Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული აკადემიის” პერსპექტივა


გასული კვირის ხუთშაბათს საზოგადოების წინაშე წარდგნენ ახლად შექმნილი ორგანიზაციის - “ქართული აკადემიის” - წარმომადგენლები: მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები...

ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების სავარაუდო მიზეზებსა და პერსპექტივებზე მინდა გესაუბროთ.

12 აპრილი განსაკუთრებული დღე იყო საინფორმაციო ტელეპროგრამების მოყვარულთათვის. ამ დღეს “ქრონიკამ”, “მოამბემ”, “კურიერმა” და “მზერამ” მაყურებელს ერთხმად აცნობეს, რომ: პირველი მაისიდან ბუნებრივი აირის გადასახადი ერთ კუბურ მეტრზე 50 თეთრამდე მოიმატებს; პირველი ივლისიდან 40 თეთრამდე გაძვირდება საქალაქო ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით - მგზავრობა; თბილისის საკრებულომ წყლის კოლექტიური მრიცხველების დადგმას დაუჭირა მხარი; საავადმყოფოებში მკურნალობის ღირებულება გაიზრდება; სოლიდარული გადასახადის ზედა ზღვარი ლარ-ნახევრით განისაზღვრება.

ამ სუნთქვისშემკვრელი ინფორმაციული ნაკადის შემდეგ, ტელევიზიებით გავიდა რეპორტაჟი სასტუმრო “საქართველოდან”, სადაც ახლად დაარსებული ორგანიზაციის - “ქართული აკადემიის” - პრეზენტაცია შედგა. საყოველთაოდ ცნობილმა მეცნიერებმა, მსახიობებმა და რეჟისორებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებულიყვნენ “ქართული ცნობიერებისა და თვითმყოფადობის გადასარჩენად”.

ეს, ცხადია, დამთხვევა იყო - წყლის, ტრანსპორტის, გაზის, საავადმყოფოებისა და, ზოგ შემთხვევაში, საკუთარ სახლში ცხოვრების გაძვირების ფონზე - ფრიად პატივცემული ადამიანების პროტესტი. შეიძლება ითქვას, რომ, ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველად, უკმაყოფილებამ კერძო პირების სამზარეულოებიდან გამოაღწია და საჯარო, ორგანიზებული ფორმა შეიძინა “ქართული აკადემიის” სახით. მისმა წევრებმა დასაწყისისთვის ერთი შეტყობინება საზოგადოებას გაუგზავნეს და ერთიც - ხელისუფლებას: პირველს ღირსების სადარაჯოზე დგომისკენ მოუწოდეს, მეორეს კი განუმარტეს, რომ “წითელი ინტელიგენციის” იარლიყი მათ არ შეაშინებთ.

თუ მაინც ვიკითხავთ - რამ მისცა ბიძგი ქართული ინტელიგენციის ორგანიზებულ პროტესტს, ალბათ, არც მხოლოდ საზოგადო მიზეზებზე უნდა შევჩერდეთ და არც მხოლოდ პირადულზე. არსებობს ერთი ზოგადი პრობლემა, რომელიც ორივე მიმართულებას აერთიანებს: უპერსპექტივობის განცდა. თუ დავაკვირდებით, “ქართული აკადემიის” წევრები შუახნის და ასაკოვანი ადამიანები არიან - რომლებსაც ახალგაზრდა ხელისუფლების თვალში და ხელში პერსპექტივა, თუნდაც, მათი ასაკის გამო, დაკარგული აქვთ; მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი - ხელისუფლების ხისტი კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკაა. მართალია, “ქართული აკადემიის” დეკლარაციაზე ხელმომწერები სწორედ რომ წარმატებული ადამიანები არიან: მოქმედი მსახიობები და რეჟისორები, ინსტიტუტების დირექტორები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომისიის წევრები, მაგრამ თითოეული მათგანის, მათი კოლეგების, მათი საქმის ხვალინდელი პერსპექტივა მაინც სათუოა ზემოხსენებული ორი მიზეზის გამო.

ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას დიდწილად ის ფაქტორი წარმართავს, თუ რამდენად ხედავს ადამიანი საკუთარ თავს საქმეში უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. ოპოზიციური პარტიები და ჯგუფები სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც ახალი ლიდერები ძველ გარემოში საკუთარი პიროვნული განვითარების თუ კარიერული წინსვლის გზას ვეღარ ხედავენ. შესაბამისად, ქვეყანა მით მეტად სტაბილურია, რაც უფრო ხანგრძლივად და მკაფიოდ შეიგრძნობს მისი თითოეული მოტივირებული მოქალაქე საკუთარ პერსპექტივას. შესაძლოა, საქართველოში ბევრს აღარ ახსოვს, რომ როდესაც რონალდ რეიგანი ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, იგი 69 წლის იყო, მეორე ვადით არჩევისას კი - 73 წლის.

პერსპექტივის დაკარგვა სერიოზული პრობლემაა, რადგან საზოგადოების წევრთა უმრავლესობას და, საბოლოოდ, ქვეყნის მომავალს ეხება. მართალია, მეტ-ნაკლებად წარმატებულ ადამიანებს ზოგჯერ უჩნდებათ განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაინცდამაინც პირადად მათ ემტერება, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ცნობილი და არაცნობილი ადამიანები ერთ სივრცეში იშვიათად ხვდებიან და ერთმანეთის შესახებ ბევრი არაფერი იციან. “ქართული აკადემიის”, როგორც ორგანიზაციის, მთავარი პრობლემაც ესაა: მოისურვებენ მისი წევრები ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დგომას? შეძლებენ მათ გულებში შეღწევას? ახალგაზრდების მიზიდვას და დაინტერესებას? საზოგადოებისთვის კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებას და ამ ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო რესურსის მოძიებას? თუ პასუხი დადებითი იქნება, შესაძლოა, “ქართული აკადემია” გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტორად ჩამოყალიბდეს, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციური პარტია. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, “ქართული აკადემია” საზოგადოების პოლიტიკური უმწიფრობის მორიგ თვალსაჩინო ნიმუშად დარჩება.
XS
SM
MD
LG