Accessibility links

logo-print

საჭიროა თუ არა საქართველოში კანონმდებლობა კერძო საკუთრების შესახებ


თბილისში, რიყეზე, კვლავაც გრძელდება რესტორნებისა და სხვა ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მესაკუთრენი პროცესის რამდენიმე თვით გადაწევასა და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვენ.

მანამდე, ორიოდე თვით ადრე, თბილისის მერიის სამსახურებმა მეტროსადგურ დელისთან რამდენიმე კერძო შენობა დაანგრიეს, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კერძო საკუთრების დასაცავად ახალ კანონმდებლობას შეიმუშავებდა. როგორ მიმდინარეობს ამ დანაპირების შესრულების პროცესი და, საერთოდ, საჭიროა თუ არა საქართველოში ახალი კანონმდებლობა კერძო საკუთრების შესახებ?

თბილისში, რიყეზე, რესტორნების ნგრევის პროცესი 19 აპრილსაც გაგრძელდა და ამჯერად მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბულდოზერები რესტორან ”ნატვრის ხეს” მიადგნენ.

[კამათის ხმა] ”... ქართველები არა ხართ? არ გრცხვენიათ? ჯალათებივით რომ ექცევით ხალხს... სად წაიღო, კონდენციონერი რომ ჩაიდო მანქანაში...”(სტილი დაცულია)

ასეთი კამათი გაიმართა რესტორნის მესაკუთრესა და თბილისის მერიის წარმომადგენელს შორის. ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ აპირებს და კერძო მესაკუთრეთა ქონების ნგრევას განაგრძობს. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ავალიანის კომენტარი:

[დავით ავალიანის ხმა] ”დედაქალაქის მთავრობა არ იყო ვალდებული რაიმე შეთავაზება განეხორციელებინა მათთვის.”

მერიის ამდაგვარი საქციელის გამო ამტყდარი აჟიოტაჟის ჩასაქრობად მმართველი პოლიტიკური ძალა ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას დასთანხმდა და კერძო საკუთრების დასაცავად სპეციალური კანონის მიღების პირობაც დადო.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”გახსოვთ, რომ იყო ჩვენი მხრიდან სრული რწმუნება იმისა, რომ კომპენსაციები აუცილებლად იქნება გაცემული. და ეს ნამდვილად ასე მოხდება. ჩემი ამოცანა არის მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობასაც კი დაასრულებს.”

განაცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე. თუმცა ჯერჯერობით კანონპროექტი არსად ჩანს და კერძო საკუთრების ნგრევის პროცესი კი კვლავ გრძელდება.

სპეციალური კანონის მიღების აუცილებლობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აღნიშნავს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთი კერძო საკუთრების კანონიერებას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველაზე ისტორიულ ადგილზე, რომელიც ვერ გაანადგურა აღამაჰმადხანმაც კი, თბილისის მთავარ ადგილზე, აბანოთუბანში, ჩადგა უმახინჯესი, საეჭვო შენობა, 5 სართულია, უმახინჯესი დაწესებულება, რომელიც სადმე მსოფლიოში მინახავს და თქვა, რომ მისი იქ ყოფნა არის საკუთრების უმაღლესი გამოვლინება. ის არის კორუფციისა და უგემოვნობის გამოვლინება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გამოირჩეოდა მრავალი წლის განმავლობაში.” (სტილი დაცულია)

კერძო საკუთრების შესახებ ახალი კანონის შექმნის მთავარი მიზანი კი არა მესაკუთრის, არამედ დამნაშავე ჩინოვნიკის დასჯაა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის, განმარტება:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”წინადადება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო იმისკენ, რომ მოხდეს ლეგალიზაცია ამის და კერძო მესაკუთრეების მიმართ ყოველგვარი პასუხისმგებლობა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება თანამდებობის პირებს. თუ რომელიმე თანამდებობის პირს იმ პერიოდში აქვს ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლებრივი გზით, მაგრამ ეს არ უნდა ახდენდეს გავლენას საკუთრების უფლებაზე, რომელიც იმ დროს წარმოიშვა.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ერთი ნაწილი ზედმეტადაც კი თვლის კერძო საკუთრების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რადგან მიაჩნიათ, რომ კერძო საკუთრება კონსტიტუციითაა გარანტირებული და პრობლემას მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან კანონის მორჩილება და მისი აღსრულება წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG