Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ქართული ქვედანაყოფისთვის ადგილს ამზადებენ


საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს ანტიერაყული კოალიციის ხელმძღვანელობასთან იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც ერაყში 2000 კაციანი

ქართული სამხედრო ბრიგადის განლაგებასთან არის დაკავშირებული. ამასობაში კი შეიარაღებული ძალები შეივსო ამერიკელი სპეციალისტების მიერ მომზადებული კიდევ ერთი ბატალიონით, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდება ახალი ერაყული ბრიგადა. 14 აპრილს მე ვესწრებოდი ბატალიონის გამოშვების საზეიმო ცერემონიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტში გაიმართა.

მე-3 ქვეითი ბროგადის 32-ე ბატალიონის მიერ ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის” დასრულების საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით დაიწყო.

[ჯარისკაცები ჰიმნს მღერიან]

11 კვირიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ოფიცრები და სერჟანტები ხელმძღვანელობდნენ პოლიგონზე და უძღვებოდნენ სასწავლო კლასებში, ოთხასამდე ქართველმა რეკრუტმა გაიარა. ამერიკელ ინსტრუქტორთა მეთაურმა, მაიორმა ქრეგ ჯონსმა მაღალი შეფასება მისცა ქართული ბატალიონი მომზადებას, ხოლო რამდენიმე გამორჩეულ სერჟანტსა და ოფიცერს საზეიმო ვითარებაში პირადად გადასცა ქების სერტიფიკატები.

[ქრეგ ჯონსი] ”თქვენ ხართ საუკეთესო ჯარისკაცი თქვენს ასეულში და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის აღიარება. იმედია, თქვენ მოგეწონათ ის სწავლება, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ ერაყში.”

ამერიკული პროგრამით და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ბატალიონი ზაფხულში ერაყში სამშვიდობო მისიით გაემგზავრება. ამის შესახებ პროგრამაში მოხვედრამდე იცოდა ყველა ჯარისკაცმა. მათ შორის არის საჩხერელი ემზარ დემეტრაძე, რომელსაც გული სწყდება, რომ პროგრამა დასრულდა და ამერიკელ მეგობრებს უნდა დასცილდეს:

[ემზარ დემეტრაძის ხმა] ”პირველ რიგში, გახარებული ვარ, რომ ასე შესანიშნავად ჩატარდა ყველაფერი. გული გვწყდება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინსტრუქტორები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ, სამწუხაროდ, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს და აღარ გვექნება შესაძლებლობა, რომ კვლავ შევიკრიბოთ.”

თუმცა სულ მალე მე-3 ბრიგადის ჯარისკაცები საბრძოლო მეგობრებს ერაყში გაიჩენენ. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ ქართული ბრიგადა ერაყში ერთ კონკრეტულ რეგიონში განლაგდება და სამშვიდობო ოპერაციას მნიშვნელოვან სექტორში უხელმძღვანელებს:

[ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხმა] ”ადგილი, რომელიც ქართველებისათვის გამოიყოფა, არის ალ კუტი, ეგრეთ წოდებული. სამოქმედო თეატრში ქართველებს ექნებათ თავისი სამოქმედო რაიონი. მათ დაქვემდებარებაში შევა დაახლოებით 9 ქვეყნის ქვედანაყოფი. მთლიანობაში,2000 კაცი აითვისებს ამ ტერიტორიას და შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რაც დაკისრებული აქვთ დანარჩენ ქვეყნებს. ეს იქნება პატრულირება, ჩეკ პოინტები და ასე შემდეგ.”

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერაყში ქართული კონტინგენტის რაოდენობა ბატალიონიდან ბრიგადამდე გაიზრდება და 2000 კაცით დაკომპლექტდება. საქართველოს ხელისუფლება კოალიციურ სარდლობასთან აგრძელებს მოლაპარაკებებს ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ერაყში გაზრდილი კონტინგენტის განთავსებასა და უზრუნველყოფასთან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ მაილსის თქმით, გაორმაგებული ქართული კონტინგენტი ერაყში, სავარაუდოდ, ამ წლის ზაფხულში გაემგზავრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG