Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ვახუშტი კოტეტიშვილი ამ კვირაში რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიურებს წერდა პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ვახუშტი კოტეტიშვილი.

8 აპრილი, კვირა
ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად!
ჩვენს სანათესაოში აღდგომას ტრადიციულად რომელიმე ჩვენგანის ოჯახში ვხვდებოდით. ადრე ეს ხდებოდა პაპაჩემისა და დიდედას ოჯახში, შემდეგ თურმე ჩვენთან გადმოინაცვლა, დედაჩემის გარდაცვალებისა და მამაჩემის დახვრეტის შემდეგ ეს მისია მამიდაჩემისა და ბიძაჩემის ოჯახმა იკისრა, რაც შემდეგ ჩემმა მამიდაშვილმა ცოტნემ განაგრძო. ცოტნეს გარდაცვალების შემდეგ კი უკვე მე ვიკისრე ეს ამბავი და ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე დიდი სიამოვნებით ვასრულებდი ამ მოვალეობას.
ჩვენი სანათესაოს თავყრილობები ყოველთვის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მხიარულებით, სპეციფიკური კოტეტიანთ იუმორით, ექსპრომტებით, კაფიებით და ჩემი ბიძაშვილის იათო კოტეტიშვილის დაუოკებელი ტემპერამენტით.
წელს, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ვერ შევიკრიბენით. ვინც ასაკოვანნი ვართ, სიარული გვიჭირს, ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს მარილები სცვივა, მესამე, საერთოდ, ლოგინიდან ვერ დგება. ახალგაზრდები კი აპირებდნენ მოსვლას, მაგრამ წინასწარ რომ დამირეკეს და აღდგომა მომილოცეს. გავაფრთხილე: მოსვლას თუ აპირებთ, იცოდეთ, რომ პასკისა და წითელი კვერცხების მეტი არაფერი მაქვს-მეთქი,
რას ვიზამთ?! ასეთია ნანატრი “ვარდების რევოლუციის” შედეგი: ფუფუნებაში ჩაფლული, გაზულუქებული უმცირესობა, რომელიც თავის თავს რატომღაც “უმრავლესობას” უწოდებს და გაღატაკებული, სულთმობრძავი ინტელიგენცია. ასეთი გახლავთ ქართული დემოკრატია. “დემო” - არა, მხოლოდ “კრატია”!

9 აპრილი, ორშაბათი
დღეს აღდგომის მეორე დღეა. ჩემი დავრდომილობის გამო სასაფლაოზე ვერ გავდივარ. ჩემიანებს ვატან “პასკას” და წითელ კვერცხებს. მე ხატებთან ვანთებ სანთლებს და ღმერთს ვავედრებ ჩვენს გარდაცვლილთა სულებს. ისინი თითქოს აქვე არიან. მე მათ გარემოცვაში ვცხოვრობ. ვესაუბრები, და ვგრძნობ მათ ღიმილიან მზერას.
დღეს 9 აპრილია. თვალწინ მიდგას ის საბედისწერო განთიადი. უსინათლო გოგონების გალობა. ქართველების ის საოცარი ერთსულოვნება და ურთიერთსიყვარული, რაც არც მანმადე და არც იმის შემდეგ არასოდეს მინახავს. უცებ მდუმარება ჩამოვარდა. ქაშვეთის ირგვლივ მდგარი ხეებიდან გაისმა ჩიტების ჭიკ-ჭიკი, რომელიც მალე ტანკების გუგუნმა გაფანტა. გარს შემოგვერტყნენ ჯალათები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ჩეხავდნენ ბავშვებს პატარა ნაჯახებით. ალყაში ვიყავით. მე იღლიებში ამოვიჩარე ორი სუსტი გოგონა, ჩემი მეგობრების ზაზა ჩიქოვანისა და დიმა ახვლედიანის შვილები და ჩემს წინ მდგომ მონღოლოიდური თვალების ჭრილის მქონე ჯარისკაცებს შევძახე: გზა მომეცით-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემმა უჩვეულოდ მბრძანებლურმა ტონმა, ჩახლეჩილმა ხმამ და ჭაღარა თმა-წვერმა (აღმოსავლეთის ხალხში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხანდაზმული აქსაკალებისადმი მოწიწება) წრე ოდნავ გაგვიხსნეს და მე ახალგაზრდებს გავძახე: შვილებო, მომყევით!-მეთქი. იმ ჯადოსნური წრიდან დაახლოებით ოთხმოცამდე ბავშვის გამოყვანა მოვასწარი და შემდეგ წრე ისევ შეიკრა. ჩემი შვილი გუგა ისევ იმ წრეში დაბრუნდა. ვეძახდი, მაგრამ ამაოდ. პირველი სკოლის ბაღში ვიღაც გასისხლიანებულმა ქალმა შემომღაღადა: მიშველეთო და გული წაუვიდა. ეს ტანსრული ქალი ზურგზე ავიკიდე, ლესია უკრაინკას ქუჩის აღმართზე ქოშინით ავიყვანე და ქუჩაში გამოფენილ ხალხს ჩავაბარე. ამასობაში ორი თავ-პირგასისხლიანებული ბიჭი მომადგა: ძია ვახოო - თქვეს და კისერზე ჩამომეკიდნენ. ჩემი ბიჭების მეგობრები აღმოჩნდნენ. მათგან ერთს თავი ჰქონდა გაჩეხილი. ამოვიყვანე ჩემთან სახლში და შეძლებისდაგვარად გავუწიე პირველადი დახმარება.
მეორე დღეს ქალაქში ხმა დაირხა: ვახუშტი კოტეტიშვილი მოკლესო. დამირეკა ვილენ მარდალეიშვილმა: გაზეთ “კომუნისტის” რედაქტორი ნიკა ჩერქეზიშვილი გთხოვს, რედაქციაში მობრძანდიო. ჩავედი. ბატონმა ნიკამ მთხოვა: იქნებ პატარა წერილი დაგვიწერო როგორც ამ ტრაგიკული მოვლენის თვითმხილველმა და უშუალო მონაწილემ. თანაც ხალხი გაიგებს, რომ ცოცხალი ხარო. მე პირობა ჩამოვართვი, რომ რასაც დავწერდი, უცვლელად დაბეჭდავდა. მან, უნდა ვაღიარო, რომ პირნათლად შეასრულა მოცემული პირობა.
მე მოკლედ აღვწერე, რაც მოხდა და პირველმა ვახსენე პრესაში “ნაჯახები”, რომლებითაც საბჭოთა ჯარისკაცები ულმობელად ჩეხავდნენ ჩვენს ბავშვებს. წერილს ასე ვამთავრებდი: “არ მოვმკვდარვარ, ხალხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს!”
ამ პატარა წერილმა ისეთი ამბავი გამოიწვია, რომ მოსკოვიდან დამირეკეს, აქ საპროტესტო აქციები იმართება და მოსკოვის ნამდვილი ინტელიგენციის თხოვნაა, შენ, როგორც თვითმხილველმა, მონაწილეობა მიიღოო.
ჩავფრინდი. დამხვდა მოსკოვის ქართველობა და ჩემი მეგობრები, ცნობილი ჟურნალისტები: იაროსლავ გოლოვანოვი, იური როსტი და სხვანი.. ეს აქციები იმართებოდა მოსკოვის სხვადასხვა რაიონში, დიდ, ხალხმრავალ კლუბებსა თუ სააქტო დარბაზებში. ჩემს მონათხრობს ხალხის დიდი რეაქცია ახლდა.
ბოლოს, მაშინდელი საკავშირო ტელევიზიის პოპულარული გადაცემის “ვზგლიადის” თავკაცებმა, ცნობილმა ჟურნალისტებმა ლისტევმა და ლიუბიმოვმა მთხოვეს ამ პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა აკადემიკოს სახაროვთან ერთად. წამიყვანეს გორკის სახელობის პარკში. იქ იყო მოწყობილი სცენა, ტელეკამერებით გარსშემორტყმული. სცენის წინ მოედანი ხალხით იყო გადაჭედილი. გადაცემა დაიწყო. მას ლიუბიმოვი უძღვებოდა. აკადემიკოსი სახაროვი მეუღლითურთ და მე სცენაზე ვისხედით. მაგრამ სანამ ჩვენი გამოსვლის ჟამი დადგებოდა, ატყდა პანიკა: არიქა, ჯარის ნაწილი მოდის ამ მიტინგის დასარბევადო! ჩვენი იქ მიმყვანები გვეცნენ სახაროვს და მე, ჩაგვტენეს მანქანებში ცალკ-ცალკე და სადღაც გაგვაქანეს. ასე აღმოვჩნდით კიდევ ერთ საჯარო აქციაზე, სადაც მონაწილეობდა რუსეთის მოაზროვნე ინტელიგენციის ელიტა. ჩემს გამოსვლას იქაც დიდი რეაქცია ჰქონდა.
მე ეს ამბები აქამდე არასოდეს დამიწერია. ახლა “რადიო თავისუფლების” მიერ დავალებულმა დღიურმა მაიძულა. ღმერთო, გაანათლე თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულები. ამინ!

10 აპრილი, სამშაბათი
უნდა ვაღიარო, რომ მე არ გახლავართ დღიურების მწერალი კაცი. მე რომ დავჯდე და ყველაფერი აღვნუსხო, რაზეც დღის განმავლობაში ვფიქრობ. მაშინ სხვა საქმეებისთვის დრო არ დამრჩება. მე ხომ ჩემი შერყეული ჯანმრთელობის გამო შინიდან თვეობით ვერ გავდივარ. ეს მდგომარეობა ჩემისთანა დაუდეგარი კაცისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამასაც თურმე აქვს თავისი დადებითი მხარე: რისთვისაც ადრე ვერ ვიცლიდი და ყოველთვის მომავლისთვის ვდებდი, აღმოჩნდა, რომ ახლა დადგა ის “მომავალი”. ვზივარ და ვწერ, ვწერ, რაც ჩემი ტვინის ხვეულებში მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დაილექა და აქამდე წიგნებად ვერ მიქცევია. მრცხვენია კიდეც, ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოვეცი 10 წიგნი. გარდა ამისა, ვინ მოსთვლის, რამდენი პუბლიკაცია ჟურნალ-გაზეთებში.
სიმონ ჩიქოვანი რომ ამბობს “დავით გურამიშვილში”: “უსაქმობით მელექსენი მრავლდებიან”-ო – მგონი, ასეა ჩემი საქმე.
ბოლო ხანებში დამჩემდა სიკვდილზე ფიქრი. ეს სულაც არ არის რაღაც შფოთიანი მდგომარეობა. სიკვდილის შიში ახალგაზრდობისთვის არის დამახასიათებელი. ჩემს ასაკში კი სიკვდილი შინაურდება. თანდათანობით ის ხდება შენი თანამესუფრე. შენთან ერთად წრუპავს დილის ჩაის თუ ყავას. შენთან ერთად აბოლებს აკრძალულ სიგარეტს და მოთმინებით გელოდება, გელოდება, არავინ უწყის, როდემდე. ის ოთახში დაბოდიალობს. მივა წიგნების თაროსთან, ფურცლავს, იქექება, თითქოს რაღაცას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ბოლობს კომპიუტერში გამახსნევინებს ახალ ფაილს და მაწერინებს ახალ ლექსს:



ჩვენ არყოფნიდან მოვედით,


და ვნახეთ, ყოფნა რაც არი.


აზრი ამქვეყნად ყოფნისა


თითქოს არი და არც არი.


წინ - წყალი, უკან - მეწყერი,


ჯერ - ცეცხლი, მერე – ნაცარი.


ბედნიერებას ვეძებდით,


მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.


სიკვდილი დედა ყოფილა,


სიცოცხლე – დედინაცვალი.

დამაწერინებს ამ ლექსს და კმაყოფილდება. ალბათ ამის გამო გადაწყვეტს, რომ ცოტა კიდევ მადროვოს, მამყოფოს ამ ცოდვა-ბრალიან წუთისოფელში. ბოლოს მოტრიალდება და ცოლის ხმით დამიცაცხანებს: “ნუ ეწევი ამდენ სიგარეტს. ნუ წრუპავ სასმელს. თავს მოუარე! ძალით გინდა, წამაყვანინო თავი?!”
ნუთუ მას მართლაც ადარდებს ჩემი დავრდომილი და ტანჯული სიცოცხლე: ყელში - პლასტმასის მილით, ცხვირში – ჟანგბადის სასუნთქი აპარატით, გულის, ფილტვისა და ღვიძლის უკმარისობით, ხერხემლის გამუდმებული ტკივილითა და სახსრების მსხვრევით?!
ბოლოს ხელს ჩაიქნევს და ჩემი მსუყე ნაფაზის ნისლში უჩინარდება. მე კი ისევ კომპიუტერს ჩავკირკიტებ და ვასწორებ მომავალი წიგნის ბოლო კორექტურას.
ვიცი, ხვალ ისევ მეწვევა როგორც დაუპატიჟებელი სტუმარი. მას სულაც არა აქვს ცელმომარჯვებული ჩონჩხის შემზარავი გარეგნობა. კარგი მოსაუბრეა, ვინაიდან დუმს და ყურადღებით მისმენს. და მე ვიცი, როდესაც ის ამეტყველდება, დადუმება მომიწევს. ამიტომ ვცდილობ, არ მივცე შემოპასუხების საბაბი. როდემდე გაგრძელდება ჩვენი მონოლოგური დიალოგი, ეს უწყის მაღალმა ღმერთმა,

11 აპრილი, ოთხშაბათი
“იმედის” “ქრონიკაში” გიგი უგულავამ წარმოგვიდგინა ქალაქის მერიის ახალი კანონპროექტი: ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით შემოღებულ უნდა იქნას გადასახადი უბნების მიხედვით: 1 კვ.მ. 10 თეთრიდან 3 ლარამდე.
ეს არის ჩვეულებრივი აპარტეიდის არაჩვეულებრივად შენიღბული ფორმა. ბუნებრივია, ქალაქის ისტორიულ უბნებში მცხოვრები ძირძველი, მაგრამ გაძვალტყავებული მოსახლეობა ამ გადასახადს ვერ გადაიხდის. მაშინ მას აიძულებენ, რომ გაყიდოს თავისი “სამლარიანი” ბინა და გადასახლდეს “ათთეთრიან” არაპრესტიჟულ უბანში. ეს სახლები რომ გაიყიდება და უბანი კეთილმოიწყობა, კვ.მ.-ის ფასი 3 ლარიდან ისევ 10 თეთრამდე დაიწევს, რადგან იქ უკვე ფულიანი გადამთიელები დასახლდებიან.
ჩემი ტელევიზორისწინა ბობოქრობა ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, როდესაც გიორგი თარგამაძის “ღია ეთერიდან” დამირეკეს და შემომთავაზეს საღამოს გადაცემაში ჩართვა, თემა ვიკითხე: ეს ახალი კანონპროექტიო - მითხრეს. იმწამსვე დავთანხმდი.
ჩემიანებმა დარიგება დამიწყეს: “ილაპარაკე მშვიდად, აკადემიური ტონით, რკინისებური ლოგიკით და, რაც მთავარია, შენებურად არ დაიგლიჯო ნერვები და არ გაიწყვიტო ის ერთადერთი სახმო სიმი, რომელსაც სული ძლივს უდგას შენს დაბზარულ ხორხში.” მე, რასაკვირველია, თვინიერად ვთანხმდები, მაგრამ ღამით, გადაცემაში ჩართვისთანავე ისეთ ნაპერწკლებს გავყრი და ისეთ ვულკანურ ლავას ამოვაფრქვევ, რომ გადაცემის დამთავრების შემდეგ მოსაბრუნებელი ვხდები.
რა ვქნა, ვერ ვეგუები ჩვენი ამჟამინდელი მთავრობის ბოლშევიკურ, “კომსომოლურსა” და ხუნვეიბინურ მენტალიტეტს. თავიანთ თავს “ნაციონალებს” ეძახიან, მაგრამ რასაც აკეთებენ, ყველაფერი ანტინაციონალურია. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ცივილიზაცია კულტურის ნანგრევებზე ააყვავონ. მათი ამ “მიჩურინობის” შედეგი რაც იქნება, ცხადია: სულიერი სიბერწე და უნაყოფობა.
ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ალალად მხარს ვუჭერდი, ასეთი გამოდგა. ამიტომ გადავწყვიტე, აღარასოდეს მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ხელისუფლებაში მოსვლა თურმე ყველას აფუჭებს. ჩემი წვლილი რატომ უნდა ერიოს ახალ უბედურებაში?!
რა გენიალურად ბრძანა (ჯერ კიდევ როდის?!) ჯონათან სვიფტმა: “პარტია არის მრავალთა სიგიჟე ერთეულთა სასარგებლოდ.” მე ჩემით მივედი ამ დასკვნამდე და ამიტომაც არასოდეს, არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ.

