Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არტის პაბრიკსი.

ვიზიტის ფარგლებში, ლატვიელმა სტუმარმა გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები და ასევე მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, სახელწოდებით ”საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. ლატვია ამ გზაზე, ბალტიის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, – არაერთგზის აღნიშნა არტის პაბრიკსმა მასპინძლებთან. ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების უკეთ კოორდინაციისთვის 18 აპრილს თბილისში ლატვიის საელჩო გაიხსნა.

საქართველოში ლატვიის საელჩო ოფიციალურად 19 აპრილიდან შეუდგა საქმიანობას. ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ეგონს ნეიმანისი იქნება. ერთი თვის წინ რიგაში საქართველოს დროებითი რწმუნებული დაინიშნა. მომავალ წელს ლატვიაში საქართველოს საელჩოს გახსნაც იგეგმება, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის არტის პაბრიკსის უშუალო მასპინძელი სწორედ მისი ქართველი კოლეგაა. გელა ბეჟუაშვილმა საქართველოში ლატვიის საელჩოს გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა, რომ, დიდი და დაუღალავი შრომის შედეგად, ლატვიამ წარმატებით დაასრულა დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი და დამსახურებულად გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, საქართვლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლატვიის გამოცდილების გაცნობა. კოლეგა მინისტრების დახურულ კარს მიღმა საუბარი კი სამ ძირითად საკითხს შეეხო: ორმხრივი თანამშრომლობა - მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და, ბოლოს, გლობალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ენერგეტიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მოგვიანებით გამართულ ყველა შეხვედრაზე - მათ შორის, ჩვენთან საუბარშიც - არტის პაბრიკსმა აღნიშნა, რომ საქართველო, რეფორმების მხრივ, ლიდერია რეგიონში და ლატვია, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს მანამდე დაეხმარება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული.

[არტის პაბრიკსის ხმა]“ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ ლატვიის სრული მხარდაჭერა გაქვთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სიძნელეებს დაძლევთ და წინ წახვალთ. თქვენ არ გაქვთ არჩევანი, დარჩეთ ამ მდგომარეობაში ან უკან დაიხიოთ. თქვენი ერთადერთი არჩევანი წინ სვლაა. წინ კი ნიშნავს ჩვენთან, ლატვიასთან ერთად, სვლას ნატოსა და ევროპისაკენ.“

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს პარლამენტში, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ, განგვიცხადა. მისივე თქმით, ქალბატონ თავმჯდომარესთან საუბრის თემატიკა პრაქტიკულად გაგრძელება იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის თემატიკისა–„ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“ ამ სემინარზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არტის პაბრიკსი მოხსენებითაც გამოვიდა.

[კოტე გაბაშვილის ხმა]“ დღეს მისი გამოსვლა როუზ-როთის კონფერენციაზე იყო
არაჩვეულებრივი. ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ლატვიისგან, ძალიან სერიოზული, და ამის გაღრმავება ხდება ამ ვიზიტების საშუალებით. ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები. თქვენ ხედავთ, რა ტემპით მოიმატა ამ ყველაფერმა. ”

გვითხრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, რომელმაც, სხვა ქართველი პოლიტიკოსების დარად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენად შეაფასა, უმთავრესად იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოს ლატვიის მთავრობა უწევს.
XS
SM
MD
LG