Accessibility links

logo-print

გაზის გაძვირებამ და კერძო ქონების ხელყოფამ პოლონეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი დაჩრდილა


საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი აირის ახალი ტარიფის დადგენამ და ამით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა



კვირის დასაწყისში უკანა პლანზე გადასწია ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები. ”გაზი გაძვირდა, ცხოვრების გეშინოდეთ” - ასეთი სათაური აქვს ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც ვკითხულობთ: ”გაზი თბილისში 51 თეთრამდე გაძვირდება, ხოლო რეგიონებში 48 თეთრიდან 53 თეთრამდე. შემოდგომაზე ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგების საკითხიც დადგება, რასაც მოჰყვება ფასების ზრდა ყველა სახის პროდუქტზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიღარიბის ზღვარი 60%-ს მიაღწევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს არწმუნებს, რომ საქართველო საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების სიაში აღმოჩნდება”, წერს ”რეზონანსი”.

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასების ზრდის გარდა, ქართული პრესა კვლავაც დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების ხელყოფის თემას. ”თბილისში ნგრევის ახალი ეტაპი იწყება. ამჯერად ხელისუფლების წარმომადგენლებს რიყეზე მდებარე რესტორნები არ მოსდით თვალში,” - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”. პუბლიკაციაში მოტანილია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარი. სუბარმა დანგრევის ”შავ სიაში” შეტანილი რესტორნების მეპატრონეებს და თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა: ”კომუნისტები რასაც აკეთებდნენ 20-იან-30-იან წლებში - განკულაკებას, დაახლოებით იგივეს მაგონებს ეს პროცესი, როდესაც ყოველგვარი კანონის გარეშე მიდიან საქალაქო სამსახურები ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ანგრევენ სხვის საკუთრებას”, - აცხადებს სახალხო დამცველი გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. თუმცა ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა მაქაცარია აცხადებს, რომ ის, რაც რიყეზე ხდება, არ არის კერძო საკუთრების ხელყოფა და სახელმწიფო მხოლოდ უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთს იბრუნებს.

თუმცა გაზეთ ”ალიას” მიხედვით, სახელმწიფო კერძო საკუთრების ჩამორთმევის პოლიტიკაში კიდევ უფრო შორს მიდის და აპირებს გაყიდოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოქმედი ეკლესია, რომელიც მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზეა. ”იცით რას გეტყვით - გაყიდონ თავიანთი პარლამენტი და მთავრობის სახლი. მაგათ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა ხომ არ ჰგონიათ. წმინდა ალაგას არავის შევაბღალინებთ,”- წერს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მღვდელთმსახური გაზეთ ”ალიასათვის” მიცემულ ინტერვიუში. თუმცა იმავე გაზეთში მოტანილია კულტურის მინისტრის მოადგილის ნიკა ვაჩეიშვილის სიტყვები, რომ საპატრიარქოს შეუძლია ოფიციალურად შეისყიდოს სადავო შენობა, რომელსაც სახელმწიფომ კულტურულ-ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
XS
SM
MD
LG