12 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს განსაკუთრებული თითქმის არაფერი მომხდარა. განუწყვეტლივ რეკდა ტელეფონი: ხან სახლის, ხან მობილური და ხანაც ორივე ერთად. ხალხი მადლობას მიხდიდა ღია ეთერში ჩემი წუხანდელი ჩართვის გამო: ყველას სათქმელი შენ თქვიო. ზოგი კი ღელავდა: ძალიან აღელვებული იყავი. თავს გაუფრთხილდი. მაგათ ჯანდაბამდის გზა ჰქონიათო. ამის გამო გუგამაც დამირეკა: ხალხმა ამიკლო რეკვით, “მამაშენმა დახურაო!” ჩემი შვილიშვილი ტატოც კმაყოფილი იყო: მაგარი ხარო - მითხრა. გამეხარდა, რომ ახალგაზრდებში ისევ მქონია “მაგრის” სახელი.
ისევ ჩემს წიგნს ჩავუჯექი. შენიშვნებს ვწერდი. თავი ზარფუშივით გამიხდა. დავიღალე. ამოდენა წიგნების ბეჭდვას უნდა შევეშვა. 400 გვერდზე მეტი გამოდის, თანაც, ძირითადად, ფშავ-ხევსურული ტექსტებია, სახათაბალო, სიზუსტის თვალსაზრისით, მაგრამ ჭეშმარიტად პოეზიის დღესასწაული!
ასეა. ყოველი წიგნის დამთავრების შემდეგ. რიტორიკულად ვაცხადებ: “მეტ წიგნს აღარც დავწერ და აღარც გამოვცემ.” მაგრამ ორიოდ დღის შესვენების შემდეგ ვიწყებ წრიალს და ახალ ტვირთს ვიკიდებ ზურგზე. ნათქვამია: ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო. მეც, ვიდრე ეს რქები არ მომცვეთია, უნდა ვწიო ჩემი ჭაპანი.

13 აპრილი, პარასკევი
ვითომ ჩემი წიგნების წერა არ მეყოფოდა, ამ ბოლო ხანებში ვიქეცი წინასიტყვაობების მწერლად. დამწყებ პოეტთაგან ბევრი მთხოვს ხოლმე, რომ საზოგადოებას მე წარვუდგინო მათი პირველი წიგნი. თუ ავტორი ნიჭიერია, ამას სიამოვნებით ვაკეთებ, ხოლო თუ უნიჭოა, დიდ უხერხულობაში ვვარდები ხოლმე. შემოქმედი ახალგაზრდისთვის მისი ნაღვაწის დაწუნება, თანაც პირში მიხლა, უხრეხულიც არის და არაპედაგოგიურიც. ამიტომ მოვიგონე ასეთი ეშმაკური მეთოდი. ამოვიღებ საწერი მაგიდის უჯრიდან ჩემს რომელიმე გამოუქვეყნებელ ლექსს და ვუკითხავ. დასრულების შემდეგ ჩემსა და ახალგაზრდა ავტორს შორის იმართება ასეთი დიალოგი:
-
ბ-ნო ვახუშტი, ეგ ვისი ლექსია?
-
ჩემი.
-
რატომ არა გაქვთ გამოქვეყნებული?
-
იმიტომ, რომ არ მიმაჩნია გამოქვეყნების ღირსად.
-
გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ!
ასე მარტივად, ბატალიების გარეშე მთავრდება ყველაფერი. ნიჭიერებს კი ვურჩევ ყოველ სტრიქონს, ვუქებ, რაც საქებარი აქვს და ვცდილობ ვურჩიო, შეცვალოს ესა თუ ის სიტყვა, რითმა, თუ სხვა რამ ამგვარი.
დღესაც სამი ასეთი წინასიტყვაობა მოვამთავრე, რაც, ჩემი მოუცლელობის გამო, ვალად მედო. ამოვუბეჭდე, დავიბარე გოგო-ბიჭები და ჩავაბარე. ბედნიერები იყვნენ. მე – მათზე მეტად.

14 აპრილი, შაბათი
დღევანდელი თარიღი მრავლისმეტყველია. 1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს ვიცავდით. მილიცია, რომელიც დემონსტრაციის ასალაგმავად იყო მოგზავნილი უშიშროების კომიტეტის მიერ, ჩვენს მხარეს გადმოვიდა. გავიმარჯვეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა კომუნისტურ ყოფაში, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას უკან დაახევინა.
მახსოვს, დემონსტრაციის დაშლის შემდეგ სიხარულით აღტყინებულებს გიგლა ფირცხალავამ გვითხრა: წამოდით, ჩემს სახელოსნოში აღვნიშნოთო. სიამოვნებით დავთანმხდით. გზად ყველამ ჯიბეები ამოვიფხიკეთ და “ზღაპრული” სუფრა გავშალეთ, გიგლა, როგორც მასპინძელი, მზარეულობდა.
ვიყავით: ზურაბ ნიჟარაძე და თენგიზ მირზაშვილი, ჯემალ ლოლუა და დიმა ერისთავი, ჯემალ შანშიაშვილი და ანზორ სალუქვაძე. თამადობა, როგორც ყოველთვის, მე ამკიდეს. ასეთი ბედნიერი პურობა იშვიათად შემხვედრია.
1979 წლის 14 აპრილს “ქართული ენის გამარჯვების” წლისთავს ჩვენ დავამთხვიეთ “ქართული ფოლკლორის დღე”. 1978 წლის თოთხმეტ აპრილს ქართული ენის სახელმწიფო უფლებები მოვიპოვეთ, ხოლო მის წლისთავზე კი ამ ენაზე ამღერებული ლექსის სახალხო დღესასწაულს ვმართავდით. გვიხაროდა, მაგრამ ეს სიხარული ლამის ძმრად წარმოგვდინდა. სახელმწიფოებრივი სიფხიზლის ორგანოებმა კატეგორიულად მოგვთხოვეს საღამოს სხვა თარიღისთვის გადატანა იმის შიშით, რომ რაიმე არ მომხდარიყო: ან პროკლამაციები არავის გადმოეყერა, ან კიდევ რაიმე “გამოხდომებს არ ჰქონოდა ადგილი”. ფილარმონიის დირექტორი დორიან კიტია კლდესავით იდგა და არწმუნებდა: ყოველი დღე დაკავებულია, მხოლოდ ეს დღე მაქვს თავისუფალიო. ბოლოს მე ჩავერთე და განვაცხადე: გარწმუნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და თუ მაინც რაიმე მოხდა, მე დამიჭირეთ-მეთქი.
არ ვიცი, რამ იმოქმედა იმათ სინდის-ნამუსზე, მაგრამ დიდი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ დაგვთანხმდდნენ. მაგრამ ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ მთელი ფილარმონია ორგანოს მუშაკებით აივსო და ჩვენ მათს გამჭოლ მზერას ზურგიდანაც ვგრძნობდით.
მიუხედავად ამისა, საღამომ ისეთი ტრიუმფით ჩაიარა, რომლის მსგავსი რამ მე არასოდეს მინახავს. დარბაზი ოვაციებით ინგრეოდა. სახეგანათებულ ხალხს დაშლა არ უნდოდა. სცენაზე ამოიჭრნენ, ჰკოცნიდნენ საღამოს მონაწილეებს, უცვლიდნენ მისამართებს და შინ ეპატიჟებოდნენ. ყველას ერთმანეთი უყვარდა და უხაროდა. ერთი სიტყვით, კარგი დღე იყო.
ახლა, როდესაც ტელევიზიის პროგრამების უმრავლესობას ვუყურებ, ან ქართულ პრესას ვათვალიერებ, ვეძებ ჩვენს მიერ კბილებით დაცულ მშობლიურ ენას, მაგრამ ვერ მიპოვნია.
იქნებ ვინმემ “დამიმესიჯოს” და “გამიიასნოს”, ეს რა “პონტია?!”

15 აპრილი, კვირა
დღეს კვირაა, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან თვეობით შინიდან გარეთ ფეხი არ გამიდგამს. ჩემი ლაღი ცხოვრების მანძილზე ავადმყოფობების ისეთი თაიგულის შეკონვა მოვახერხე, იაპონურ “იკებანას” რომ არც დასიზმრებია. ამის გამო ჩემთვის ყოველი დღე კვირაა და, ამავე დროს, არც არის, ვინაიდან ისევე თავაუღებლად ვმუშაობ, როგორც ყოველთვის.
ბესიკ ხარანაულმა ერთი მშვენიერი ლექსი მიძღვნა, რომელიც ასე იწყება: “ყოველი დილა გაზაფხულია, რადგანაც იგი არ არის გუშინ”. ჩემთვის კი ყოველი დილა არის “გუშინწინ”, რადგან, უმთავრესად, წარსულში ვცხოვრობ, ჩემს წინაპართა გარემოცვაში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც “ჩემი წუთისოფელი” დავწერე.
წარსულს შევეშვათ. აწმყოში გადმოვინაცვლოთ. თამუნა ჩიქოვანს ველოდები: “რადიო თავისუფლებისათვის” უნდა ჩაგწეროო, უარი როგორ უთხრა ასეთ მშვენიერ ქალბატონს, თანაც ჩემს ყოფილ სტუდენტს და ასეთ წარმატებულ ჟურნალისტს. ვეჭვობ რომ ჩემს დანჯღრეულ ხრიალს ვინმე გაიგებს, მაგრამ “ცდა ბედის მონახევრეა”.
გაზაფხულის დადგომას გილოცავთ, ძვირფასო მსმენელებო! მრავალს დასწრებოდეთ! ამინ!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG