Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სიმღერებიდან და სენტიმენტებიდან – საქმეზე”


საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთ თვეზე ნაკლებ დროში, მაისში, კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. 11-12 მაისს კრაკოვში ენერგეტიკული სამიტი ჩატარდება,

რომელსაც, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების გარდა, უკრაინის, აზერბაიჯანისა და, სავარაუდოდ, ყაზახეთის პრეზიდენტიც დაესწრება. დღეს კი პოლონეთის პრეზიდენტი თბილისშია. უამინდობის გამო ვიზიტის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა, რაც, საბოლოოდ, კაჩინსკისა და სააკაშვილის ბრიფინგის თითქმის საათ-ნახევრით დაგვიანებასა და ჟურნალისტების შეკითხვებისთვის დროის უქონლობაში აისახა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თითქმის ოთხი წელი დარჩა პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე და კიდევ არაერთხელ ეწვევა საქართველოს, თუმცა მანამდე, 11-12 მაისს, ის ელის მიხეილ სააკაშვილს კრაკოვში – ენერგეტიკულ სამიტზე, რომლის ჩატარების თაობაზე პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მარტის დასაწყისში შეთანხმდნენ. საუბარი შეეხება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნავთობის საქართველოსა და უკრაინის გავლით პოლონეთსა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილში ტრანსპორტირებას, რაც ოდესა-ბროდის მილსადენის პოლონეთის მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ პუნქტ პლოცკამდე გაგრძელებას გულისხმობს. როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და მაისში დანიშნული რიგგარეშე არჩევნების მიუხედავად, ენერგეტიკული სამიტი არ გადაიდება. ლეხ კაჩინსკიმ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

[კაჩინსკის ხმა]
“დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. კიდევ თითქმის 4 წელი დამრჩა პრეზიდენტის პოსტზე და უთუოდ კიდევ არაერთხელ ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ ახლა ბატონ პრეზიდენტს ველი მაისში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე - სამიტზე, მთელი რიგი ქვეყნების პრეზიდენტთა მონაწილეობით. ყველა ეს ქვეყანა ახლობელია პოლონეთისთვის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული სიმპათია გვაკავშირებს.”

ამ შეხვედრისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტიც:

[სააკაშვილის ხმა]
“ჩვენ მადლობელი ვართ პოლონეთის იმისათვის, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხში. ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ პოლონეთის ინიციატივას ენერგეტიკის თემაზე სამიტის მოწვევაზე პოლონეთში, ისევე როგორც ჩვენ აღფრთოვანებით და აღტაცებით ვადევნებთ თვალყურს პოლონეთის ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც ჩვენ ყველა ვატარებთ და რომლისთვისაც ყველა ვიბრძვით – თანასწორობა, თავისუფლება...”(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა, პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, ისაუბრა ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებაზეც და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება, რაც ტურისტების მიმოსვლას შეუწყობს ხელს.

[სააკაშვილის ხმა]
“მე ვიცი, რომ პოლონეთში დღემდე მღერიან სიმღერებს თბილისზე, დღემდე მღერიან სიმღერებს ბათუმზე. ახლა დროა სიმღერიდან გადავიდეთ რეალობაზე და ეს ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში.”

რეალობას რაც შეეხება, უმნიშვნელოვანესი, ალბათ, არის ის მხარდაჭერა, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ გამოხატავს. პოლონეთის პრეზიდენტმა 16 აპრილის ბრიფინგზე განაცხადა:

[კაჩინსკის ხმა]
““მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაში, გარდა ამისა, ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ვილაპარაკეთ სამეზობლო პოლიტიკაზე, მაგრამ, რასაკვირველია, საქართველოსთვის გარკვეული პერსპექტივით - ე.ი. გაწევრიანების პერსპექტივის გათვალისწინებით. ეს არის პოლონეთისთვის ფუნდამენტური საკითხები და ღმრად ვარ დარწმუნებული, რომ ნატოს უახლოესი სამიტი - ის, სავარაუდოდ, ლისაბონში გაიმართება 2008 წელს, ალბათ, აპრილში - იქნება სამიტი, რომელზეც საქართველო მიიღებს მაპ-ს, გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას. მსოფლიოს ამ რეგიონში სტაბილიზაციისათვის, საქართველოსა და არა მარტო საქართველოს, მთელი ევროპის, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს ეკონომიკური ინტერესებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”


პრეზიდენტები შეეხნენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიასაც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობა არა 15, არამედ 86 წელიწადს ითვლის. სააკაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მაისში ის მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალის გახსნაში. ამ თემასთან დაკავშირებით კაჩინსკიმ ერთი ახალი დეტალი აღნიშნა:

[კაჩინსკის ხმა]
“ბატონმა პრეზიდენტმა გაიხსენა ჯგუფი ოფიცრებისა, რომლებიც ეროვნებით ქართველები იყვნენ. ბევრმა არ იცის, რომ ერთ-ერთი მათგანი - პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამხედრო კანცელარიის შეფიც კი იყო. დიახ,პრეზიდენტს ომამდე ორი კანცელარია ჰქონდა - სამოქალაქო და სამხედრო - ამჟამინდელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მსგავსი უწყება. და ამ კანცელარიის შეფი გახლდათ ეროვნებით ქართველი გენერალი.”


ვინაიდან პრეზიდენტების ბრიფინგი შეკითხვების გარეშე დასრულდა, ვისარგებლე შემთხვევით და სააკაშვილისა და კაჩინსკის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ვთხოვე პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის უფროს ელჟბეტა იაკუბიაკს.

[იაკუბიაკის ხმა]
““ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს რაც შეეხება, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ - ძირითადი საკითხები ორი ქვეყნის ურთიერთობებში: ვისაუბრეთ კავშირის გაადვილებაზე - ახალ ავიარეისზე ვარშავასა და თბილისს შორის. ეს ერთი, მეორე - ვიმსჯელეთ სავიზო რეჟიმისა და საზღვრების გადაკვეთის გამარტივებაზე, მაგრამ ევროკავშირის ჩარჩოებში. პოლონეთი მხარს დაუჭერს საქართველოს საკითხისადმი ისეთსავე დამოკიდებულებას, როგორითაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები სარგებლობენ. და ამას დავპირდით ბატონ პრეზიდენტ სააკაშვილს.”

ელჟბეტ იაკუბიაკმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საუბარი შეეხო სავაჭრო ურთიერთობებისა და სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას.

ვაჭრობის თაობაზე ლეხ კაჩინსკიმაც განაცხადა, რომ პოლონეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ძალიან დაბალია, თუმცა ის ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციასა და განვითარებასთან ერთად სავაჭრო ბრუნვაც გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG