Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნებს ემსახურება საქართველოს პარლამენტში მომზადებული პროექტი ”პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან''


როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში არსებულმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური

რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, სახელწოდებით ”პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან”. 17 აპრილს ეს პროექტი პარლამენტარებს, ბიზნესმენებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. პროექტი 2 წელიწადზეა გათვლილი და კონფლიქტის ზონაში კონკრეტული ბიზნესპროექტების წამოწყებას ისახავს მიზნად. ცხინვალის რეგიონიდან ბიზნესინიციატივების დაფინანსების სურვილი გამოთქვეს მრეწველთა პარტიის ლიდერებმაც.

პროექტი ”პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან”, რომელიც საქართველოს პარლამენტში შემუშავდა, ძალაში შევა, როგორც კი ცხინვალის რეგიონში ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება. პროექტი სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ექვსი თვე თეორიულ დამუშავებას მოხმარდება, შემდეგ გარკვეული დრო - პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო თანხების მოძიებას და, ბოლოს, სრული რეაბილიტაციის ეტაპი დაიწყება. საქართველოს პარლამენტში არსებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, პროექტის პრეზენტაციას ეუთოს საპატიო პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განხილული იყო როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ეუთოში მომზადებული პროექტები.

[შოთა მალაშხიას ხმა] ”12 მილიონი უკვე გამოყო საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით. ცხადია, ყველამ იცის რა მიდგომები არის საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს პარლამენტი მზადაა გაამარტივოს აქ საინვესტიციო პირობები, ამიტომ ბიზნესისთვის საინტერესო იქნება ეს რეგიონი.”

შოთა მალაშხიას პროექტის მიხედვით, სულ ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. ამ პროექტის ფარგლებში, ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მინი ქარხნები და საწარმოები აშენდება და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ინტენსიურად უნდა დავიწყოთ ზონის რეაბილიტაცია, ეს ზონა მიმზიდველი უნდა იყოს ოსური მოსახლეობისთვისაც.”

ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკური პოტენციალით უკვე დაინტერესდა ცნობილი ბიზნესმენი და მრეწველთა პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე. ის და მრეწველთა პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, 17 აპრილს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას ეწვივნენ.

[გოგი თოფაძის ხმა] ”ამ რეგიონს სჭირდება ძალიან ბევრი დახმარება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გამოვყოფთ ნახევარ მილიონს.”

ეს განცხადება გოგი თოფაძემ ცხინვალის რეგიონის არაღიარებულ პრეზიდენტთან, დიმიტრი სანაკოევთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრით კმაყოფილი დარჩა თავად სანაკოევიც:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ჩვენ ერთად განვავითარებთ მოსახლეობისთვის ყველაფერს და მათთვის ყოველგვარ სიკეთეს შევქმნით. იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც გვეწვევიან.”(სტილი დაცულია)

წინასწარი ინფორმაციით, გოგი თოფაძე ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას აპირებს. მრეწველები კონფლიქტის ზონაში ჩასვლას ერთი კვირის შემდეგ გეგმავენ, რათა სანაკოევის ხელისუფლების მიერ მომზადებულ ბიზნესგეგმებს გაეცნონ.
XS
SM
MD
LG