Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუიჯი კომენჩინის გახსენება


გასულ კვირას იტალიამ უკანასკნელ გზაზე გააცილა

მსოფლიოს კინოს კლასიკოსი, იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლუიჯი კომენჩინი, რომელიც 7 აპრილს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა. კომენჩინის ფილმები უყვართ საქართველოშიც - 50-იან წლებში გადაღებულ მის ფილმზე ”პური, სიყვარული და ფანტაზია” ჩვენში თაობები გაიზარდა. ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე” დღეს მინდა დიდი იტალიელი კინორეჟისორისა და მისი შემოქმედების გავლენაზე გესაუბროთ.

[ჯინა ლოლობრიჯიდას ხმა]

შეიძლება იცანით კიდეც ეს ხმა - სიმღერას რომზე, ლუიჯი კომენჩინის ფილმიდან ”რომის მზეთუნახავი”, ჯინა ლოლობრიჯიდა მღერის... იტალიელი ნეორეალისტების, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული ”ვარდისფერი ნეორეალისტების”, მუზა... დიახ, სწორედ ასე შეარქვეს მიმართულებას, რომელიც იტალიურ კინოში 50-იანი წლების დასაწყისში დაიბადა, იმ დროს, როცა იტალიის ეკონომიკამ ოდნავ ამოისუნთქა, უფრო მეტიც, როცა ქვეყანაში ”ეკონომიკურ სასწაულზეც” კი დაიწყეს ლაპარაკი. თავდაპირველად ამ პროცესმა ცოტა არ იყოს დააბნია იტალიელი ნეორეალისტები - თუკი სამუშაო ადგილები ჩნდება, რაღა აზრი აქვს კინოს გადაღებას უმუშევრობაზე? თუკი რომის ქუჩებში მათხოვარ და მაწანწალა ბავშვებს ვეღარ ვხედავთ, აბა ვიღა უნდა იყოს იტალიელ ნეორეალისტთა ფილმის გმირი? ზოგიერთმა რეჟისორმა, მაგალითად ფელინიმ და ანტონიონიმ, საერთოდ უარი თქვა სოციალურ პრობლემებზე და თანამედროვე იტალიელის სულიერი კრიზისის კვლევა დაიწყო. იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა კი, ვიტორიო დე სიკამ, ”ეკონომიკური სასწაულის” გაშარჟებას მიმართა - ”სასწაული მილანში” გადაიღო. მოგვიანებით დე სიკა იტყვის, რომ ახლად გამდიდრებული წვრილი ბურჟუაზიის ”გაქილიკების” იდეა მას ლუიჯი კომენჩინისთან თანამშრომლობის დროს დაებადა, როცა წაიკითხა სცენარი ფილმისთვის ”პური, სიყვარული და ფანტაზია”, რომელშიც დე სიკა, ჯინა ლოლობრიჯიდასთან ერთად, მთავარ როლს ასრულებს. კომენჩინიმ მაყურებელს უთხრა - ის ”ვარდისფერი ცხოვრება”, რომელიც სასწაულის სახით მოევლინა იტალიელებს, მხოლოდ და მხოლოდ ამაოებაა...მხოლოდ და მხოლოდ სიმდიდრე არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის... ”პური” არაფერია, თუკი მას ”სიყვარული” და ”ფანტაზია”, ე.ი. შემოქმედება არ ახლავს.

[ელდარ შენგელაიას ხმა] ”ამქვეყნად ყველა პოლიტიკოსი ხალხს არწმუნებს, რომ კეთილდღეობა იქნება... ხალხს ჰპირდება, ვერ ასრულებს, ხალხი მიამიტად ელის ამას.”

ასე ჩამოაყალიბა ელდარ შენგელაიამ იტალიელ ნეორეალისტთა მრწამსი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა 50-იან წლებში გაიზიარეს... საინტერესოა, რომ იტალიელ ნეორეალისტთა ფილმებიდან საბჭოთა გაქირავებაში პირველად ”პური, სიყვარული და ფანტაზია” მოხვდა... ჯინა ლოლობრიჯიდა ქართველი კინორეჟისორების კერპი გახდა - ქალი, რომელმაც ახალი მოდა დაამკვიდრა ჩვენში - ჯინას უამრავი ქართველი ქალი ბაძავდა. რეჟისორები კომენჩინის სტილის ნიუანსებს სწავლობდნენ, ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ ახერხებს იტალიელი რეჟისორი იუმორისა და სევდის შერწყმას... კინოკრიტიკოსი არჩილ შუბაშვილი ბუნებრივად მიიჩნევს ქართველი რეჟისორების გატაცებას ნეორეალიზმით - ხასიათი, ტემპერამენტი გვაახლოებსო, - ამბობს იგი ჩვენთან საუბარში:

[არჩილ შუბაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, კარგი თუ ცუდი ფაქტია, მთავარია, რომ გამოვიდა კარგი კინო... საერთოდ, ცნობილია, რომ ხასიათით, ტემპერამენტით, სამყაროს აღქმის უნარით ქართველები და იტალიელები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - თითქოს ბევრი რაღაც გვაერთიანებს - თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ნეორეალიზმი განვითარდა იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიზისი იყო.”

60-იან, 70-იან წლებში ლუიჯი კომენჩინი განსხვავებულ ჟანრში იწყებს მუშაობას - იღებს სოციალურად მძაფრ, ანტიფაშისტურ ფილმებს: ”ყველანი სახლებში”, ”ბუბეს საცოლე”, საბავშვო ფილმს ”პინოქიო”, რომელიც იტალიელ რეჟისორს შეერთებულ შტატებში მოუტანს აღიარებას... კომენჩინი იმასაც კი მიაღწევს, რომ დაითანხმებს ბეტ დევისს ითამაშოს ფილმში ”ბანქოს თამაში მეცნიერულად”, რის შედეგადაც ჰოლივუდთან დაიწყებს თანამშრომლობას. პრაქტიკულად არ დარჩენილა დიდი იტალიელი მსახიობი, ლუიჯი კომენჩინის ფილმებში რომ არ ეთამაშა - ალბერტო სორდი, ტოტო, ჯინა, ნინო მანფრედი... კომენჩინის ფილმი ”საცობი” ხომ, საერთოდ, გინესის რეკორდების წიგნში უნდა აღმოჩნდეს - 70-იანი წლების ამ მხიარულ და, ამავე დროს, ძალიან სერიოზულ ფილმში, რომლის პერსონაჟები მანქანების საცობში ხვდებიან და ასე, ”გაჭედილები”, ნელ-ნელა ავლენენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ... კომენჩინის ამ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინოპროექტში დაახლოებით 50 კინოვარსკვლავია გადაღებული. ”გადაღების დროს იგი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ ერთი დუბლი სრულიად საკმარისი ხდება... ასე სწრაფად არავინ მუშაობს და ასე არავინ ენდობა მსახიობებს” - აღნიშნა ფილმის პრემიერის შემდეგ ანი ჟირარდომ.

[არჩილ შუბაშვილის ხმა] ”აქ ხდება ისეთი ”სამწუხარო განშორება” - იტალიაში საუკეთესო მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, შეიქმნა საუკეთესო ფილმები. ქართული კინო კრიზისშია.”

არჩილ შუბაშვილი ამ ”სამწუხარო განშორებაში” იმას გულისხმობს, რომ 90-იანი წლების ქართულმა კინომ, ”არ გამოიყენა” ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, გაემიჯნა რეალობას, მაშინ როდესაც სწორედ რეალობა მოითხოვდა კინემატოგრაფიულ სახეებში ასახვას. არჩილ შუბაშვილის აზრით, ამის მიზეზი, ყველაფერთან ერთად, ისიცაა, რომ ნეორეალიზმი იმხანად უკვე დავიწყებული მიმართულება იყო, ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორებმა ბევრი არაფერი იცოდნენ თუნდაც ისეთ რეჟისორზე, როგორიც ლუიჯი კომენჩინია.

[მუსიკა. ჯინა]

ლუიჯი კომენჩინის გარდაცვალების შემდეგ მილანში, სადაც თავის დროზე რეჟისორმა იტალიური კინოს პირველი მუზეუმი დააარსა, ”დიდი მაესტროს” ფილმების ფესტივალი გაიხსნა. დიახ, ასე იხსენიებენ მას - ”დიდი მაესტრო”... იტალიელ კინემატოგრაფისტებსაც იმედი აქვთ, კომენჩინის ფილმების ნახვის შემდეგ ახალი თაობა ოდნავ სხვაგვარად შეხედავს რეალობას და გაიაზრებს, რომ ”პური” არაფერია, როცა მას ”სიყვარული” და ”ფანტაზია” არ ახლავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG