ესაა მათი სამუშაო. ზოგ ფოტოში ჩანს, რომ გულგრილები არიან იმის მიმართ, რასაც იღებენ, მაგრამ სამივე თითქმის ყოველთვის იღებს ხარისხიანად და სამივე კომფორტს უქმნის მაყურებელს.

[ნიკო ტარიელაშვილის ხმა]
”მე რომ ვუყურებ, სამი ადამიანის ხასიათს ვხედავ, უფრო სწორად, ორის - ჩემი არ ვიცი, ჩემზე სხვამ უნდა თქვას... - კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.”

ეს ნიკო ტარიელაშვილია, რომელიც პროფესიით კინორეჟისორია, ამიტომ მოძრაობის გარეშე ფოტო ვერ წარმოუდგენია. ნიკოს სტატიკურ ფოტოპორტრეტებშიც კი იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, რომელიც, როგორც წესი, კადრის კომპოზიციით იქმნება. გამოფენაზე მან თავისი საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინა, თუმცა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროგრესს ვერ მიაღწევს, თუკი მხოლოდ კომპლიმენტები გაუკეთეს. ნიკო ტარიელაშვილის აზრით, კრიტიკის არარსებობა მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოგრაფიის განვითარებას საქართველოში:

[ნიკო ტარიელაშვილის ხმა]
”ფოტოკრიტიკოსები არ გვყავს... ფოტოგრაფიას სჭირდება კრიტიკა, რომელიც რეალურად არ არსებობს. ამის გამო ყველა იღებს. ვერავინ რომ ვერ აკრიტიკებს, რეალურად ვერ იგებ, რა არის კარგი და რა არის ცუდი... რეალურად ვერავინ ამჩნევს შეცდომებს და სწორ მიმართულებას. ვერ იგებენ როგორ უნდა გადაიღონ.”

ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა ფოტოგრაფები იძულებულები ხდებიან, უფრო გამოცდილ კოლეგებს დაუჯერონ და მათი შენიშვნები გაითვალისწინონ. ”არსში” მოწყობილი გამოფენის ავტორებს შორის ყველაზე გამოცდილი ლევან ხერხეულიძეა... აი, ლევანმა ვისღა უნდა ჰკითხოს?

[ლევან ხერხეულიძის ხმა] ”რატომ არ ვითარდება ფოტოგრაფია, არ ვიცი, მაგრამ ფოტოკრიტიკა ნამდვილად არ არის. მე ვიცნობ ერთადერთ ადამიანს, კრიტიკოს ნათია წულუკიძეს - საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენს გამოფენაზე კი ყველამ კომპლიმენტები მივიღეთ. თუმცა ვიქნები სუბიქტური და ვიტყვი, რომ მართლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენა იყო, რაც ბოლო 5-6 წლის მანძილზე მინახავს.”

”საუკეთესო გამოფენა იყოო” - ამბობს ლევან ხერხეულიძე. არა, თავის თავს კი არ აქებს, არც მეგობრებს... ლევანი აქებს გამოფენას, თავად ექსპოზიციას! შედიხარ ”არსის” საგამოფენო დარბაზში და ხედავ თითქმის ერთი ზომის შავ-თეთრ სურათებს (დაახლოებით ათ-ათ ფოტოს), რომლებიც ასეა განლაგებული: მარცხნივ - ლევან ხერხეულიძის მელანქოლიური სურათები, პირდაპირ - ბევრი ჰაერი, ბევრი სივრცე და ახალგაზრდული, უფრო მეტიც, თინეიჯერული ”სიმკვირცხლე” დათო მესხის სურათებში და ნამდვილი კინოკადრები, სივრცე, რომელიც ჩარჩოდან გამოდის - ნიკო ტარიელაშვილის ფოტოებზე... მართალს ამბობს ლევან ხერხეულიძე, არ არის საჭირო კრიტიკოსი იყო, გამოფენის კონცეფციას რომ ჩასწვდე:

[ლევან ხერხეულიძის ხმა] ”ამას არ სჭირდება იყო ფოტოექსპერტი - საკმარისია შეხვიდე დარბაზში, მიხვდები, რომ სამ კედელზე კიდია აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის ფოტოები. არ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მაღალი ხარისხია მთლიანად ყველა ფოტოსი, მაგრამ, ჯამში, ექსპოზიცია საინტერესო გამოვიდა, ზუსტად იმის გამო, რომ სამი განსხვავებული ხელწერაა.”

ნამდვილად საინტერესო უნდა ყოფილიყო დაკვირვება - როგორ შეირჩა ეს ფოტოები ექსპოზიციისთვის... როცა სამი განსხვავებული ტემპერამენტი ერთიანდება, ვიღაცამ ხომ უნდა დათმოს? ვიღაცამ კი სხვები უნდა დაარწმუნოს, რომ ვერ შეელევა თავის ხასიათს - მხოლოდ და მხოლოდ იმას გამოფენს, რაც მოსწონს. ეს პროცესი ვერ ვიხილეთ, მხოლოდ შედეგი ვნახეთ. პროცესზე კი ლევან ხერხეულიძე გვიამბობს:

[ლევან ხერხეულიძის ხმა] ”პრინციპი ასეთი იყო: ნიკომ თქვა, რომ გამოჰქონდა თავისი საუკეთესო ნამუშევრები, დათო მესხს ახალგაზრდული განწყობის ნამუშევრების გამოტანა უნდოდა. იმის გამო, რომ ბიჭებს პორტრეტები ჰქონდათ, მე თავი შევიკავე პორტრეტებისგან. მეც მინდოდა, ნაკლებად სოციალური ყოფილიყო ჩემი ფოტოები, ამიტომ სოციალური ელემენტი არც ერთში არ არის - განწყობა უნდა ყოფილიყო ერთიანი.”

ფოტოგრაფია დღეს მოდად გადაიქცა საქართველოში. ”არსში” გახსნილი გამოფენის ავტორებმა გვითხრეს, ვისაც არ ეზარება დღეს ყველა იღებს ფოტოს და მერე, თუკი ფული იშოვა, გამოფენასაც აწყობსო. მიუხედავად ამისა, ლევან ხერხეულიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ ფოტოგრაფიას პროგრესი არ ეტყობა - ყველა ერთნაირად იღებს და ყველა ერთსა და იმავეს იღებს

[ლევან ხერხეულიძის ხმა] ”ნამდვილად მოდურია, ყველა აჩხაკუნებს ამ კამერას - კარგ ტიპს ნიშნავს, როცა კამერა უკიდია და ქუჩაში გამოდის. იშვიათად თუ გამოდის ხოლმე ასეთი მასიდან კარგი ფოტოგრაფი... პროფესიონალიზმის პრობლემაა, რადგან არ არის სკოლები ბევრი. არსებობს მხოლოდ დათო ცხადაძის სკოლა.”

ფოტოგრაფიის გადაქცევა ერთგვარ ”პოზად”, რასაც კრიტიკის არარსებობა ემატება, არა მარტო ხელოვნების ამ დარგის კრიზისს განაპირობებს. ”არსში” მოწყობილი ექსპოზიციის ავტორების თქმით, იქმნება საშიშროება სინამდვილის დამახინჯებული ინტერპრეტაციისა. არც ერთი სხვა ხელოვნება ისე არაა დამოკიდებული დროზე, როგორც ფოტოგრაფია, მაგრამ როცა სურათს მხოლოდ მოდის გამო იღებენ და როცა ფოტოგრაფი რეალობას გამიჯნულია, იქმნება ”უდროო” ფოტოხელოვნება... მომავალში მოვა ახალი თაობა და ვეღარ გაიგებს, როგორ ცხოვრობნენ 21- ე საუკუნის დასაწყისში ქართველები, რა აღელვებდათ, რა მოსწონდათ, რა უხაროდათ და რა სწყინდათ - როგორი იყო ქვეყანა თუნდაც 2007 წელს.

[ლევან ხერხეულიძის ხმა] ”ამ ”ტიპობის” გამო - არავის უნდა სიღრმეში წავიდეს და ფოტოგრაფია ხელოვნების რანგში აიყვანოს, ამიტომაა ფსევდოფოტოგრაფი ძალიან ბევრი.”

ფსევდოფოტოგრაფი ბევრი გვყავს. მით უფრო მნიშვნელოვანი იყო ”არსის” საგამოფენო დარბაზში პროფესიონალი ფოტოგრაფების ექსპოზიცია, რომელმაც დაგვარწმუნა - ხელოვნების ამ დარგს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს, არსებობს განვითარების სრულიად განსხვავებული გზებიც - მთავარია მხატვრებმა დათმობა ისწავლონ და გაიაზრონ - ერთიანობა ყოველთვის არ ემუქრება განსხვავებულობას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG