Accessibility links

logo-print

რით განსხვავდება აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 13 აპრილის რეზოლუცია წინა რეზოლუციებისგან?


13 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2007 წლის 15 ოქტომბრამდე გაუგრძელა მანდატი საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას.

საქართველოში იყო იმედები, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია, თავისი შინაარსით, იქნებოდა წინა რეზოლუციებზე უკეთესი და მეტად კეთილგანწყობილი საქართველოს მხარის მიმართ. თბილისში მართლაც აღნიშნავენ პოზიტიურ სიახლეებს გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში და საინტერესოა, რომ, იმავდროულად, რეზოლუციით უკამაყოფილებას არც აფხაზთა მხარე გამოხატავს.


2007 წლის 13 აპრილის რეზოლუციით გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და მიუთითებს, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება შესაძლებელია იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლებსაც შეიცავს ბოდენის დოკუმენტად ცნობილი ”თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპების შესახებ დოკუმენტი”. მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოწოდება და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის ბოდენის დოკუმენტის ძირითადი პრინციპების მნიშვნელობისთვის ხაზგასმა სიახლეს არ წარმოადგენს გაეროს წევრებისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არის ორიოდე სხვა, საქართველოს მხარის წარმომადგენლების აზრით, მართლაც მნიშვნელოვანი სიახლე:

[თემურ მჟავიას ხმა] ”ზემო აფხაზეთი დადებით კონტექსტშია მოხსენიებული და შემოსულია ორი მნიშვნელოვანი პასაჟი, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა უკან მიბრუნებას. ”

აღნიშნავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თემურ მჟავია გაეროს უშიშროების საბჭოს 13 აპრილის რეზოლუციასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 13 აპრილის რეზოლუციით გაეროს უშიშროების საბჭო მიესალმება მხარეთა მიერ მიღწეულ პროგრესს წინა რეზოლუციაში მითითებული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარეს მოუწოდებს შემდგომი ქმედებებისკენ იმისათვის, რომ ვითარება ზემო აფხაზეთში აკმაყოფილებდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის შეთანხმების პირობებს, აფხაზთა მხარეს კი თავშეკავებას ურჩევს. თემურ მჟავიას თქმით:

[თემურ მჟავიას ხმა] ”მოსკოვის ხელშეკრულებისადმი მიდგომა არის განსხვავებული. მოსკოვის ხელშეკრულებაში კოდორის ხეობა არ არის განხილული კონფლიქტის ზონად, ამიტომ ამ ზონაზე შეთანხმების მოთხოვნები არ უნდა ვრცელდებოდეს.”

მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს მხარის მიერ შემჩნეულ პოზიტიურ სიახლეებს გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაგმობილია და პროვოკაციულ ქმედებად არის შეფასებული 2007 წლის 11-12 მარტს კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტი და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რეზოლუციაში ხაზგასმულია აფხაზეთიდან განდევნილ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა. უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში პირველად აღინიშნა, რომ აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ არა მარტო რეგიონის ის მცხოვრებნი, რომლებსაც იძულების წესით დაატოვებინეს საკუთარი საცხოვრებელი, არამედ აფხაზეთს გარეთ გაზრდილი ახალი თაობაც.

”იმაზე, რომ თავის დროზე ადამიანებმა დაკარგეს ქონება, ომის გამჩაღებლები არიან პასუხისმგებლები. აფხაზეთში დემოგრაფიული სურათი შეიცვალა და ამას უნდა შეეგუოთ”, - აღნიშნავდა ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას დევნილთა ღირსეულად დაბრუნების ახლებურ მოწოდებაზე ის ყურადღებას არ ამახვილებს, რეზოლუციას ნეიტრალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის არ შეიცავს აფხაზთა მხარისთვის განსაკუთრებით მიუღებელ მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG