Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დამატებითი ქართული კონტინგენტის გაგზავნას მოსახლეობა და ხელისუფლება სხვადასხვაგავარად აფასებს


საქართველოს ხელისუფლება თითქმის მზად არის

წლის განმავლობაში დამატებით 1000 კაციანი ქვედანაყოფი გაგზავნოს ერაყში. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც ამის გამო მადლობაც კი დაიმსახურა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისაგან, გასულ კვირაში ვაშინგტონში განაცხადა, რომ ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები. რას ნიშნავს ტექნიკური საკითხები და როგორ უყურებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას საქართველოდან ერაყში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის თაობაზე?

საქართველოს პრეზიდენტმა ერაყში დამატებითი 1000-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნის გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში, გორში მშენებარე სამხედრო ბაზის მონახულების დროს, ერთპიროვნულად მიიღო. ერთი თვის წინ მიხეილ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით აცნობდა მოსახლეობას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვინდა დავანახვოთ, რომ ქართველები არასდროს არსაიდან არ გაიქცევიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ყოფნას, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, როცა არის გადამწყვეტი პერიოდი ამ ოპერაციების, ჩვენ გავზრდით, მზად ვართ, უფრო სწორად, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ერაყში.”

საქართველო ანტიერაყულ კოალიციაში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს. თავდაპირველად ქართული კონტინგენტი 79 კაცს ითვლიდა, ერთი წლის შემდეგ ქართული კონტინგენტის რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. 2004-ში ეს რიცხვიც გაორმაგდა და 850 კაცს მიაღწია.
ამჯერად ლაპარაკია ქართული ქვედანაყოფის 2000 კაცამდე გაზრდაზე, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”ზოგადად ეს დახმარება ერთი წლით არის გაგრძელებული. ანუ ჩვენ ჩვენს ხალხს იქ, სავარაუდოდ, არ გავაჩერებთ ერთ წელზე მეტს.”

მაგრამ ეს ერთი წელი ყველაზე გადამწყვეტია ანტიერაყულ კამპანიაში. იმის კვალობაზე, რაც უფრო ძლიერდება ანტისაომარი განწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კოალიციის სხვა წევრ ქვეყნებში, მით უფრო გააფთრებული ხდება წინააღდეგობა ერაყის პარტიზანული მოძრაობის მხრიდან. ხუთშაბათს ტერორისტული აქტი მოხდა ერაყის პარლამენტში, რომელიც ბაღდადში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაცულ ”მწვანე ზონაშია” განლაგებული. სხვათა შორის, წინა წლებთან შედარებით, ერაყში ვითარება რომ მკვეთრად არის შეცვლილი, ეს ცოტა ხნის წინ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ერაყში მყოფმა ქართველმა ოფიცერმა გიორგი შენგელიამაც აღნიშნა:

[გიორგი შენგელიას ხმა] ”რა ვიცი, როგორ გითხრათ, სამხედრო თვალსაზრისით, ათასნაირი ხედვა აქვს ყველას. და ჩემი მხრიდან, მე რომ გითხრა, ახლა უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე 2005 წელს იყო.”


ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გააორმაგოს ქვედანაყოფის რაოდენობა ერაყში, უფრო ნაკლებად პოპულარულია მოსახლეობაში, ვიდრე სამი წლის წინ იყო. ამას მოწმობს რადიო ”თავისუფლების” მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვაც. შეკითხვაზე, გამართლებულია თუ არა ქართული სამხედრო ქვედანაყოფის გაზრდა ერაყში, პასუხები ასე განაწილდა:

[ქუჩის ხმები] ”არა მგონია, რომ უნდა გაგზავნოს.”/”რისკია დიდი, იმიტომ რომ ამდენი ქართველი, რაღაც რომ მოხდეს, უნდა დაიღუპოს ხომ? შანსი ცოტაა უკან დაბრუნების.”/”კი, აუცილებელია.”/” საშიშია. ჩემი ახლობელია წასული და ძალიან მეშინია. არა მაქვს სურვილი, რომ ვინმე წავიდეს.”/ ”აქ ნებაყოფლობით მიდიან, კაცმა იცის, რაზე მიდის, ხომ ასეა? ალბათ, ქვეყნისთვის კარგია.”/”უბრალოდ, ხელფასისათვის ქართველი ბიჭები იქ არ უნდა მიდიოდნენ საშიშროების ქვეშ და ჯობია ისევ სამშობლოს მიხედონ.”

ამასთან, რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომელიც სამხედრო კონტინგენტის ”ცხელ წერტილებში” გაგზავნას ეხება, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი:

[ქუჩის ხმები] ”არა, უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ გზავნის სხვის შვილს ხომ? თავის შვილს ხომ არ გზავნის?”/ ”ნაწილობრივ ასეც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კაპრიზია, რატომღაც.”/”ყოველთვის, ყოველთვის მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული იქნეს ყველგან.”/”თვითონ, მე მგონი, თბილისში მცხოვრებმა ხალხმა და სრულიად საქართველომ [უნდა გადაწვყიტოს]. და ”ვაბშე” არ მიმაჩნია ეგ ომი სამართლიანად, რა.”


აღსანიშნავია, რომ ერაყში გაზრდილი კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს პრეზიდენტს კანონი არათუ მოსახლეობის, არამედ პარლამენტის აზრის გათავლისწინებასაც არ ავალდებულებს. ერაყში ქართული სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთხელ უკვე არის რატიფიცირებული 2003 წელს, ავტომატურად მოქმედებს. ტექნიკური საკითხები თანხმდება მხოლოდ მოკავშირეებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული კონტინგენტის ტრანსპორტირებას, მათ ორკვირიან მომზადებას კუვეიტში და გადასროლას დისლოკაციის ადგილზე. თუ როდის შეთანხმდება ტექნიკური საკითხები ახალი გაზრდილი ქართული სამხედრო კონტინგენტის გასაგზავნად ერაყში, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG