Accessibility links

logo-print

გამოცხადდება თუ არა საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისგან თავისუფალ ზონად


საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტში გაიმართა დისკუსია თემაზე „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან მიღებული პროდუქციის

მდგომარეობა საქართველოში.“ შეხვედრის მიზანი მოდიფიცირებული ორგანიზმების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებული ინფორმაციის შეჯერება და საქართველოსთვის საკანონმდებლო დონეზე მისაღები გადაწყვეტილების ფორმულირების განსაზღვრა იყო. სწორედ ამ გარემოების გათვალისწიებით, დისკუსიაში, მეცნიერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტში დაწყებული მსჯელობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან მიღებული პროდუქციის კონტროლისა და რეგულირების შესახებ ამ საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო ფართო დისკუსიის საფუძველი უნდა გახდეს. ეს იყო შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი გზავნილი, რომლის ადრესატები, უმთავრესად, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა არიან. ამჟამად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია იმის კონტროლი, გამოყენებულია თუ არა იმპორტირებულ ანდა ადგილზე შექმნილ პროდუქციაში გენური ინჟინერია. ამასთანავე, საკანონმდებლო დონეზე გადასაჭრელია მთავარი საკითხი – გამოცხადდეს თუ არა საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად - ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, ვიდრე მეცნიერულად დადგინდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე.

[დიანა ძიძიგურის ხმა]“ რისკი, მე მოგიწოდებთ, ავირიდოთ, შევხედოთ დროს. თუკი ნახევარი ევროპა გამოცხადებულია დახურულ ზონად, ნუთუ ეს ამდენი ქვეყანა ესე დაუფიქრებლად აკეთებს ამას. იქნებ ამაზე კარგად დავფიქრდეთ, ავუხსნათ შესაბამის ორგანოებს, ხელისუფლებას, რომ ეს ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სიკეთისთვის არის და როცა დავრწმუნდებით, რომ ეს უვნებელია, მერე ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ, პატარა ქვეყნის ერი.“(სტილი დაცულია)

განაცხადა კონფერენციაზე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დიანა ძიძიგურმა, რომლის აზრით, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს საქართველოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შემოტანა. მის ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, იზიარებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში. სამინისტროს სპეციალისტის, მაკა წერეთლის, რწმენით, განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ბუნებაში განთავსებასა და გამრავლებაზე. რაც შეეხება გადამუშავებულ პროდუქციას:

[მაკა წერეთლის ხმა] “ ჩვენ სურსათზე, სურსათის უვნებლობაზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ერთადერთი, ჩვენ შეგვიძლია წინადადება შემოვიტანოთ, რომ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები იყოს შეზღუდული, დიახ, აკრძალული. ეს ჩემი პირადი პოზიციაა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება კარტახენას პროტოკოლს, რომელიც ორჯერ ჩააგდო პარლამენტმა, არის ის მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა. მაგრამ ორჯერ ჩააგდო პარლამენტმა და მესამე მცდელობაა და მე ეჭვი მეპარება, რომ გავიდეს.“(სტილი დაცულია)

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ხელმოწერილია ევროგაერთიანებისა და სხვა 162 სახელმწიფოს მიერ, 1992 წელს მიიღო. დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში 1994 წლის 21 აპრილს მოხდა. კონვენცია აღიარებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების წარუვალ ღირებულებას და ადასტურებს, რომ მისი შენარჩუნება კაცობრიობის საერთო ამოცანაა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უდგება ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი, რომლის რატიფიცირებისა და საქართველოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების თაობაზე კანონის მიღების ინიციატივით ბოლო დროს საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველები“ გამოვიდა. თუმცა, როგორც საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე გამოიკვეთა, საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მისულა და საკითხს კვლავაც სიფრთხილით ეკიდება.

[გიორგი გეგელაშვილის ხმა]“ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნეობაზე ერთი აზრი არ არსებობს ჯერ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომელსაც გამოვხატავთ მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მოვუსმენთ ყველა კომპეტენტურ პიროვნებას, როდესაც მომწიფდება უკვე აზრი იმის შესახებ, რომ ეს არის ჩვენთვის ბიოუბედურების მომტანი; თუ არ არის და, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა არის საზიანო. ჩვენ ყველას მოვუსმენთ, გავაგრძელებთ ამის შესახებ კონსულტაციებს და როდესაც ჩამოვყალიბდებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გეგელაშვილი. კონსულტაციები ამ თემაზე გრძელდება და, როგორც პარლამენტარები აცხადებენ, საკმარისი მტკიცებულებების წარდგინების შემთხვევაში, გადაწყვეტილება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების საქართველოში აკრძალვის შესახებ არ დააყოვნებს.
XS
SM
MD
LG